The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


რაფიელ ინგილო-ივანიცკი

რაფიელ ინგილო-ივანიცკი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1886
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1966  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

რაფიელ ივანიცკი–ინგილო 1886 წ. 23 ივლისს დაიბადა სოფელ კახში. რაფიელის პაპა (სახელი უცნობია) რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ შამილს გამოქცევია, ჩამოსულა თბილისში, სადაც მეფისნაცვალ ვორონცოვის ამალის წევრს პოლკოვნიკ ივანიცკის უშვილებია, მოუნათლავს და გვარიც მიუცია. ასე დადებია სათავე ინგილო–ივანიცკის გვარს. რაფიელის მამა ალექსანდრე თბილისის სიონში მღვდალად კურთხევის შემდეგ საინგილოში გუმწესებიათ. ალექსნდრეს და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ (რაფიელი, ტარასი, აპოლონი, ვლადიმერი და სონია – მსახიობ გურამ საღარაძის ბებია).

რაფიელ ინგილო თავდაპირველად თელავის სასულიერი სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ – თბილისის გიმნაზიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ბარბარე ილიას ასულ ხარაშვილზე (სპეციალობით პროვიზორი) დაქორწინდა. წყვილს სამი ვაჟი შეეძინა – ლეონიდე, დიმიტრი და ირაკლი.

სამშობლოში დაბრუნებული რაფიელ ივანიცკი აქტიურ საზგოგდოებრივ მოღვაწეობას იწყებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1916 წლიდან ქართულ პერიოდულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მისი პუბლიცისტური წერილები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვდასხვა საკითხებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავისი მშობლიური კუთხის – საინგილოს და ქართველ ინგილოთა წინაშე მდგარი სხვადასხვა საკითხების გაშუქებას. რაფიელი პუბლიცისტურ წერილებს ხშირად „ინგილოს“ ფსევდონიმით აქვეყნებდა. რაფიელთან ერთად მისი ძმებიც, მღვდლები – ტარასი, აპოლონი და ვლადიმერი დიდად იღწვოდნენ საქართველოს ძირძველი კუთხის საინგილოს კულტურული დაწინაურებისათვის და იქ ქრისტიანული რწმენის აღდგენისათვის.

1917 წლის ივნისში რაფიელ ივანიცკი შევიდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში. იყო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და მდივანი. აქტიურად თანამშრომლობდა ამავე პარტიის გაზეთში „საქართველო“ და ფაქტიურად ერთი წლის განმავლობაში მისი2, რედაქტორი იყო.

რაფიელ ინგილო არჩეული იყო საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრად და მდივნად. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა–გამოცხადების საქმეში. პარალელურად აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის (1918 წ. 26 მაისი) შემდეგ დამფუძნებელ კრებაში არჩეული იქნა საინგილოს დეპუტატად. 1918-20 წლებში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში მკაცრად ამხელდა ხელისუფლების სათავეში მოსული სოციალ–დემოკრატების კოსმოპოლიტურ პოლიტიკას.

1921 წ. თებერვალში საქართველოში ათეისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ბოლშევიკური რეჟიმის დამყარება მიუღებელი იყო რაფიელ ინგილოსათვის. 1921 წ. 5 ივლისს მან ხმა აღიმაღლა იმ ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომლის ძალითაც საინგილო აზერბაიჯანის სსრ გადაეცა. ამ საკითხთან დაკავშირებით 1921 წ. 3 სექტემბერს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებაზე სიტყვითაც გამოვიდა. მისი აზრით, ტერიტორიულ მოწყვეტასთან ერთად საინგილოს მართლმადიდებელი მრევლიც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის გარეშე დარჩებოდა. სამწუხაროდ რაფიელ ინგილოს შიში გამართლდა და 1923 წ. ზაქათალის ოლქის მართლმადიდებელი მრევლი რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოექცა. 1922 წ. თებერვლის პირველ რიცხვებში რაფიელ ინგილო დააპატიმრეს, დაპატიმრების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლებელია მიზეზი მესამე საეკლესიო კრებაზე მისი რადიკალური გამოსვლა ყოფილიყო. 1922 წ. 24 მარტს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ ხელისუფლებას წერილობით მიმართა და თხოვა რაფიელ ინგილოს განთავისუფლება. როგორც ჩანს მთავრობამ დააკმაყოფილა საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქის თხოვნა და 1922 წლის მეორე ნახევარში რაფიელი ემიგრაციაში გაემგზავრა.

ევროპაში რაფიელ ინგილო ცოტა ხანს გერმანიაში (ბერლინი) ცხოვრობდა, შემდეგ ვენაში, 1924-1948 წლებში – რომში. იგი, როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი რომის პაპის კარზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ითვლებოდა. საქართველოში დარჩენილ ახლობელთაგან მხოლოდ თბილისში დარჩენილ ცოლ–შვილთან ჰქონდა მიმოწერა.

ემიგრაციაში რაფიელ ინგილო აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. თანამშრომლობდა და პუბლიკაციებს აქვეყნებდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ გაზეთებში – „დამოუკიდებელი საქართველო“, „სამშობლო“.

რაფიელ ინგილო დაახლოებული იყო ემიგრაციში მყოფ მუხრანელ ბაგრატიონთა სამეფო შტოს წარმომადგენელ ირაკლი ბაგრატიონთან, რომელმაც 1940 წ. წელს ცოლად შეირთო იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკუინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III სასახლის ინიციატივით და ხელშეწყობით  რაფიელმა 1942 წ. იტლიურ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“ („La Georgia e il suo bardo Scioto Rustaveli“). ნაშრომს თან ახლდა „ვეფხისტყაოსნის“ შემოკლებული თარგმანი და გაფორმებული იყო რომის ოპერის თეატრის ქართველი მხატვარ–დეკორატორის გიორგი აბხაზის ილუსტრაციებით.

1944 წლის 22 თებერვალს მარია ანტუანეტა პასკუინი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ირაკლი ბაგრტიონმა იტალია დატოვა და მადრიდში გადავიდა, სადაც 1946 წლის 29 აპრილს იქორწინა ესპანეთის მეფის ალფონსო XIII დისშვილზე, ინფანტა მარი–მერსედეს დე ბავიერ–ბურბონზე. მადრიდში დამკვიდრებულ ირაკლი ბგრატიონისა და იქ მყოფი ქართველების სურვილი იყო ქართული ეკლესიის გახსნა, რომლის ხელმძღვანელობა მღდვლად კურთხევის შემდეგ რაფიელ ინგილოს უნდა დაკისრებოდა. 1948 წ. პარიზში კონსტანტინოპოლოს მსოფლიო პატრიარქის ლოცვა–კურთხევით რაფიელ ინგილო ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად ეკურთხა და გამწესებულ იქნა ირაკლი ბაგრატიონისა და ქართველ ემიგრანტთა მიერ დაარსებულ მადრიდის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინმძღოლად. მალე იგი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. მამა რაფიელის მრევლი მრავალეროვანი იყო. ქართველებთან ერთად ტაძარში რუსები, ბერძნები, ბულგარელები და სერბები დადიოდნენ. წირავდა და გალობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე.

სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად რაფიელ ინგილო აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ რადიოსა და მიუნხენის რადიო „თავისუფლების“ ქართულ განყოფილებასთან, სადაც რელიგიურ თემებზე ხშირად გამოდიოდა მსმენელის წინაშე.

სიცოცხლის ბოლო წლებში რაფიელ ინგილოს ჯანრთელობა შეერყა და პარიზში მოისურვა გადასვლა,  სადაც 1966 წლის 27 ივნისს გრდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. თბ., 2003. . 3. - გვ. 103-107.

2. ჭუმბურიძე, დოდო. ისტორიული პორტრეტები : დასაწყისი XX საუკუნისა. თბ., 2008.- გვ. 177-208.

3. ფეიქრიშვილი, ჟ. (ჟუჟუნა). მე და ჩემი ეკლესია : [წერილები]. თბ., 2014.- გვ. 19-20.

4. პაპიაშვილი, ვასილ. ჰერეთის ისტორია : მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა. - თბ., 2012. - გვ. 113

5. ბუბულაშვილი, ელდარ. რაფიელ ივანიცკი-ინგილოს ბიოგრაფიისათვის / ელდარ ბუბულაშვილი // რელიგიის ისტორიის საკითხები / საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. - თბილისი, 2010. – გვ. 179-191. 


გააზიარე: