The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ ვეშაპელი

გრიგოლ ვეშაპელი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ვეშაპიძე
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1926  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლო, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე) 1891 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, სოფელ საირხეში, შორაპნის მაზრაში (დღევანდელი საჩხერის რ–ნ). წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიჭიერ ახალგაზრდას სტიპენდია დაუნიშნა და სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გაგზავნა. სტუდენტობისას აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის ლიტერატურულ ცხოვრებაში. ყურადღებას იპყრობდა, როგორც ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ორგანიზატორი და პუბლიცისტი. ეროვნულ–დემოკრატიული აზროვნების მქონე ახალგაზრდა იმთავითვე ჩაება 1915 წელს დაარსებულ გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში, წერილებს წერდა იმ დროისათვის ყველაზე უფრო აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებზე. ამ წლებში დაწერა  რამდენიმე შრომა ქართულ და რუსულ ენებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია „საქართველო და ლაზისტანი“ და „საქართველოს შეერთება რუსეთთან“. 1916 წელს გრიგოლ ვეშაპელმა მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა.  ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი სამშობლოში დაბრუნდა. იგი იყო ერთ–ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ახლად დაარსებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიისა დ ამავე პარტიის ორგანოს „საქართველოს“ რედაქტორი. 1917 წელს გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სათათბირო ორგანოს – სეიმის წევრად. ასევე იყო ეროვნული საბჭოს წევრი, რომელიც მისი ინიცაიტივითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ. 26 მაისი) გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად – საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. პარლამენტში იგი შევიდა, როგორც დამოუკიდებელი ნაციონალურ–დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, რომლის ორგანო იყო გაზეთი „კლდე“.

გრიგოლ ვეშაპელი აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმინობაში. 1917 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, 1918-1920 წლებში - „კლდეს“ (1919 წ. გაზეთი ზოგჯერ „სალი კლდის“, „პიტალო კლდის“ სახელით გამოდიოდა), 1920 წელს - გაზეთ „ნაციონალისტს“, ხოლო 1920-1921 წლებში - „მიწას“. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი შეუპოვრობითა და ეროვნული პრობლემისადმი მწვავე დამოკიდებულებით. 

ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო გრიგოლ ვეშაპელი გაემიჯნა ძირითად პარტიულ ბირთვს და შექმნა „მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია“, რომლის ორგანოსაც ასევე მისი რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „მიწა“ წარმოადგენდა. მისი მოადგილე იყო გიორგი ლეონიძე, რომელმაც 1920 წლის რამდენიმე ნომერს გრიგოლ ვეშაპელის ნაცვლად მოაწერა ხელი.

გრიგოლ ვეშაპელის შეუპოვარი ხასიათი, მტკიცე ნებისყოფა, პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი ნათლად ჩანს მის პუბლიცისტიკაში, რომელიც 1918-1921 წლების ქართულ ეროვნულ პრესაში ასე უხვად იბეჭდებოდა.

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ გრიგოლ ვეშაპელს თავზარი დასცა. ის ემიგრაციაში არ გაჰყოლია საქართველოს მთავრობას, რომლის უნიათო მოქმედებასაც აბრალებდა ნაწილობრივ ამ დიდ ეროვნულ მარცხს.  რამოდენიმე თვე ბათუმში დარჩა, შემდეგ სტამბოლში იმყოფებოდა, შემოიარა ევროპის ქვეყნები და ბოლოს პარიზში ჩავიდა.  ეწეოდა ფართო ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას, როგორც დამოუკიდებლად ისე ემიგრანტულ მთავრობასთან ერთად. გრიგოლ ვეშაპელი რევაზ გაბაშვილთან და დავით ვაჩნაძესთან ერთად მონაწილეობდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ მუშაობაში, როგორც ედპ–ეს წევრი. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო 1922 წლის ვაშინგტონის კონფერენციაზე.

1923 წლის დეკემბერში ედპ–ს მთავარმა კომიტეტმა გრიგოლ ვეშაპელის პერსონალური საკითხი განიხილა შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო.  1924 წლის მაისიდან გრიგოლ ვეშაპელი უპირისპირდება საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას, იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო მთვარობის მიერ აჯანყების მომზადებისა და გახორციელებისა ისეთ პირობებში, როდესაც მათ ვერ შეძლეს ევროპაში მოკავშირის პოვნა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1924 წლის დამარცხებამ გრიგოლ ვეშაპელზე მძიმედ იმოქმედა. იგი მიხვდა რომ ბოლშევიკურ რეჟიმს საქართველოში ასე ადვილად ვერავინ დაამარცხებდა, ანტიბოლშევიკურ საქმიანობასაც ნიადაგი ეცლებოდა. მან დაიწყო ნიადაგის მომზადება სამშობლოში ჩამოსასვლელად და ეს სხვებსაც გაუმხილა. ვეშაპელმა კავშირი დაამყარა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებთან ევროპაში,  1924 წლის 5 ნოემბერს პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1924-26 წწ. ბერლინსა და პარიზში), რომლის ფურცლებიდანაც ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას მოუწოდებდა და აქტიური საბჭოთა პროპაგანდისტი გახდა. ამის გამო დიდი კონფლიქტი წარმოიშვა მასა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლ ქართველ ემიგრანტებს შორის. 1925 წ. 9 აგვისტოს კაფე „ვოლტერში“მათ ხელი შეუშალეს პარიზში ქართული „საბჭოთა კოლონიის“ დაფუძნებას, რასაც მოჰყვა თებერვლის დაპირისპირებები. კულმინაცია 1926 წლის 28 თრებერვლის სისხლიანი შეტაკება იყო, რაც „ოდენკურის ამბების“ სახელწოდებითაა ცნობილი. 1926 წლის 10 ივნისს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში რამდენიმე გასროლით მოკლა ავთანდილ მერაბაშვილმა.

1926 წლის 14 ივნისს გრიგოლ ვეშაპელი დაკრძალეს პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ნეკროლოგი და გამოსათხოვარი წერილები დაიბეჭდა მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოში“. ამ ფაქტს გამოეხმაურა საბჭოთა პრესა. ნეკროლოგები გამოქვეყნდა საქართველოშიც („Зария Востока“ და „კომუნისტი“).

1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მშობლების თხოვნით გრიგოლ ვეშაპელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენა და თბილისში დიდუბის პანთეონში დაკრძალა. 1937 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისი ნეშტი დიდუბიდან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.

წყარო: 

1. ქართველები უცხოეთში . . 1. თბ. - 2012. გვ. 90-91.

2.  ჭუმბურიძე, დოდო. ისტორიული პორტრეტები : დასაწყისი XX საუკუნისა. - თბ. 2008. – გვ. 293-317.

3. ნიქაბაძე, ნატო. გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი/ვეშაპიძე (1891-1926) / ნატო ნიქაბაძე, ეკატერინე კახიძე // ქართველური მემკვიდრეობა / აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ქუთაისი, 2008. -  ტ. XII. - გვ.256-259. - რეზ. ინგლ. ენ.


გააზიარე: