The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი სინჯიკაშვილი

დიმიტრი სინჯიკაშვილი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 1976  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილი (სინდიკელი, სინჯიყელი, შინჯიკელი–შინჯიკაშვილი) დაიბადა კახეთში, სოფელ ვაქირში. მამა - ალექსანდრე სინჯიკაშვილი, დედა - ელიზავეტა სინჯიკაშვილი. დიმიტრი ნაბოლარა იყო. ჰყავდა უფროსი და – ანა, ძმები – ივანე და ნიკოლოზი. პირველდაწყებით სკოლაში სწავლობდა სიღნაღში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო თბილისში, სადაც მისი ოჯახი გადასახლდა.

დიმიტრი ბავშვობიდანვე ჩაება არალეგალურ მუშაობაში, რაც ალბათ მისი უფროსი ძმის, ვანოს გავლენით მოხდა, რომელიც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდათა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. ვანო 1924 წელს დახვრიტეს ჯალათებმა. ძმის დაკარგვამ პატრიოტ ახალგაზრდას კიდევ უფრო გაუძლიერა სამშობლოს სიყვარული და მტრის სიძულვილი. იგი ეროვნულ–დემოკრატთა თბილისის ახალგაზრდათა ორგანიზაციის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრი გახლდათ.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დიმიტრი სინჯიკაშვილი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გახიზნულიყო. საფრანგეთში ჩასული დაუყოვნებლივ ჩაება პარტიულ–პოლიტიკურ მუშაობაში. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მონაწილეობდა არალეგალური ფურცლების ბეჭდვაში და ასე თუ ისე წარმოდგენა ჰქონდა ბეჭდვის საქმეზე. ეს გამოცდილება ემიგრაციაში გამოადგა, ასოთამწყობობას დაეუფლა და ქართული ემიგრანტული ჟურნალებისა და წიგნების აწყობას შეუდგა. ასე გახდა იგი  საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის „ახალი ივერიის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი. ჟურნალი გამოდიოდა 1927-1939 წლებში, გამოიცა 12 ნომერი. 

მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი ჯერ ფრანგულ ჯარში იყო გაწვეული და გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა. განთავისუფლების შემდეგ რუსების წინააღმდეგ გერმანიის მხარეს მოქმედ ქართულ სამხედრო ერთეულში ირიცხებოდა. ომის დამთავრების შემდეგ ორიოდე წელი იტალიაში დაჰყო, საიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

1955 წელს დიმიტრი სინჯიკაშვილმა, ნიუ–ორკში, ქართული სტამბა დააარსა, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დეკემბერში ნიუ–იორკში გამოსცა დიდი ფორმატის  გაზეთი „ქართული აზრი“. ეს იყო ამერიკაში სტამბურად დაბეჭდილი პირველი ქართული ყოველთვიური გაზეთი. მის დაფუძნებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ: გ. გაბლიანი, ს. კაიშაური, გ. ზალდასტანიშვილი, გ. ლოლუა და ალ. ცომაია.1974 წლის ოქტომბრამდე 97 ნომერი გამოვიდა და მის ფურცლებზე მრავალი საინტერესო მასალა გამოქვეყნდა. გაზეთი ევროპაშიც ვრცელდებოდა და ემიგრანტთა მაღალ შეფასებას იმსახურებდა. 1957 წელს პირველი ტალღის ემიგრანტის – ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ, დიმიტრი მარტო უშვებდა გაზეთს. დღისით ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი დაღლილი, ლინოტიპს უჯდა და თვითონვე აწყობდა მასალებს, ხშირად ღამეებსაც ათენებდა. მიუხედავად ამისა სტატიების წერასაც ახერხებდა. გაზეთის გარშემო ეროვნულ–დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგარი ქართველები იყვნენ გაერთიანებულნი.

დიმიტრი სინჯიკაშვილის სტამბაში „ქართული აზრის“ გარდა დაიბეჭდა გაზეთი „ქართველი ერი“, ჟურნალი „კრებული“ და არაერთი ქართული წიგნი.

1950–1970–იან წლებში ამერიკაში დაარსებული ქართული სტამბის, პერიოდიკისა და წიგნების გამოცემა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებაში და ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მათ დიდი როლი შეასრულეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციის, ამერიკული საზოგადოების აზრის ფორმირებისა და ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციის საქმეში.

დიმიტრი სინჯიკაშვილი ინგლისურენოვან პრესაშიც მოღვაწეობდა. 1953 წლის იანვრიდან, ნიუ–იორკში ალ. ცომაიას რედაქტორობით გამოდიოდა ინგლისურენოვანი ჟურნალი „Thi Voise of Free Georgia“ („თავისუფალი საქართველოს ხმა“), რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვა ემიგრანტები. სულ გამოვიდა რვა ნომერი.

დიმიტრი სინჯიკაშვილი გარდაიცვალა 1976 წლის 26 ივნისს, ნიუ–იორკში. დაასაფლავეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ჟურნალი "ახალი ივერია" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 2 / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.510-655.

2. დაუშვილი, რუსუდან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : ქართული სტამბა და გამოცემები ამერიკაში // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილის, 2014. - გვ. 71-76


გააზიარე: