The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კირილე ვეკუა

კირილე ვეკუა
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1891
გარდაცვ. თარიღი:28 ივნისი, 1968  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი, გერმანია
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

კირილე ვეკუა დაიბადა 1891 წლის 4 (17) მაისს ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ახუთში. მის მშობლებს, მღვდელ მოსე (კონონ) ვეკუასა და მზეხა (ევდუკი) გოგუას ჰყავდათ სამი ვაჟი: ვლადიმერ, აკაკი და კირილე. ვლადიმერმა 1910 წელს დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში. ამავე დროს იგი გახდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აქტიური წევრი და აფხაზეთ–სამეგრელოში ისტორიული სიძველეების უამრავი ნიმუში შეაგროვა. მეორე ძმა, აკაკი, პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული იყო და ქუთაისსა და ახლომდებარე რაიონებში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი გახლდათ. ძმებიდან ყველაზე რთული და ძნელად სავალი გზა კირილე ვეკუას ერგო. მან 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვს გაემგზავრა. დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე და საქართველოში დაბრუნდა.

კირილე ვეკუა ადრევე ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და გახდა სოციალ–დემოკრატი. 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, კირილე სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, იგი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1922 წლის 10 ოქტომბერს კი ქართველი ხალხის სხვა დანარჩენ მოწინავე შვილებთან ერთად გააძევეს საქართველოდან. ასე აღმოჩნდა 1922 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში კირილე ვეკუა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.
მიუხედავად ნივთიერი გაჭირვებისა და ცხოვრების ცუდი პირობებისა კირილემ განიზრახა სწავლის გაგრძელება. 1924 წელს მან სწავლა დაიწყო გიოტინგენის უნივერსიტეტში, შემდეგ გადავიდა ბერლინის ფრიდრიხ–ვილჰელმის უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ, 1931 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.

გარკვეული ხნის განმავლობაში (1935–1938 წწ.) კირილე ვეკუა მუშაობდა ბერლინ – შარლოტტენბურგის „ტეხნიშე ჰოხშულეს“ (უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი) ქიმიურ–ტექნიკურ დარგში პროფესორ უბბელოჰდეს ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ, ომის დაწყებამდე (1938–1941 წწ.), პროფესორ როეჰრსთან ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კირილეს არ დაუტოვებია ბერლინი. იგი აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც (1945 წლის მაისი). ომის შემდეგ, როგორს კი ბერლინის „ტეხნიშე ჰოხშულეს“ კვლავ ამუშავდა, მან განაახლა ინსტიტუტში თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა. მას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ინსტიტუტის საღებავთა ლაბორატორიის კვლევა–ძიების აღდგენაში. თავდაპირველად ეს ლაბორატორია მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა იებენშტრასეზე და შემდეგ გადატანილ იქნა ტექნიკურ–ქიმიური ინსტიტუტის ახალ შენობაში, სადაც იმყოფებოდა 1952 წლამდე, მის დახურვამდე.

დოქტორი კირილე ვეკუა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ქიმიის აღნიშნულ სპეციალობაში და გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა გამოზარდა. ინსტიტუტში იგი მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. დოქტორ ვეკუას ბევრი ყოფილი მოწაფე დღესაც მუშაობს ლაქებისა და საღებავთა ინდუსტრიაში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი. 1966 წელს კირილე ვეკუას გერმანიის სამეცნიერო წრეებმა დიდი ზეიმით გადაუხადეს დაბადების 75 წლისთავის იუბილე.

მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, ქიმიკოსი კირილე ვეკუა შორს უნდა მდგარიყო პოლიტიკისაგან, იგი ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მუდამ ცდილობდა ეზრუნა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის ეკონომიკური და კულტურული დაწინაურებისათვის. ამასთან ერთად იგი არ ერიდებოდა უარი ეთქვა თავის პოლიტიკურ მრწამსსა და მსოფლმხედველობაზე და თუ ამას ქართველი ერის ინტერესები მოითხოვდა, მკაცრად გაეკრიტიკებინა ერთ დროს თავისი პოლიტიკური თანამზრახველნი. 1922 წელს კირილე საქართველოდან გააძევეს ვითარცა სოციალ–დემოკრატი, მაგრამ 1930–იან წლებში მას შეეცვალა შეხედულება თავის პარტიაზე, მის მოღვაწეობაზე  და გაზეთ „თეთრი გიორგის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა გულახდილი წერილი სათაურით „რად არა ვართ თქვენთან?!“ („თეთრი გიორგი“, პარიზი, 1934, №74–75, 76, 78–79).
1966 წელს კირილე ვეკუამ ევროპაში მივლინებით მყოფ მათემატიკოს ილია ვეკუას მეშვეობით მოახერხა თავის ძმისშვილებთან დაკავშირება. ძმები უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ. საბედნიეროდ ნათესავემმა მოახერხეს მისი მოპატიჟების ორგანიზება და მან 1967 წელს ივნისის თვეში შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ახლობლებმა შემოატარეს ყველა მისთვის ძვირფასი კუთხე, იყო ზუგდიდში, გაიარა ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში გადახვეწიდან ნახევარი საუკუნე იყო გასული, მშობლიურ ახუთში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი მის სანახავად. ნათესავებმა დარჩენა სთხოვეს, ხოლო ილია ვეკუამ შესთავაზა ფერების ქიმიის ლაბორატორიას გაგიხსნი და ასპირანტსაც დაგინიშნავო, მაგრამ იუარა, –  „მე საქართველოში ვერ დავრჩები, რომლისთვისაც არაფერი გამიკეთებია, ასე ხანდაზმული კი რას შევძლებო“– იყო მისი პასუხი.

უცოლშვილოდ გადაგებული კირილე ვეკუა გარდაიცვალა 1968 წლის 28 ივნისს, დასავლეთ  ბერლინში. 1989 წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფესორმა გურამ შარაძემ და კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა.

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wiki/კირილე_ვეკუა 

2.შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. 3. – თბ., 1993. – გვ. 290–303.


გააზიარე: