The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


არტემ არონიშიძე

არტემ არონიშიძე
სხვა სახელი:იან პილეცკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:1950  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

არტემ არონიშიძე 1891 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა სოფელ კონჩკათში (ოზურგეთი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის იუნკერთა სკოლაში სწავლობდა. 1913 წელს  უმცროსი ოფიცერი იყო და თბილისის ფეხოსანთა პოლკში მსახურობდა, რომელიც მეფის არმიაში შემავალი პოლკი იყო, მაგრამ ძირითადად ქართველებით გახლდათ დაკომპლექტებული.

I მსოფლიო ომში არტემ არონიშიძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ. ამ დროს მიანიჭეს კაპიტნის ჩინი.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921 წწ.) არტემ არონიშიძე ქართველ ახალგაზრდებს წვრთნიდა სამხედრო საქმეში და სამხედრო ჯგუფებს აყალიბებდა. საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმისას აქტიურად მონაწილეობდა სამშობლოს დასაცავად გამართულ ბრძოლებში.  იგი ერთ–ერთ იმ უკანასკნელ ბატალიონს ხელმძღვანელობდა, რომელმაც უზრუნველყო მენშევიკური მთავრობის ბათუმიდან საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გამგზავრება, შემდეგ კი თავადაც დატოვა სამშობლო.

არტემ არონიშიძე სხვა ქრთველ ემიგრანტებთან ერთად თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მოხვდა, სადაც ქართველი ოფიცრები უმძიმეს პირობებში აღმოჩდნენ, არ ჰქონდათ ცხოვრების ელემენტალური სახსარი. თუმცა საბედნიეროდ  ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.  პოლონეთის მთავრობის მიწვევით 1922 წელს ქართველ ემიგრანტ ოფიცერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის არტემ არონიშიძეც, პოლონეთში ჩავიდა.

რუმბერტოვოში (პოლონეთი) არტემ არინიშიძემ გაიარა 3 თვიანი კურსები. მას კარგი ლინგვისტური ნიჭი აღმოაჩნდა და საკმაოდ სწრაფად აითვისა პოლონური ენა. ამის შემდეგ იგი წლების მანძილზე მსახურობდა ტორუნში, 63-ე პოლკში, რომელიც მე-4 სახმელეთო დივიზიას ეკუთვნოდა.

1927 წელს არტემ არონიშიძემ ცოლად შეირთო პოლონელი ქალი, ლიდია , რომელიც ფეხოსანთა მე-4 დივიზიის შტაბის უფროსის, ლუციან სტალის ქვრივი იყო, პირველი ქორწინებიდან მას ორი გოგონა – რომანა და ქრისტინა ჰყავდა. მალე არტემს და ლიდიას საერთო შვილი, იურეკი (იეჟი) შეეძინათ.

1934 წელს არტემ არონიშიძემ კვლავ გაიარა რემბრეტოვოს საოფიცრო კურსები და მაიორის წოდება მიიღო. პოლონეთზე გერმანელების თავდასხმამდე იგი აღმოსავლეთ პრუსიასთან პოლონეთის საზღვარზე დაბანაკებულ პოლკს ხელმძღვანელობდა. 1939 წლის აგვისტოს ბოლოს  ვარშავაში ჩავიდა უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ომის დაწყებამ შეუშალა ხელი. არტემ არონიშიძე ვარშავის დამცველთა რიგებში ჩადგა. მისი ბატალიონი გმირულად იცვდა ვარშავას ქალაქის კაპიტულციამდე. გამოჩენილი მამაცობისათვის დივიზიის გენერლის, არმია“ვარშავის“ სარდლის იულიუს რომელის ბრძანებით არტემ არონიშიძე უმაღლესი სამხედრო ორდენით „ვირტუტი მილიტარით“ დააჯილდოვეს. კაპიტულაციის შემდეგ იგი თავის ხელქვეითებთან ერთად გერმანელებს ჩაბარდა ტყვედ. ტყვეობა დრეზდენთან ახლოს გაატარა. 1942 წელს როდესაც გერმანელებმა ქრთველები გაანთავისუფლეს ვარშავაში დაბრუნდა, ჯერ მუშად მუშაობდა, შემდეგ არმია კრაიოვაში შევიდა და იან პილეცკის ფესვდონიმით იბრძოდა. აქტიურად მონაწილეობდა ვარშავის აჯანყებაში, სადაც კონსპირაციულად მოქმედებდა.

1945  წლის მარტში არტემ არონიშიძეს კვალს ნკვდ–ემ მიაგნო, დააპატიმრეს და პიეტრკოვოს ციხეში ჩასვეს, სადაც მოხდა მისი იდენტიფიკაცია, რომ იგი არტემ არონიშიძე იყო და არა იან პილეცკი. ნკვდ–ემ იგი ლოძის უშიშროების სამსახურს ჩააბარა და თავის მხრივ პოლონეთის უშიშროებამაც დაკითხა. მათი მიზანი იყო დაედგინათ რომ არტემ არონიშიძე იბრძოდა როგორც წითელი არმიის, ასევე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგაც. 1945 წლის ივლისში ლუბელის მთავრობამ ამინისტია გამოაცხადა და არტემ არონიშიძის მეუღლის ლიდიას ენერგიული ჩარევის (რაც საკმარისი რაოდენობით ქრთამის მიცემაში გამოიხატა) შედეგად 1945 წ. სექტემბეში გაანთავისუფლეს. განთავისუფლების შემდეგ პოლონეთის სახალხო მილიციაში სამსახური შესთავაზეს, რაც ავტომატურად მისთვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭებასაც ნიშნავდა, მაგრამ ეს შეთავაზება არტემ არონიშიძემ მთავრობისგან, რომელსაც სამართლიანად არ თვლიდა, არ მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ იგი შკლარსკიე პორემბოში (ქვემო სილზია) პანსიონატის დირექტორად დანიშნეს. 1949 წელს არტემ არონიშიძეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 1950 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა.

წყარო:

1. გრიშიკაშვილი, ამბროსი. ქართველები პოლონეთში.  თბ., 2008. - გვ. 159-167.


გააზიარე: