The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კირილე ქუთათელაძე

კირილე ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1861
გარდაცვ. თარიღი:1929  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ-ლეიტენანტი კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძე დაიბადა 1861 წლის 22 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ხონში, სასულიერო პირის ოჯახში. დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია (1878) და 1878 წლის 15 ივლისიდან უკვე სამხედრო სამსახურში ჩადგა. განათლების მიღება განაგრძო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში (1881), რომლის დამთავრების შემდეგ გაიგზავნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1886 წელს კი 1-ლი თანრიგით დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის მიხეილის საარტილერიო აკადემია.

კირილე ქუთათელაძის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: პოდპორუჩიკი (08.08.1881); პორუჩიკი (12.11.1884); შტაბს-კაპიტანი (28.06.1886); კაპიტანი (15.06.1893, წარჩინებისთვის); პოდპოლკოვნიკი (19.07.1898); პოლკოვნიკი (06.12.1904); გენერალ-მაიორი (06.12.1910; წარჩინებისთვის); გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1916; წარჩინებისთვის). მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში.

მეტად ვრცელია კირილე ქუთათელაძის სამსახურებრივი ნუსხაც: თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის სასწავლო ნაწილის საქმეთა მწარმოებელი; მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის უფროსი (01.10.1897-10.01.1903); ჩუგუევის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (10.01.1903 დან); ვილნოს სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსი (23.06.1904-18.01.1909); მე-6 სარეზერვო საარტილერიო დივიზიონის უფროსი (18.01.-22.12.1909); არტილერიის გენერალური ინსპექტორის დავალებათა შტაბ-ოფიცერი (22.12.1909-15.09.1910); არტილერიის გენერალური ინსპექტორის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (15.09.1910-05.01.1916); უმაღლესი მთავარსარდლის, არტილერიის საველე ინსპექტორის დავალებათა გენერალი (05.01.1916-დან).
1918 წლიდან კირილე ქუთათელაძე ქართულ ჯარშია გენერალ მაიორის (1918) ჩინით. იყო სამხედრო საბჭოს წევრი 1919 წლის 18 ოქტომბრიდან; საქართველოს სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი (მასთან შედიოდა არსენალი); ბათუმის ციხე–სიმაგრის კომენდანტი; მსახურობდა გვარდიის შტაბში.

1921 წლიდან კირილე ქუთათელაძე ემიგრაციაშია. 1922 წლიდან იგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით. გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში. 1926 წელს გახდა პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. შემდეგ წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.

სულ სამი სამხედროა საქართველოდან –კირილე ქუთათელაძე, ივანე ყაზბეგი და ზაქარია ბაქრაძე, ვინც სამი სახელმწიფოს – რუსეთი, საქართველო, პოლონეთი – გენერალი გახდა. 

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის კირილე ქუთათელაძეს მიღებული ჰქონდა შემდეგი ორდენები: წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის (1900); წმ. ანნას მე-2 ხარისხის (1904); წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის (1910); წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის (06.12.1914);  წმ. ანნას 1-ლი ხარისხის (30.07.1915); წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის (30.07.1916).
კირილე ქუთათელაძე გარდაიცვალა 1929 წელს ქალაქ ვარშავაში.

წყარო:

1. ბეჟიტაშვილი, გიორგი. კირილე პეტრეს–ძე ქუთათელაძე // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.53–54

2. გოგიტიძე, მამუკა. კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძე : გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1926) : დივიზიის გენერალი (1926) // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 90-91

3. https://pl.wikipedia.org/.../Cyryl_(Kirile)_K... 

4. www.grwar.ru/persons/persons.html?id.. 

 

 


გააზიარე: