The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ კარისტი

ოფიციალური სახელი:ვასილ ხარისჭირაშვილი
დაბადების თარიღი:1938  (86 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, საფრანგეთის ხელოვნების ორდენის კავალერი ვასილ ხარისჭირაშვილი (კარისტი) დაიბადა 1938 წელს პარიზში, დავით ხარისჭირაშვილისა და თამარ ჯაველიძის ოჯახში.

ვერმახტის ეფრეიტორი დავით ხარისჭირაშვილი 1942 წლის დეკემბერში სუკ–ის რაზმთან შეტაკებისას, ცაგერის რაიონში დაიღუპა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში შექმნილი ქართველ ემიგრანტთა ერთ–ერთი დივერსიული ჯგუფის „თამარ I“-ის წევრი გახლდათ. ამ ჯგუფების ამოცანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად შემოღწევა, რათა მოსახლეობისთვის განემარტათ ვერმახტის ქართული ლეგიონების საბოლოო მიზანი – საქართველოს გამოხსნა საბჭოთა იმპერიის ბრჭყალებიდან.

ვასილ ხარისჭირაშვილი მცირეწლოვანი იყო, როცა მამა დაეღუპა. მამით დაობლებულ ბავშვს მზრუნველობას არ აკლებდა ქართული ემიგრაცია.

საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ვასილ კარისტმა წარმატებით დაამთავრა პარიზის (სორბონის) უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. აქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი და დაიწყო უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიური, კვლევითი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. მცირე ხნის შემდეგ მიიწვიეს პარიზის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში – „ალზასურ სკოლად“ სახელდებულ სასწავლებელში, სადაც მას წლების მანძილზე მიჰყავს ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის კურსი.

პარალელურად, ვასილ კარისტი არის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი. მის ლიტერატურულ ესეებს, ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილ სტატიებს შეხვდებით საფრანგეთისა და ევროპის არაერთ ცნობილ გამოცემაში. იგი პოპულარულ ჟურნალ „ფიგაროს“აქტიური თანამშრომელი გახლავთ.

ვასილ ხარისჭირაშვილი ხშირად სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ყველგან, სადაც კი ფეხს დაადგამს, აუცილებლად ეწევა მშობლიური ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას. მისმა გაკვეთილებმა და საჯარო ლექცია–საუბრებმა არაერთი ევროპელი დააინტერესა საქართველოს ფენომენით. სწორედ მისი ორგანიზებით ჩატარდა ბონის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის წამყვანმა ქართველოლოგებმა.

ფუნდამენტური მონოგრაფიები მიუძღვნა ვასილ კარისტმა როგორც „ვეფხისტყაოსანს“, ისე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. 1990 წელს პარიზის გამომცემლობა ”Editions du Droit”–ში გამოვიდა ვასილ კარისტის სქელტანიანი რომანი „ითაკა, ანუ მშვენიერი მოგზაურობა“ („Ithaque ou le beau voyage”). ეს წიგნი, რომელიც მალე ბესტსელერად იქცა, საქართველოსადმი უდიდესი სიყვარულითა და თაყვანისცემით არის გამსჭვალული. თხზულების მთავარი გმირის ალფრედის თავგადასავალი ავტორის თავგადასავალია. რომანში აღწერილია როგორც ადრე დაღუპული მამის ცხოვრება, ისე ცხოვრება უსაზღვრო ნოსტალგიის გრძნობით შეპყრობილი ქართული ემიგრაციისა. რომანს ფართო გამოხმაურება ჰქონდა ფრანგულ პრესაში.

აღსანიშნავია, რომ ვასილ კარისტი დიდი ქართველი მამულიშვილის პეტრე ხარისჭირაშვილის ბადიშის შვილია.

წყარო: 

1. ურუშაძე ლევან. გამოჩენილი მკვლევარი – ლიტერატურისმცოდნე და მწერალი ვასილ კარისტი (ვ. ხარისჭირაშვილი) // ურუშაძე, ლევან. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია . - თბ., 2005.– გვ. 54–57.


გააზიარე: