The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ფიცხელაუროვი

ალექსანდრე ფიცხელაუროვი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ფიცხელაური
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1928  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დონზე „თეთრების“ კაზაკთა მოძრაობის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, გენერალ–ლეიტენანტი ალექსანდრე ფიცხელაუროვი დაიბადა 1878 წელს, გაკაზაკებული ქართველის ოჯახში. მისი მამა, პეტრე ფიცხელაური, კავკასიური ენების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა  და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, თარჯიმნობასაც ეწეოდა რუსებისათვის მთიელებთან ურთიერთობაში. არსებობს გორშელტის ფერწერული ტილო: „შამილის დატყვევება“, სადაც გამოსახულია რუსი მხედართმთავრებით გარშემორტყმული, შამილის გვერდით მდგომი მთარგმნელის მოვალეობის შემსრულებელი – პეტრე ფიცხელაური.

ალექსანდრე ყმაწვილობიდან სამხედრო სამსახურში იყო ჩაბმული. იყო ნოვოჩერკასკის ოლქის დონის არმიის კაზაკი. დონის კადეტთა კორპუსისა და იმპერატორ ნიკოლოზ II–ის სახელობის კავალერისტთა სასწავლებლის  დასრულების (1899) შემდეგ მსახურობდა დონის მე–20 პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914–1918). პირველი მსოფლიო ომის დროს დონის 36–ე პოლკის მეთაური იყო, 1915 წლის ივნისში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

სამოქალაქო ომის დროს ალექსანდრე ფიცხელაუროვს „თეთრების“ ხელმძღვანელობაში ერთ–ერთი საკვანძო ადგილი ეკავა კაზაკთა მხრიდან: 1918 წლის გაზაფხულიდან ხელმძღვანელობდა დონელ კაზაკთა ჩრდილოეთის რაზმს, ხოლო მაისიდან – დონის არმიის ჩრდილოეთის დაჯგუფებას. იმავე წლის 11 მაისს აიღო ქალაქი ალექსანდრო–გრუშევსკი, რის შემდეგაც „წითლებისგან“ გაათავისუფლა მთელი ქვანახშირის რაიონი;  28 მაისს შეუტია სტანიცა მოროზოვსკაიას და ოთხდღიან ბრძოლაში გაანადგურა შჩადენკოს ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილები. ეს იყო დონელების პირველი ისეთი გამარჯვება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა – დაიწყო სტანიცებისა და სლობოდების სისტემატური გაწმენდა წითელი გვარდიისაგან. იმავე პერიოდში მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.

1918 წლიდან გენერალი ფიცხელაუროვი ცარიცინის რაზმებს მეთაურობდა – ხუთდღიან ბრძოლებში გაანადგურა მირონოვის შენაერთები, რომლებიც სარატოვის ოლქში შეიჭრნენ; 9 აგვისტოს აიღო ბოგუჩარი, შემდეგ კალაჩი, პავლოვსკი, კანტემიროვკა და მიადგა ცარიცინს. ერზოვკისა და პიჩუჟინსკაიას აღების შემდეგ იგი გავიდა ვოლგაზე და გაწყვიტა კავშირი ცარიცინის საბჭოთა ხელმძღვანელობასა და მოსკოვს შორის.

1918 წლის დეკემბრიდან იგი სტარობელსკის რაიონის გუბერნატორია, 1919 წელს დონის მე–5 დივიზიის მეთაურად გვევლინება. 1919–1920 წლებში ხელმძღვანელობდა დონის არმიის შემადგენლობაში შემავალ ბრიგადას, ხოლო 1920 წლის აპრილიდან – დონის საარმიო კორპუსს. 1919 წელს მიიღო გენერალ–ლეიტენანტის წოდება, 1920 წელს დაინიშნა მე–8 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად, ხოლო იმავე წლის მაისში ევაკუირებულ იქნა ყირიმში და დონის კორპუსის თადარიგში ირიცხებოდა.

1920 წლიდან ალექსანდრე ფიცხელაუროვი იმყოფება ემიგრაციაში  საფრანგეთში. სამხედრო–პოლიტიკური საქმიანობა აქაც არ შეუწყვეტია. იყო გაზეთ „დონსკი მაიაკის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, სადაც გამოდიოდა კაზაკთა ზნეობრივი ფასეულობების დამცველად: „რაჟამს კაზაკთა საზოგადოებაში  ფეხის შედგმას გადაწყვეტ – მოძღვრავდა ერთგულ მკითხველს – ნუ აჩქარდები, დააკვირდი, განსაჯე, ხოლო მასში ჩართვის შემდეგ ემსახურე მას მთელი გულით, მთელი გრძნობით. დაე შენი სამსახური იყოს ხალხისა და ღმერთისათვის, იმისათვის, რისთვისაც მოევლინე შენ ამ ქვეყანას!“

თეთრგვარდიელი გენერალი ფიცხელაუროვი მოხსენიებულია რუსი მწერლის, მიხეილ შოლოხოვის რომანში „წყნარი დონი“.

ВЧК–ის (კონტრრევოლუციასთან, სპეკულაციასა და დანაშაულებებთან მებრძოლი სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია) საგარეო განყოფილების მიერ 1921 წლის დეკემბერში მოსკოვში გაგზავნილ ინფორმაციაში (გრიფით „სრულიად საიდუმლო“) –  „გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი რუსული მონარქისტული ორგანიზაციები, მათი კავშირები ერთმანეთთან და სხვა სახელმწიფოებში არსებულ ანალოგიურ გაერთიანებებთან, პირადი შემადგენლობა და მუშაობა“, აღნიშნულია, რომ კონსტანტინოპოლში არსებობდა „დონელ მონარქისტთა საზოგადოება“, რომელსაც სათავეში ედგა ატამანი კრასნოვი. ამ ორგანიზაციაში ერთ–ერთ მთავარ როლს გენერალი ფიცხელაუროვიც თამაშობდა.

ალექსანდრე ფიცხელაუროვი გარდაიცვალა პარიზში, 1928 წელს.

წყარო: 

1. georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=2348

2. ჯავახიშვილი ნიკო. გენერალ–მაიორი ალექსანდრე ფიცხელაუროვი (ფიცხელაური) // ქართული დიპლომატია. – 2003. – №10. – გვ. 493–495


გააზიარე: