The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ასლან ბეგი აბაშიძე

ასლან ბეგი აბაშიძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1924  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის უმცროსი ძმა ასლანბეგ აბაშიძე დაიბადა 1877 წელს, ქალაქ ბათუმში. ასლანის მამა, თავადი იბრაიმი ფრიად განათლებული, ქართული ორიენტაციის პიროვნება იყო. მან ხუთივე შვილს (ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი) კარგი განათლება მისცა ოჯახში მოწვეული მასწავლებლების საშუალებით. ყველანი ბრწყინვალედ ფლობდნენ მშობლიურ ქართულ ენას, ასევე აღმოსავლურ და ევროპულ ენებსაც, კარგად ერკვეოდნენ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში.

ასლან აბაშიძე სიჭაბუკიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. განსაკუთრებით სამხედრო საქმე ეხერხებოდა. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი გამოიჩინა ნასაკირალისა და ბათუმის ბრძოლებში (1905).

ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობის გამო  1908 წელს ასლანი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. იმავე წლის დეკემბერში მოახერხა გადასახლებიდან გაქცევა და მოსალოდნელი რეპრესიების გამო იძულებული გახდა ოსმალეთში გადასულიყო. სტამბოლში დრო უქმად არ დაუკარგავს, ოტომანთა უმაღლეს სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა და  სამხედრო განათლება მიიღო.

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ მემედ და ასლან აბაშიძეები საქართველოში დაბრუნდნენ. ასლანი მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში.  საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ (1918 წელი) მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. იგი ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში 1918 წელს.

ასლან აბაშიძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამხედრო მონაცემებით, სამხედრო მეთაურის სტრატეგიული ნიჭით, რისთვისაც დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ–ოფიცრად და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, ხოლო შემდეგ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, გენერალ–მაიორობა (19. 06.1918). იგი იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან.

1920 წელს ასლანი ბათუმში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად იქ მომუშავე ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მათი სიახლოვე ემიგრაციაშიც გრძელდებოდა.

გენერალი აბაშიძე თავისი ათასეულით ფხიზლად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე ბათუმსა თუ მთელ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში. როგორც კი სიტუაცია რთულდებოდა, გენერალი თავის შენაერთს მოხალისეებით აძლიერებდა. ასე გაგრძელდა 1921 წლის თებერვლის ბოლომდე, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში არ წავიდა.

საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის თებერვალ–მარტში ასლან აბაშიძე თურქეთში გადასახლდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა. ნოემბერ–დეკემბერში კვლავ აჭარაში იმყოფებოდა  ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების მიზნით. შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა მათ. იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების ორგანიზებაში.

ასლან აბაშიძე ტრაგიკულად დაიღუპა სტამბოლში 1924 წელს (სავარაუდოდ მოწამლეს).  მას ჰყავდა ვაჟი, როსტომი და ორი ქალიშვილი, მაგრამ მუდმივი რეპრესიების გამო ისინი არ დაოჯახებულან და შთამომავლობა არ დარჩენიათ.

ასლან აბაშიძე ბრწყინვალე მომღერალი იყო. იგი არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.

ასლანბეგ აბაშიძის სახელს ატარებს ბათუმის ერთ–ერთი ქუჩა.

წყარო:

1. გოგიტიძე, მამუკა. 1918-1921 : პირველი რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები : ასლან იბრაჰიმის ძე (ასლან-ბეგი), თავადი : გენერალ-მაიორი (19.06.1918) // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 12-13

2. კომახიძე, თეიმურაზ. თავისუფალი საქართველოს გენერალი / თეიმურაზ კომახიძე // მგზნებარე მამულიშვილები : წ. 1 / ვახტანგ ზოიძე. - ბათუმი, 1993. - გვ. 228-235

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ასლანბეგ_აბაშიძე 


გააზიარე: