The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ლაშქარაშვილი

მიხეილ ლაშქარაშვილი
Other name:მიშა  (Acronym)
Date of birth:1884
Date of death:1952  (at 68 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician, Military Person

Biography

მიხეილ (მიშა) ლაშქარაშვილი დაიბადა 1884 წელს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკში, გლეხის ოჯახში. 1902–1903 წლებში იგი მუშაობდა იარალოვის ქარხნის მუშად, შემდეგ გადავიდა რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სადურგლო საამქროში. პოლიტიკაში ახალგაზრდობიდანვე ჩაება. მონაწილეობდა პირველი მარქსისტული ჯგუფის ჩამოყალიბებაში, 1903–1905 წლების მოვლენების დროს იყო სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. თუმცა იგი მალე ჩაწვდა მარქსისტული იდეოლოგიის სიყალბეს და საერთოდ ჩამოშორდა მათ. აი, რას წერს თავის მოგონებებში: „ამნაირათ, ყველა ის პირი, ვინც კი მარქსისტებისთვის თვალში მოსაწონი არ იყო, ხდებოდა ტერორისტების მსხვერპლი, მათ მიერ ჩადენილი მუხანათური საქმეების მოწმე მე თვითონ ვიყავი ქარხანაში მუშაობის დროს. მთელი მარქსისტული მოძრაობა ამაზედ იყო დაყრდნობილი და მამულიშვილების უმანკო და უდანაშაულო სისხლის დაღვრით მოიკაფავდნენ გზას ხელისუფლებისაკენ“.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 1919 წელს, მიხეილ ლაშქარაშვილი გვარდიის შტაბის მიერ დაინიშნა რწმუნებულად ახალქალაქის რაიონში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. წესრიგის დამყარების შემდეგ ხალხის თხოვნით იქვე დარჩა კომისრად. ყველა დავალება პირნათლად შეასრულა, ბოლო მოუღო ყაჩაღობას. ამიტომ 1920 წელს კვლავ დაინიშნა იგივე თანამდებობაზე, ამჯერად გორის მაზრაში. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაბეჭდილ მისდამი მიძღვნილ წერილში აღნიშნულია, – „დიაღ ლაშქარაშვილი მემარცხენეს და მემარჯვენეს ერთნაირად უმორჩილებდა კანონს, ყველასაგან – თავადის, ვაჭრის თუ პარტიულისგან – ერთნაირად მოითხოვდა კანონიერების დაცვას და ასე გამოდიოდა რესპუბლიკის ჭეშმარიტი დამცველი“.

მიხეილ ლაშქარაშვილი ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, წყნარად ცხოვრობდა მამისეულ სახლ–კარში და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის 29 აპრილს გორის მაზრის პოლიტბიუროში შევიდა განცხადება, რომელიც იუწყებოდა, რომ სოფელ ახალქალაქში იმყოფება მენშევიკური მთავრობის ჯალათი, სამხედრო–საველე სასამართლოს თავმჯდომარე 1919 წელს, კომუნისტების დამხვრეტი მიხეილ ლაშქარაშვილი. რა თქმა უნდა, სადამსჯელო ღონისძიებამაც არ დააყოვნა. მიხეილის დასაკავებლად ღამით მივიდნენ, მაგრამ ოპერაცია ისე უთავბოლოდ იყო დაგეგმილი, რომ უაზრო სროლისას ბრმა ტყვიამ შეიწირა მიხეილ ლაშქარაშვილის დედა. თავად მან გაქცევა მოახერხა, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბა და ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა. უკვე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთის აჯანყების დროს მიხეილი საკმაოდ დიდ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. აჯანყებულების დამარცხებამ იმედები გაუცრუა, შეიარაღებულ აჯანყებაზე ფიქრსაც კი თავი დაანება და მეუღლესთან ერთად ოსმალეთში გადასვლას გეგმავდა, როცა 1924 წლის გაზაფხულზე ქაქუცა ჩოლოყაშვილისგან შეტყობინება მიიღო.

პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და აჯანყების მოლოდინში მანგლისიდან სამი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბოტისის ტყეში იმალებოდნენ.  აჯანყებისთვის მზადებას მეთაურობდა სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრმა კახეთში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, მოგვიანებით მათ მიშა ლაშქარაშვილიც შეუერთდა. ემიგრაციაში იგი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის ჟურნალ „ახალი ივერიის“ (1927–1939) ავტორ–თანამშრომელი. დაწერილი აქვს მოგონებები, სადაც დაწვრილებით აღწერს მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, 1904–1905 წლების რევოლუციით დაწყებული 1924 წლის აჯანყებით დამთავრებული (გამოქვეყნებულია 1991 წლის გაზეთ „რესპუბლიკაში“). 

მიხეილ ლაშქარაშვილი გარდაიცვალა 1952 წელს. იგი მეუღლესთან, ელენე ჩივაძესთან ერთად დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ლაშქარაშვილი

2.კერესელიძე, ლია. მიხეილ ლაშქარაშვილი - შეფიცულთაგან ერთ-ერთი და სამშობლოსათვის თავგადადებული // საარქივო მოამბე=The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. - თბ., 2009. - იანვარი. - N4. - გვ.4-11. 

3. მეთვალყურე. მიხეილ ლაშქარაშვილი : (გვარდიის შტაბის რწმუნებული, გორის მაზრაში ანარქიის ჩასაქრობად დანიშნული) // თეატრი და ცხოვრება. - 1920. - N9. - გვ.13.


Share: