The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სტეფანე კასრაძე

სტეფანე კასრაძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:194?
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

სტეფანე კასრაძე XX საუკუნის 20-იანი წლების  ქართული მხატვრული პროზის მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი, იმედის მომცემი და ნიჭიერი პროზაიკოსი იყო. მისმა სახელმა პირველად 1926 წელს თბილისში გამომავალ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ფურცლებზე გაიელვა, სადაც დაიბეჭდა მისი ავანგარდისტული პროზის მშვენიერი ნიმუში „გვართ–სამხილავი“. აღსანიშნავია, რომ სტეფანე კასრაძეს „მემარცხენე ხედვის“ პროზაიკოსად მიიჩნევდნენ თვით მემარცხენეები.

1926-28 წლებში თბილისში გამომავალ ჟურნალებში – „ქართული მწერლობა“, „მნათობი“, „მემარცხენეობა“ გამოქვეყნდა ახალგაზრდა მწერლის კიდევ რამოდენიმე მოთხრობა („ზღვა“, „უდაბურობა“, „მეჯინიბე“, „მებადურთუბანი“, „ქალაქის კუჭი“), რომელთაც მაშინდელი ქართული სალიტერატურო კრიტიკის მოწონება ხვდა წილად.

სტეფანე კასრაძე ეწინააღმდეგებოდა და პირად ტრაგედიად აღიქვამდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციას, თუმცა ემიგრაციში მოგვიანებით წავიდა. 1928 წლის ბოლოს თუ 1929 წლის დასაწყისში სტეფანე კასრაძემ ფარულად გადალახა საზღვარი და აჭარიდან გადავიდა თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა და როგორც ჩანს ქალაქ სოშოში დამკვიდრდა, სადაც უკვე არსებობდა ქართული დიასპორა. ემიგრაციაში ჟურნალ „კვკასიონში“ დაიწყო თანამშრომლობა და 1929 წლის №1-ში დაიბეჭდა ეტიუდი „საზღვარზე გადასვლა“,  სადაც მხატვრულადაა აღწერილი ემიგრაციაში წასვლა.

საფრნგეთში წერას აგრძელებს, თუმცა თემატიკა საკმაოდ შეზღუდულია და უახლესი წარსულის ქართულ სინამდვილეს დასტრიალებს. ამ პერიოდში დაიწერა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ბაჯადო“ და „მწუხარების აღფრთოვანება“, აგრეთვე რომანი „თარი–არალე“, რომლის პირველი ნაწილიც 1939 წ.  პარიზში წიგნად გამოიცა. 1944 წელს მწერლის სიკვდილის შემდეგ რომანის ორივე ნაწილი დაიბეჭდა ბერლინში გამომავალ ჟურნალში „ქართველი ერი“.

II მსოფლიო ომის დროს, ანუ საფრანგეთის ოკუპაციის წლებში, სტეფანე კასრაძე თავის მეგობარ დათიკო ღუდუმიძესთან ერთად, იძულებული ხდება თავის თავზე აიღოს ქართველი ახალგაზრდების მიერ ჩადენილი მკვლელობა ეროვნებით რუსი ოფიცრისა, რითაც დაღუპვისგან იხსნის უამრავ ადამიანს. სტეფანე კასრაძე და დავით ღუდუმიძე სასჯელის უმაღლესი ზომით, დახვრეტით დასაჯეს. ეს ინფორმაცია მკითხველს ვიქტორ ნოზაძემ მიაწოდა, როდესაც 1964 წელს განახლებულ ჟურნალ „კავკასიონში“ გამოაქვეყნა 1941 წლით დათარიღებული სტეფანე კასრაძის უკანასკნელი მოთხრობა „ბაჯადო“ შემდეგი მინაწერით: „სტეფანე კასრაძე დაიღუპა უკანასკნელი ომის დროს, აღმოსავლეთის ფრონტზე. იგი დახვრიტეს გერმანელებმა, მან და დათიკო ღუდუმიძემ თავის თავზე მიიღეს ის სამხედრო დანაშაული, რაც ქართველმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს და ამგვარად ათეული კაცი გადაარჩინეს. ეს იყო მათი მხრივ დიდი გმირობა და თავის გაწირვა მოყვასისათვის“...

წყარო: 

1. კუპრეიშვილი, ნონა. სტეანე კასრაძე : ავანგარდიზმიდან მხატვრულ-დოკუმენტურ პროზამდე / ნონა კუპრეიშვილი // VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ლიტერატურა დევნილობაში : ემიგრანტების მწერლობა (მე-20 ს. გამოცდილება. ნაწ. 1 / "ლიტერატურა დევნილობაში, ემიგრანტების მწერლობა", საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (7, 2013, თბილისი). - თბილისი, 2013. - გვ. 442-450.

2. კუპრეიშვილი, ნონა. ბოთლში ჩადებული წერილივით : სტეფანე კასრაძე / ნონა კუპრეიშვილი // სიტყვის დეგუსტაცია / ნონა კუპრეიშვილი. - თბილისი, 2013. - გვ.52-58

3. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია . - თბ., 2003. - . 3. – გვ. 112-118


გააზიარე: