The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე კინწურაშვილი

ალექსანდრე კინწურაშვილი
Date of birth:1900
Date of death:25 June, 1976  (at 76 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

ყოფილი იუნკერი, კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებისა და ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლების მონაწილე ალექსანდრე კინწურაშვილი 1900 წელს დაიბადა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, იგი ემიგრაციაში გაჰყვა გახიზნულ მთავრობას. ალექსანდრე კინწურაშვილი ერთ–ერთია იმ ხუთ იუნკერს შორის, რომლებიც გენერალ გიორგი კვინიტაძის რეკომენდაციით სენ–სირის სახელგანთქმულმა სკოლამ მიიღო. სენ–სირის აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს იგი ლეიტენანტის წოდებით უცხოურ ლეგიონში გაამწესეს. მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ალჟირში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროისთვის ალექსანდრე კინწურაშვილი მაროკოში იმყოფებოდა. ამას მოჰყვა ალჟირი და ლიბია. აქტიურად მონაწილეობდა ელ–ალამეინის ცნობილ სამხედრო ოპერაციაში, რისთვისაც „გათავისუფლების ჯვარი“ დაიმსახურა. მეორე მსოფლიო ომის წლებშივე მიიღო მან ჯერ კომანდანის, შემდეგ კი კოლონელის მაღალი წოდებები.

ალექსანდრე კინწურაშვილს მხედრული დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა სხვა უმაღლესი ჯილდოებიც: საპატიო ლეგიონის ორდენი, „დიდი კომანდორის“ ჯვარი, რამდენიმე ბრიტანული ორდენი და მრავალი მედალი.

თადარიგში გასვლის შემდეგ, 1950–იანი წლების დამლევს დაინიშნა პარიზის ქართული ოფისის დირექტორად. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჭიჭიკო (სოსიპატრე) ასათიანი.

ალექსანდრე კინწურაშვილი გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, 1976 წლის 25 ივნისს. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. დაკრძალვას დაესწრო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის საპატიო ყარაული, არმიის ვეტერანთა სახელით სიტყვა წარმოსთქვა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა ჟან ოლეიმ.  

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან. ალექსანდრე კინწურაშვილი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 35

** Suggested ქეთევან კინწურაშვილი in 2016-05-26 15:21:51 **

ფოტოზე გამოსახული ბატონი არ გახლავთ ალექსანდრე კინწურაშვილი. ამ ფოტოზე ის დგას უკანა რიგში, მარჯვნივ.

ის გახლდათ ჩემი ბაბუის ძმა. მე შემიძლია მოგაწოდოთ სხვა დოკუმენტებიც და  ფოტოებიც მისი გამოსახულებით.  

პატივისცემით,

ქეთევან კინწურაშვილი

ქალბატონო ქეთევან, ეს ინფორმაცია აღებული გვაქვს  წიგნიდან "ქართველები უცხოეთში", – წ. 1. – 2012. – გვ. 220. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი დოკუმენტები და ფოტოები, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველოლოგიის გაყოფილება. 


Share: