The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კოლა ქვარიანი

კოლა ქვარიანი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1980  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

1900 წელს ქუთაისში წარმოშობით ლეჩხუმელი ვექილის, ნესტორ ქვარიანისა და კესარია (ცუცქა)  ჩაჩანიძის ოჯახში დაიბადა ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ჭიდაობა სწავლის პერიოდშივე დაიწყო. იყო ტანმოვარჯიშეთა საზგოადოების „შევარდენის“ წევრი. ტანვარჯიშმა ნამდვილ ათლეტად ჩამოაყალიბა. მან  პირველმა გადალახა რიონის რთული უბანი, რომელსაც მოგვიანებით "ქვარიანის ჩქერები" უწოდეს. 1917 წ. შეხვდა მწვრთნელ სერგო ქუთათელიძეს, რომელმაც თბილისში წამოიყვანა და ფრანგ ჯო მორას გააცნო. კოლა კლასიკურ ჭიდაობაში დაოსტატდა, პროფესიონალი გახდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა. 1919 წ. დაქორწინდა ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულზე, სილმაზით განთქმულ მარიკო ყუფარაძეზე. მათი ოჯახი მალევე დაინგრა, ახალგაზრდებს ბავშვი დაეღუპათ და ერთმანეთს დაშორდნენ.

1922 წელს კოლა ქვარიანმა წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირზე, სადაც დაამარცხა პავლე ზაგორუიკო, ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი, იაუმზე, გვოზდოვსკი და სხვები. 1924 წელს, იმ დროისათვის ცნობილი ახალგაზრდა პოეტების პაოლო იაშვილისა და  კოლაუ ნადირაძის ინიციატივით, ქუთაისში იუბილე გადაუხადეს მხცოვან ქართველ ფალავანს ნესტორ ესებუას. საღამოს დასრულების შემდეგ მოჭიდავეთა პაექრობა გაიმართა, სადაც მთავარი გმირი კალა ქვარიანი იყო.

1921 წ. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამზადებულ უცხეთში გასატან ეროვნულ განძს ქუთაისში კონა ბადრიძესთან ერთად კოლა ქვარიანი დარაჯობდა. 1921 წელს კოლა ემიგრაციაში არ წასულა, დარჩა და ჭიდაობა გააგრძელა. 1927 წ. მოსკოვში ჩავიდა, ივან პოდუბნიმ ამერიკაში მსოფლიო ჩეპიონატზე წაიყვანა და სახელიც მალე გაითქვა. ლონდონში შეხვდა გიმნაზიის მეგობარი, მერაბ კვიტაშვილი, რომელიც იქ 1919 წლიდან ცხოვრობდა. როცა ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა, კანადაში მიიწვიეს და კანადელ მეტოქეებსაც იგივე ბედი ეწიათ. კოლამ დაამარცხა ცნობილი ფალავანები - ჟოზეფ ტოტა, მონდი ბერვიკი, ედი ლუისი და სხვ.

1932 წელს კოლა ქვარიანმა დატოვა აშშ-ში და საფრანგეთში გადასახლდა, სადაც დაქორწინდა არიადნა ნოვაკზე, რომელიც წარმოშობით ბულგარელ-გერმანელი იყო. საფრანგეთში მან გახსნა ქართული რესტორანი, სადაც თავს იყრიდნენ, როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე 30-იანი წლების სახელოვანი სპორტსმენები. პარალელურად წარმატებით ასპარეზობდა მოჭიდავეთა დიდ საერთაშორისო ტურნირებში. ქვარიანმა საფრანგეთში რვა წელიწადი იცხოვრა.

1940-იანი წლებიდან კოლა ქავარიანი სარბიელს ჩამოშორდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც გადიოდა ხალიჩაზე. 50 წლისამ მხოლოდ ქულებით წააგო თავისივე მოწაფე არჯენტინო დე როკასთან. იგი ძლიერი მოჭადრაკეც ყოფილა და ნიუ–იორკში საკუთარი საჭადრაკო კლუბიც ჰქონია. ის იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც თანრიგი ჰქონდა ჭადრაკში. 1956 წ. სტენლი კუბრიკმა კოლა ქვარიანი გადაიღო ფილმში „მკვლელობა“. ფილმის ერთ–ერთი სცენა ქვარიანის საჭადრაკო კლუბშია გადაღებული.

ჭიდაობით კოლა ქვარიანს დიდი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა სიმდიდრის დაგროვებაზე არ უფიქრია, ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, არა მარტო ქართველებს, არამედ კავკასიელებს და ამერიკელებსაც. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ– სათვისტომოს, ქართულ–ამერიკულ ლიგას. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს.

1973 წ. გარდაიცვალა კოლა ქვარიანი მეუღლე არიადნა ნოვაკი. მათ შვილი არ ჰქოლიათ.

სხლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კოლა ქვარიანის მთელი არქივი დაიწვა, თავად კი უპოვართა თავშესაფარს მიაშურა, სადაც 1980 წ. 17 თებერვალს გარადიცვალა (სხვა ვერსიით 1980 წლის თებერვალში ქვარიანს თავს დაესხა მოზარდების ჯგუფი, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა; შედეგად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა.)

კოლა ქვარიანის სურვილი მისი ფერფლი ქუთაისის ქუჩებში მიმოებნიათ აუსრულებელი დარჩა. 1990-იან წლებში ქუთაისში მწვანეყვავილაზე ერთ–ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა, მის სახლზე კი მემორიალური დაფა გაკეთდა.

წყარო:

1. დაუშვილი, რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : კოლა ქვარიანი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 135-137.

2. ქავარიანი ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.186-187.

3. მახარაძე, ირაკლი. ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანი : (1903-1980) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.95-98.

4. https://ka.wikipedia.org/wiki/კოლა_ქვარიანი

5. www.kvirispalitra.ge/.../7484-kola-qvariani-qar.


გააზიარე: