The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ციციშვილი

ვახტანგ ციციშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1964  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

ვახტანგ ციციშვილი დაიბადა 1892 წელს თბილისში. მშობლები – არჩილ ციციშვილი და მარიამ ბაშბეკ მელიკოვი. წარჩინებულ ოჯახთა ჩვეულებისამებრ ვახტანგი 10 წლის ასაკში განამწესეს სამხედრო სასწავლებელში.1902-1910 წლებში სწავლობდა კადეტთა კორპუსში, ორიოლში, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა და 1910–1911 სასწავლო წელს სწავლა განაგრძო ნოვოალექსანდრიის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1911-1915 წლებში სწავლობდა საფრანგეთში – დაიწყო მონპელიეს აგროსკოლით, შემდეგ გადავიდა კოტ დე ბონის ვიტიკულტურის სასწავლებელში და ბოლოს, 1915 წელს დაამთავრა დიჟონის აგრონომიისა და ენოლოგიის ინსტიტუტი  მეღვინის დიპლომით.

1915-1918 წლებში ვახტანგ ციციშვილი რუსეთის საიმპერიო სამსახურში იმყოფებოდა. მას ებარა ღვინის წარმოების საქმე საუფლისწულო მამულებში ბესარაბია–ყირიმ–კავკასიაში. 1918–დან 1920 წლამდე იგი იყო ყირიმის მეღვინეთა საზოგადოების ტექნიკური დირექტორი და შემდეგ ქართული კოოპერატივის თავმჯდომარე ყირიმში.

1920 წელს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ღვინის მეურნეობას ნაფარეულის მევენახეობის სახელმწიფო მამულში.

1921 წლიდან ვახტანგ ციციშვილი ემიგრაციაში წავიდა. ორი წელი კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და  პარიზში ალკოჰოლური სასმელების დამამზადებელი ქარხანა გახსნა. საბოლოოდ ქალაქ ბორდოში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. ოჯახსაც მოეკიდა, ცოლად ბასკი ქალი მოიყვანა. შეეძინათ ორი ვაჟი - ივანე და ჟაკი. მოღვაწეობდა კოტ დე ბონში, პარიზსა და ბორდოში, უმთავრესად მეღვინეობის დარგში. 10 წლის განმავლობაში ბორდოს სახელგანთქმული ღვინის კომპანია „შატო დ’იკემის“ მფლობელ მარკიზ დე გორსა–ლიუსის თანაშემწე იყო. აქაურ ღვინოებს გურმანები „თხევად ოქროს“ უწოდებენ.

1942 წელს ვახტანგ ციციშვილმა ავადმყოფობის გამო სამსახურს თავს დაანება და ხელი მიჰყო საზოგადოებრივ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ჟურნალისტიკაში ახალბედა არ იყო, ჯერ კიდევ 1930–იან წლებში სცადა ბედი პარიზში გამომავალ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ჟურნალ „სამშობლოში“. მოღვაწეობდა, ასევე, მრავალეროვან ჟურნალ „კავკაზში“, მაგრამ იქიდან მალე წამოვიდა, რადგან შეამჩნია ამ ჟურნალის ხელმძღვანელობის მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი. შემდგომში იგი იყო ეროვნულ–დემოკრატთა პარიზული კომიტეტის ორგანოს „ახალი ივერიის“ (1927–1939) ავტორ–თანამშრომელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბატონი ვახტანგი გერმანელებმა დააპატიმრეს, მაგრამ საფრანგეთის პერიგოს რეგიონში მყოფმა ქართველმა პარტიზანებმა მალე გაათავისუფლეს.

1952 წელს ვახტანგ ციციშვილმა ალექსანდრე მანველიშვილთან ერთად დააარსა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ლიგის ყოველთვიური ფრანგულენოვანი ორგანო „L'Action Georgien“, რომლის დახურვის შემდეგ, მის ბაზაზე 1953 წლიდან ქალბატონ კერუელთან ერთად გამოსცა – „La nation Georgien“. გაზეთის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე თავად იყო, 1965 წლიდან კი იგი მარი კერუელმა ჩაანაცვლა. გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხო ენაზე ქართული საკითხის პროპაგანდისა და ფართო გავრცელებისათვის. 

ვახტანგ ციციშვილი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1953 წელს „სოსიეტე სავანში“ წაიკითხა მოხსენება „ბასკების წარმოშობის საკითხი და მათი ნათესაობა კავკასიელებთან“. ამავე საკითხზე მას მოხსენება 1948 წლის სექტემბერშიც წაუკითხავს ბასკოლოგთა კონგრესზე („ბედი ქართლისა“, 1948, №3, გვ. 32.). პარალელურად თანამშრომლობდა ვიქტორ ნოზაძის ჟურნალ „კავკასიონში“. 1964 წელს ამ ჟურნალში გამოქვეყნდა მისი წერილი „წმიდა ნინო – წმიდა კრეტიენ“, რომელშიც მან განავითარა ბარონ დე ბაის თვალსაზრისი წმინდა ნინოსა და წმინდა კრეტიენის იგივეობის შესახებ.

ვახტანგ ციციშვილი გარდაიცვალა 1964 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. აქვეა დაკრძალული მისინმეუღლე - ლულუ ციციშვილი (1907-2000) და ვაჟი - ივანე (1931-2005) ცოლთან ერთად - მონიკა ბერნიშა-ციციშვილისა (1933-1998).

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ ციციშვილი

2. მოსანგრე. ვახტანგ ციციშვილი // კავკასიონი (პარიზი). – 1965. –№10. – გვ. 167–168

3. შარაძე . ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია.-ტ.II.-თბ.,2001.-გვ.526 – 530.

4. ხოფერია, ნინო. ქართულ-ფრანგული მცდელობანი საქართველოს განთავისუფლებისთვის / ნინო ხოფერია // ჟურნალისტური ძიებანი. - თბილისი, 2008. - N10. - გვ.122-130

5. "მამაჩემის სამშობლო" : კვირაძალს საკითხავი: [ჟაკ ციციშვილის და მისი მეუღლის მონათხრობი] /ჩანართზე მუშაობდნენ ნინო ხოფერია და კახა ქორიძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012.- 27 ოქტომბერი. - N207 (7083). - გვ.7


გააზიარე: