The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ერისთავი

ალექსანდრე ერისთავი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1955  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–ჟენევიევ დე ბუას რუსული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა შთამომავალი, თავადი ალექსანდრე ერისთავი დაიბადა 1873 წლის 5 ივლისს, თბილისში, სახელოვანი მხედართმთავრის, გენერალ–ლეიტენანტ ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავისა და ეკატერინე ზაქარიას ასულ სარაჯიშვილის ოჯახში.

1892 წელს ალექსანდრემ დაამთავრა  ტფილისის კადეტთა კორპუსი და სამხედრო სამსახურში ჩადგა. სამხედრო განათლების მიღება განაგრძო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც 1895 წელს დაამთავრა პოდპორუჩიკის ჩინით. განამწესეს ლაიბ–გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. 1899 წელს დააწინაურეს პორუჩიკად. სწავლის ბოლო საფეხური იყო მიხეილის საარტილერიო აკადემია (1903). ამ დროისთვის  იგი უკვე შტაბს–კაპიტანია.

ალექსანდრე ერისთავი მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905 წწ.) და პირველ მსოფლიო (1914–1918 წწ.) ომებში. 1904–1905 წლებში დროებით ჩაირიცხა კაზაკთა ჯარში და მსახურობდა ყუბანის კაზაკთა პირველ ბატარეაში, ესაულის ჩინით. ომის შემდეგ დაბრუნდა საცხენოსნო არტილერიაში. ეკავა ბატარეის კანცელარიის საქმეთა მწარმოებლისა და სამეურნეო ნაწილის უფროსის თანამდებობა. 1907 წლის 12 აგვისტოს მიიღო კაპიტნის წოდება. ამავე წელს წარმატებით დაამთავრა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა და 1908 წლის 6 დეკემბრიდან  გახდა პოლკოვნიკი. 

1910 წელს ალექსანდრე ერისთავი რამდენიმე თვით მიავლინეს პარიზში რუსეთის სამხედრო აგენტის განკარგულებაში, ახალი ტიპის იარაღის შესასწავლად. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი სათავეში ედგა ცხენოსანი არტილერიის ლეიბ–გვარდიის პირველ ბატარეას. იბრძოდა გერმანიის ფრონტზე. თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში (1914 წ. 6 აგვ.), დაიმსახურა გენერალ-მაიორის წოდება (22.03.1915 წარმატებისთვის), რის შემდეგაც ჩაირიცხა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ამალაში (27.10.1915). 1914–1915 წლებში ხელმძღვანელობდა კავალერგარდის პოლკს. 1915–1916 წლებში 1–ლი გვარდიული კავალერიის დივიზიის  პირველი ბრიგადის მეთაური იყო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ერისთავის სამხედრო კარიერა სწრაფად განვითარდა. 1917 წლის 14 მაისს დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა კავკასიის მე-3  საარმიო კორპუსის სარდლად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი (23.8.1917). 1917 წლის სექტემბერში თავისი კორპუსით შევიდა ჩრდილო–დასავლეთის ფრონტის მე–7 არმიის შემადგენლობაში.

რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ალექსანდრე ერისთავი საქართველოში  დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, გაემგზავრა ანკარაში. იგი, როგორც სამხედრო მისიის ხელმძღვანელი (ატაშე ) 1921 წლის 8 თებერვალს დაესწრო აუდიენციას ოსმალეთის მომავალ პრეზიდენტთან, გენერალ მუსტაფა ქემალ ფაშასთან. ცნობილია, რომ ქემალ ფაშა საგანგებოდ მიესალმა ალექსანდრე ერისთავს და მისი სახელით ქართულ არმიას, ხოლო გენერალმა ამისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს დელეგაცია 1921 წლის თებერვლის ბოლოს ჯერ კიდევ ანკარაში იმყოფებოდა და სამშობლოში აღარც დაბრუნებულა. ალექსანდრე ერისთავი საფრანგეთში დასახლდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში. იყო რა „რუსი სამხედრო ინვალიდების კავშირის“ საფრანგეთის განყოფილების უფროსი და თავმჯდომარე, ჩაატარა კოლოსალური სამუშაო, რათა შეეგროვებინა სახსრები ლტოლვილებისა და მოხუცებულების თავშესაფრების შენახვისათვის; მუშაობდა ინსპექტორად სადაზღვევო კომპანიაში „La Séquanaise”; 1930–იან წლებში კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სამხედრო–სამეცნიერო კურსებზე, არტილერისტ ოფიცერთა საზოგადოებაში; 1938 წელს აირჩიეს არტილერისტ ოფიცერთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ; სათავეში ედგა მიხეილის საარტილერიო აკადემიის კურსდამთავრებულთა გაერთიანების გამგეობას, იყო „კავალერგარდთა ოჯახის“ თავმჯდომარე და რიგი სხვა ორგანიზაციების მზრუნველი. პარალელურად, იგი ხელმძღვანელობდა „იმპერატორ ნიკოლოზ მეორის წმინდა ხსოვნის პატივისმცემელთა კავშირს“.

ალექსანდრე ერისთავი უძღვებოდა ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგის“ პერიოდული გამოცემის, გაზეთ „თეთრი გიორგის“ სამხედრო დამატებას, სადაც გამოქვეყნებული აქვს სამხედრო თვალსაზრისით მეტად საინტერესო და სპეციფიკური ხასიათის მასალები.

გენერალ ერისთავს ცოლად ჰყავდა დონელ კაზაკთა ატამანის, ინფანტერიის გენერლის, იაკობ დიმიტრის ძე მალამას ასული – ვერა მალამა, რომელთანაც შვილები არ შესძენია.

გარდაიცვალა 1955 წლის 10 თებერვალს, პარიზში. განისვენებს სენტ–ჟენევიევ –დე–ბუას სასაფლაოზე, ძმასთან, გენერალ–მაიორ გიგუშა ერისთავთან ერთად.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის ალექსანდრე ერისთავი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის ორდენის IV ხარისხით (1914 წლის 10 ნოემბერი) და გიორგის ოქროს იარაღით (1915 წლის 5 მაისი); წმ. ანას ორდენის IV (მამაცობისთვის. 1907), III (მახვილებითა და ბაფთით. 1907), II (მახვილებით. 1907), I (მახვილებით. 1915) ხარისხებით; წმ. ვლადიმერის ორდენის IV (1908), IV (მახვილებითა და ბაფთით. 1914), III (მახვილებით. 1915) ხარისხებით;  წმ. სტანისლავის ორდენის III (1903), III  (მახვილებითა და ბაფთით. 1907), II (მახვილებით. 1907) და I (მახვილებით. 1915) ხარისხებით; ასევე, უცხოური ჯილდოებით: ესპანეთის წმ. იზაბელა კათოლიკელის კომანდორთა ჯვრით (1911) და საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენით (1913).  

წყარო: 

1.https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ერისთავი

2. www.grwar.ru/persons/persons.html?id.. 

3. გოგიტიძე, მამუკა. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. –გვ. 59–61. 

4. ჯავახიშვილი ნიკო. გენერალ–მაიორი ალექსანდრე ერისთავი: (1873–1955) // ქართული დიპლომატია. –2003. – №10. – გვ. 489-491 


გააზიარე: