The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


სევერიან ჭირაქაძე

სევერიან ჭირაქაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1975  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

სევერიან ჭირაქაძე დაიბადა 1900 წლის 15 იანვარს, სოფელ გოდოგანში, გელათის ახლოს. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რის შემდეგაც თბილისის უნივერსიტეტი დაამთავრა.

ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაება პოლიტიკურ მოძრაობაში და საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ კვლავ გააგრძელა ამავე პარტიაში მუშაობა, რის გამოც მრავალი დევნა, დატუსაღება და არალეგალური ცხოვრების სიდუხჭირე განიცადა. საბოლოოდ იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში გახიზნულიყო. დასახლდა საფრანგეთში.

სევერიან ჭირაქაძე დიდი ერუდიციისა და განათლების მქონე ადამიანი იყო. ემიგრაციაში ეწეოდა ფართო პოლიტიკურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერების – სპირიდონ კედიასა და ალექსანდრე ასათიანის გარდაცვალების შემდეგ, იგი ელისე პატარიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საფრანგეთის ორგანიზაციას. როგორც ჟურნალისტი მოღვაწეობდა ემიგრანტულ ჟურნალ გაზეთებში. იყო ჟურნალ „ახალი ივერიის“ (1927–1939) ერთ–ერთი რედაქტორი, მოგვიანებით თანამშრომლობდა „ივერიასა“და „კავკასიონში“, „ქართულ აზრსა“ და „თავისუფლების ტრიბუნაში“.  

ფრანგმა სცენარისტმა და რეჟისორმა არმან გატიმ 1975-77 წლებში გადაიღო დოკუმენტური ფილმი – „ლომი, მისი გალია და მისი ფრთები“, რომელიც ასახავს საფრანგეთის ქალაქ მონბელიარში მცხოვრები და „პეჟოს“ საავტომობილო ქარხანაში მომუშავე ემიგრაციის ყოველდღიურობას. ფილმი შედგება პროლოგის, ეპილოგისა და 6 დამოუკიდებელი ნაწილისგან, რომელთაგან ერთ-ერთი - „ქართველად ყოფნის სირთულე“ - ეძღვნება ქართულ ემიგრაციას. ფილმში ქართველი ემიგრანტები სევერიან ჭირაქაძე, შარლ ზედგინიძე და შოთა ქურციკიძე საუბრობენ იმ რთულ გზაზე, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ 1921 წელს საქართველოდან წასვლის შემდეგ განვლო.

სევერიან ჭირაქაძე მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ვალენტინეში (სოშოსთან ახლოს) და მრავალი წლის განმავლობაში იყო სოშოს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი. მისი ვაჟი დაოჯახებულია, ქ. მონბელიარის ადგილობრივი მუზეუმის გამგეა და ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ხელმძღვანელობს.

სევერიან ჭირაქაძის პიროვნების დასახასიათებლად მოვიყვანთ ერთ ფაქტს, რომელიც ცხადყოფს სამშობლოსადმი მის სიყვარულსა და მონატრებას. ჭირაქაძეების გვარი, წარმოშობით არის სოფელ ხახულიდან (სამხრეთი საქართველო, დღევანდელი თურქეთი). XII საუკუნის I ნახევარში ხახულის ღვთისმშობლის ხატი გელათში გადმოუსვენებიათ. ჭირაქაძეები წამოჰყოლიან ხატს და დასახლებულან გელათში. XX საუკუნის 20-იან წლებამდე ამ გვარის წარმომადგენლები სასულიერო წოდების მატარებლები იყვნენ; ეტიმოლოგია ფუძეში გამოგვაყოფინებს თურქულ çirak — „მსახურს“, „ყმას“; სავარაუდოდ, გვარის სემანტიკური ფუძე შეიძლება იყოს „ხატის ყმა“ (ალბათ იგულისხმება „ხახულის ღვთისმშობლის ხატის ყმა“); როგორც ჩანს სევერიან ჭირაქაძე კარგად იცნობდა ჭირაქაძეების გვარის ისტორიას, რადგან  თავის ერთადერთ ვაჟს სახელად ხახული დაარქვა.

სევერიან ჭირაქაძე გარდაიცვალა 1975 წლის 25 ნოემბერს, პარიზში. დასაფლავებულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ჟურნალი "ახალი ივერია" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია :

ტ. 2 / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.510-655.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ჭირაქაძეები


გააზიარე: