The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ხუსრევ მეჰმედ ფაშა

ხუსრევ მეჰმედ ფაშა
ოფიციალური სახელი:ხოსრო ერისთავი-ჩხეიძე
დაბადების თარიღი:175?
გარდაცვ. თარიღი:1855
დაკრძალვის ადგილი:ეიუპის აკლდამა, თურქეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ხუსრევ (ჰუსრევ) მეჰმედ ფაშა მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში ყველაზე გამორჩეული მოღვაწე ყოფილა – ტრაპიზონის გუბერნატორი, ქაფუდან–ფაშა, ოსმალეთის გენერალსიმუსი, სადრაზამი (დიდვაზირი). მას არასდროს დავიწყებია თავისი წარმომავლობა და თავისი ცხოვრების მანძილზე არაერთი ტყვედ გაყიდული ქართველი ახალგაზრდა გამოუხსნია და აღუზრდია. აღზრდილებს შვილებივით ეპყრობოდა და საუკეთესო განათლებას აძლევდა.

მწერალმა რამაზ სურმანიძემ ხუსრევ მეჰმედ ფაშას ფესვები გამოიკვლია. მისი თქმით, იგი ხოსრო ერისთავ-ჩხეიძეა, რაჭის ერისთავების შთამომავალი. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე. კერძოდ, იგი თვლის, რომ ხოსრო-ფაშა წარმოშობით ქედის სოფელ აქუციდანაა, ერისთავის გვარს ატარებდა, ჰქონდა ევროპული განათლება, ფლობდა მრავალ ენას და ოსმალეთში დიდ იერარქიულ წარმატებას მიაღწიაო. მიუხედავად ამ ცნობის სიმცირისა, იგი საშუალებას გვაძლევს დავადასტუროთ, რომ ხოსრო-ფაშა გვარად ერისთავ-ჩხეიძეა და რაჭის ერისთავების შთამომავალია. მეცნიერის, წარმოშობით აქუცელი ჯემალ ჩხეიძის მონათხრობიდან ირკვევა, რომ რაჭის ერისთავების ერთ-ერთი შტო, კერძოდ ორი ძმა ჩხეიძე-ერისთავი სოფელ აქუცაში მე-18 საუკუნის 50-60-ან წლებში ჩასახლებულა. მათთვის ოსმალეთის სულთანს ნასოფლარი აქუცა უბოძებია. აქ ძმები ცალ-ცალკე დასახლებულან და ორი ოჯახი შეუქმნიათ. შემდეგ მოუწვევიათ აქედან აყრილი მოსახლეობა, აგრეთვე სხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე გვარეულობა, დაურიგებიათ მათთვის მიწები და სოფელი კვლავ გაუცოცხლებიათ.

ორი ვერსია არსებობს თუ როგორ მოხვდა ხუსრევ ფაშა ოსმალეთის იმპერიაში. ერთი ვერსიით თავად წავიდა, მეორე ვერსიით კი ის ტყვედ გაყიდეს. თუ წყაროებში დაცულ ინფორმაციებს დავეყრდნობით, ეს უკანასკნელი ვერსია უფრო სარწმუნოა.

როგორც მემატიანე აბდარ რაჰმან-ჯაბარტის მიერ ფრანგულ ენაზე 1838 წელს შედგენილი დღიურიდან ირკვევა, ხოსრო ფაშა საქართველოში დაბადებულა. ჩანაწერების მიხედვით, „ხოსრო ფაშა ჯერ მონა იყო ხონთქარ აბდულ-ჰამიდისა, შემდეგ კი მისი პაჟი. აღიზარდა სერალში (სულთნის რეზიდენციაში) სახელგანთქმულ ჰუსეინ-ფაშასთან, რომელიც ასევე ქართველი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ ხუსრევი ჰუსეინის ხაზინადარი გახდა“.
ხოსრო-მეჰმედ-ფაშას ვრცელი ბიოგრაფია გამოაქვეყნა თურქმა მეცნიერმა მურად ქასაბმა თავის წიგნში „ოსმალეთის ქართველები“. იგი წერს, რომ ხუსრევი 1765 წელს, საქართველოში დაიბადა. ბავშვობისას მოიტაცეს და ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. განათლება სულთნის სასახლეში მიიღო. მსახურობდა ქაფუდან–ფაშა ქუჩუკ ჰუსეინ ფაშასთან, ჯერ ბეჭდისმტვირთველად, შემდეგ კი ქეთჰუდად. შესანიშნავი მეომარი იყო. 1801 წელს ჰუსეინ ფაშასთან ერთად ლაშქრობდა ეგვიპტეში, იქვე დარჩა და ალექსანდრიის ციხისთავად დაინიშნა. მალე მირიმირანის წოდება და იზმითის ვალის პოსტი მიიღო. იმავე წელს ვეზირის ტიტულიც მიანიჭეს და ჯერ ეგვიპტის, შემდეგ კი სალონიკის ვალის თანამდებობაზე დანიშნეს. 1803 წელს დიარბაქირის, 1804 წელს სალონიკის ვილაიეთებს მართავდა. ამავე წელს ეგვიპტის ფაშა გახდა.

1806 წელს ხუსრევ ფაშა სტამბოლში დაბრუნდა. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა კაპუტან ფაშას, ტრაპიზონის გუბერნატორის და სპარსეთის ყურეში დისლოცირებული ოსმალეთის ჯარების გენერალსიმუსის თანამდებობები. 1808 წელს ბოსნიის, 1909 წელს იზმითის ვილაიეთებს მართავდა. 1811 წელს ქაფუდან–ფაშა გახდა. ფლოტში წესრიგი დაამყარა, შეამოწმა ხმელთაშუაზღვისპირა სანჯაყები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არავინ აკონტროლებდა, გაანადგურა ყაჩაღთა ბანდები და ეს რაიონები კვლავ მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა. 1818 წელს ქაფუდან–ფაშას თანამდებობიდან გადააყენეს და ტრაპიზონის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. შემდეგ არზრუმის, ყარსის, ბოლუს და ევბეას ვალი იყო. არზრუმის ვალის თანამდებობაზე ყოფნისას აღმოსავლეთის სერასკერის თანამდებობაც ეკავა. 1822 წელს, როდესაც მორეას აჯანყებამ სახიფათო სახე მიიღო, ზღვაოსნობის კარგად ცოდნისა და სიმამაცისათვის კვლავ ქაფუდან–ფაშად დანიშნეს. მან მორეას აჯანყება ჩააქრო, კუნძული ფრასა დაიპყრო და დაზიანებული გემების შესაკეთებლად ეგვიპტეში ჩავიდა.

1824 წელს საბერძნეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის აჯანყების ჩახშობაში, მისოლონგის ბრძოლაში მონაწილეობდა. ეგვიპტეში ყოფნისას მუჰამედ ალი ფაშასთან საერთო ენა ვერ გამონახა. სულთანმა მაჰმუდ II–მ დააკმაყოფილა ეგვიპტის ვალის  სურვილი და 1826 წელს ხუსრევ ფაშა ქაფუდან–ფაშას თანამდებობიდან გადააყენა. 1827 წელს ოსმალეთის არმიის სერასკერი, სამხედრო მინისტრი გახდა. აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, არმიის რეორგანიზაცია მოახდინა. ამ პერიოდში მისმა ძალაუფლებამ და გავლენამ პიკს მიაღწია. 1837 წელს სერასკერის თანამდებობიდანაც გადააყენეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ დროისთვის მაჰმუდ II გარდაიცვალა და იგი სულთანმა აბდულმეჯიდმა შეცვალა.

1839 წელს სულთან მაჰმუდ მეორის სიკვდილის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხუსრევ მეჰმედ ფაშა ოსმალეთის ფაქტიური მმართველი გახდა. იმავე წელს, აბდულმეჯიდის ტახტზე ასვლის შემდეგ,  იგი დიდვეზირად დანიშნეს. ეს თანამდებობა მან ოსმალეთის ისტორიაში პოლიტიკურად ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში დაიკავა და თავისი საქმიანობით ცენტრალურ უწყებებში ყველაზე გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანის სახელი მოიხვეჭა.

სადრაზამის ანუ დიდი ვეზირის მოვალეობას ხუსრევ მეჰმედი 11 თვისა და 7 დღის მანძილზე ასრულებდა. მან  განმუხტა შექმნილი დაძაბულობა, მოაგვარა ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო რეპუტაციის აღდგენაც შეძლო, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1940 წელს, თანამდებობიდან გადააყენეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, იგი დამნაშავედ ცნეს და თექირდაღში გადაასახლეს. შემდეგ შეიწყალეს და სტამბოლში დაბრუნდა. 1946 წელს მეჯლისი–ჰასის წევრი გახდა. იმავე წელს კვლავ დანიშნეს სერასკერის თანამდებობაზე. 1847 წელს ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა დაუტოვეს. 1848 წელს პენსიაში გავიდა და მირგუნში მდებარე აგარაკზე დასახლდა.

ხუსრევ მეჰმეთ ფაშა 1855 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ეიუპში აშენებულ აკლდამაში დაკრძალეს. იმის გამო, რომ 55 წელი ვეზირი იყო და ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია მას ქოჯა ჰუსრევ ფაშადაც მოიხსენიებდნენ. მის უდიდეს დამსახურებად ოსმალეთის არმიის მოდერნიზაცია ითვლება. მან პირველმა მისცა რეკომენდაცია სულთანს შეექმნა ევროპულად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთი, გახსნა ტაქსიმის სამხედრო სკოლა. ქონების დიდი ნაწილი კეთილ საქმეებს მოახმარა. მის ქველმოქმედებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეიუპ–სულთანის უბანში აშენებული ბიბლიოთეკაა. დაქორწინებული ორჯერ იყო, მაგრამ მემკვიდრე არ დარჩენია.

წყარო:

1. ქასაბი, მურად. ჰუსრევ მეჰმედ ფაშა // ოსმალეთის ქართველები . - სტამბოლი, 2012.- გვ.58-59

2. სურმანიძე, რამაზ.დიდი ვეზირი ხოსრო ერისთავი-ჩხეიძე. - ბათუმი, 2012.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ჩხეიძეები

4. netgazeti.ge/life/43129/ 


გააზიარე: