The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პავლე კვარაცხელია

პავლე კვარაცხელია
სხვა სახელი:ნაური  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1972  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

პავლე კვარაცხელია 1883 წლის 20 ივლისს დაიბადა აფხაზეთში, მდინარე კოდორის ნაპირებზე გაშენებლ სოფელში – ნა. ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ამერიკაში დ აფუძნებულმა თავისი სოფლის სახელის მიხედვით შეარჩია ფსევდონიმი – „ნაური“. დიმიტრი კვარაცხელიასა და მატრონა ჯოლოვახას ოთხ შვილიან ოჯახში პავლე უფროსი იყო და მასწავლებლობა სურდა. 1900 წ. მშობლებმა იგი გორის საოსტატო სემინარიაში მიაბარეს. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მწერალმა ნიკო ლომოურმა, რომლის მადლიერიც შეგირდი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო. 1904 წელს პავლემ სკოლა დაამთავრა და ექვსი წლის მანძილზე ოჩამჩირის სკოლაში ქართული ენის პედაგოგად იმუშავა.

1913 წელს პავლე კვარაცხელიამ სწავლა პეტერბურგის ფსიქო–ნევროლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა, რომლის დამთვარებაც I მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოახერხა. თბილისში დაბრუნებულმა აგროკულტურის შესწავლას მიჰყო ხელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დროს განათლების სამინისტროში მუშაობდა. 1918 წ. კი იმ 84 ახალგაზრდას შორის მოხვდა, ვინც საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ გაუშვა ცოდნის გასაღრმავებლად. 1920 წ. პავლე კვრაცხელია ჯერ ლონდონში, შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და ქალაქ იტაკის კორნელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ოკუპაციის შემდეგ 84 სუდენტიდან ერთადერთი იყო, ვინც ბოლშევიკებს უარი უთხრა სტიპენდიაზე.

პავლე კვარაცხელიამ მძიმედ განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. სულიერი და მატერიალური გაჭირვების მიუხედავად წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი. 1923 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი აგროკულტურისა და მცენარეთა დაცვის დარგში. დატოვეს ტომპსონის სახელობის მცენარეთა კველვის ინსტიტუტში, სადაც 30 წელი იმუშავა. აქ მიიღო ჯერ მაგისტრის, შემდეგ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინსტიტუტშიც და ითაკის უნივერსიტეტშიც ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მომავალი მეუღლე თამარ ჯორჯიკია კორნელის უნივერსიტეტში გაიცნო. თამარი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი მშობლებთან ერთად ხარბინში ცხოვრობდა, მერე ამერიკაში სან–ფრანცისკოში გადასახლდნენ, საიდანაც ნიუ–იორკში გადავიდნენ. თამარი და პავლე 1923 წელს დაქორწინდენ. 1924 წ. შეეძინათ ქალიშვილი ნინო, 1926 წლეს კი – ელისაბედი (ბეტი). ბავშვების გამო თამარმა ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძლებმა. კვრაცხელიებმა სახლი შეიძინეს ნიუ–იორკთან ახლოს, ქალაქ იანკერსში, სადაც ტომპსონის ინსტიტუტი მდებარეობდა. მალე კვარაცხელიების სახლი ქართველბის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა.

1930–იანი წლების დასაწყისში სათვისტომოს დაარსების იდეას პირველად თამარ ჯორჯიკიამ, ასლან ყრუაშვილმა და კოსტა ხუნწარიამ აუბეს მხარი. სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევა 1932 წლის 31 იანვარს იანკერსში , სწორედ კვარაცხელიების სახლში მოხდა. 1932 წლი 24 აპრილს ქართული ასოციაციის პირველ კრებაზე სათვისტომოს პირველ თავმჯდომარედ პავლე კვარაცხელია აირჩიეს. პავლე კვარაცხელია სათვისტომოს გარდა სხვა მხრივაც ეწეოდა აქტიურ ქართულ საქმიანობას. წერდა სტატიებს და კორესპონდენციებს ემიგრანტულ პრესაში, ოჯახთან ერთად მონაწილეობდა ყველა ქართულ ღონისძიებაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, , როცა ამერიკაში ანტისაბჭოთა ტენდენციები გააქტიურდა, პავლე კვარაცხელია აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი იყო 1950 წელს დაარსებული „ქართველ–ამერიკელთა ლიგის“ ვიცე თავმჯდომარე, ლიგის ოფიციალური ორგანოების, ჟურნალები „ცნობის ფურცელი“ და „ჩვენი გზა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

1950-იანი წლების დასაწყისში პავლე კვარაცხელია პენსიაზე გავიდა, ინსტიტუტმა დიდი პატივისცემითა და ჯილდოებით გააცილა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კვარაცხელიების ოჯახი ფლორიდის სამხრეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ფორტ ლაუდერდელში გადასახლდა.

1972 წ. 12 ნოემბერს პავლე კვარაცხელია გარდაიცვალა. კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ოკეანის თავზე გაფანტეს.

წყარო:

1.  დაუშვილი, რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : პავლე კვარაცხელია // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. -  გვ. 117-119.

2. კვარაცხელია პავლე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.119. 

3. diaspora.gov.ge/?p=2591

4. www.ambioni.ge › ემიგრანტის წერილები


გააზიარე: