The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1968  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვო–დივეევოს რუსული მონასტერი, ნიუ–იორკი, აშშ
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი ალექსანდრე ამილახვარი დაიბადა 1880 წლის 20 ოქტომბერს, ქ. გორში, ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე ამილახვარი (1846–1902), დედა – მარია ალექსანდრეს ასული პრევოსტი (1850–1899).

ალექსანდრემ დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი — პაჟთა კორპუსი. მან ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა დრაგუნთა ქართულ პოლკს. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914–1916 წლებში მსახურობდა „ველურ დივიზიაში“. რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისში დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. სამხედრო კარიერა რუსეთის არმიაში პოლკოვნიკის ჩინით დაამთავრა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით.

1917 წლიდან ალექსანდრე ამილახვარი თბილისში მოღვაწეობდა. 1921 წელს  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი პარიზში გადასახლდა. თანამშრომლობდა ემიგრაციულ ჟურნალ-გაზეთებში. 1924 წელს იყო „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1926 წლიდან აქტიურად ჩაება „პრომეთეისტულ“ მოძრაობაში. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესა და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანკოს მხარეზე. 1937 წელს ესპანეთში მძიმედ დაჭრილი იტალიის ტახტის მემკვიდრე, გაეტან დე ბურბონი, ალექსანდრე ამილახვარს გადაურჩენია და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია. 1945–1954 წლებში ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან — ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ნიუ–იორკის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე.

1902 წელს ალექსანდრე დაქორწინდა ბარონესა სესილია ელენა ფონ გროტგუსზე (1872–1934). 1906 წელს შეეძინა ქალიშვილი რუსუდანი (დანა).

ალექსანდრე ამილახვარი გარდაიცვალა 1968 წლის 21 აგვისტოს ნიუ-იორკში. დაკრძალულია იქვე, ნოვო-დივეევოს რუსულ მონასტერში.

წყარო: 

1. ამილახვარი ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.17. 

2. https://ka.wikipedia.org/.../ალექსანდრე_ამილახვარი_(პოლკოვნიკი)

3. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:679088

4. diaspora.gov.ge/?p=2350




გააზიარე: