The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ გოგუაძე

ვლადიმერ გოგუაძე
სხვა სახელი:ვალოდია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1954  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს ეროვნული გმირი (1918) ვალოდია საბას ძე გოგუაძე 1880 წელს დაიბადა გურიის სოფელ ჭანჭათში (ოზურგეთის მაზრა). მისი მშობლები გლეხები იყვნენ და ოჯახს იჯარით აღებული მიწის დამუშავებით არჩენდნენ.  ვალოდია მამის შესახებ იხსენებდა, რომ მას ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებები. ხალხი დიდ პატივს სცემდა და მართალ კაცს უწოდებდა. შვილებსაც ამ პრინციპით ზრდიდა.

ხუთ ძმასა და ორ დას შორის (გოგუაძეების კიდევ ოთხი შვილი ყვავილმა იმსხვერპლა) ვალოდია ყველაზე უფროსი იყო და მშობლებს რომ მხარში ამოსდგომოდა, ბავშვობიდანვე შეუდგა მძიმე შრომას. 7 წლისა სოფლის სკოლაში მიაბარეს, მაგრამ უსახსრობის გამო მხოლოდ 3 წელიწადს სწავლობდა. 11 წლისა იძულებული გახდა, მოჯამაგირედ დამდგარიყო. ერთ წელიწადში ბათუმში წავიდა სამუშაოს საძებნელად. პირველად არ გაუმართლა, იქ  ციებ-ცხელებით დაავადდა და სამი თვის შემდეგ შინ დაბრუნდა. თუმცა განკურნებისთანავე კვლავ გაემგზავრა და სამუშაოც იშოვა ნავთობის ქარხანაში. ბათუმში18 წლამდე დარჩა, შემდეგ გურიაში დაბრუნდა და ხე–ტყის დამზადებაზე დაიწყო მუშაობა.  

1900 წელს, 20 წლის ვალოდია, რუსულ ჯარში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. 1901-02 წლებში ირიცხებოდა მეხუთე მსროლელ ბრიგადაში. მსახურობდა ოდესაში, მანჯურიაში. როგორც მისი მემუარებიდან ირკვევა, სისტემატურმა წრთვნამ იგი კარგ სპორტსმენად და საუკეთესო მსროლელად ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სოფლის სკოლა ჰქონდა დამთავრებული თავისი წარმატებებით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და სხვა მოწინავე ჯარისკაცებთან ერთად საუნტეროფიცერო სკოლაში განამწესეს. ბეჯითი მეცადინეობით აქაც მალე დაწინაურდა, უნტეროფიცრობას მიაღწია, თანაც ყველა საბრძოლო-სასწავლო გამოცდა უმაღლესი შეფასებით ჩააბარა.

1903 წლის სექტემბერში ვალოდია გოგუაძე საქართველოში დაბრუნდა და ბაქო-ბათუმის რკინიგზაზე მოეწყო სამუშაოდ. 1904 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა, ხოლო ამ პარტიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ - მენშევიკი. თუმცა ის იმ იშვიათ მენშევიკთაგანი იყო, ვისთვისაც ეროვნული იდეა  იყო უმთავრესი.

ბაქოში ვალოდია გოგუაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. პირველ ხანებში მას დაევალა არალეგალური ლიტერატურის გადატან–გადმოტანა ბაქო–თბილისს შორის, რადგან მატარებლის კონდუქტორად მუშაობდა. შემდეგ როცა მოძრაობა გაიზარდა და პოლიციასთან დემონსტრანტთა შეტაკებები გახშირდა, ვალოდია, როგორც გამოცდილი მებრძოლი, სოციალ–დემოკრატებმა სამხედრო რაზმის უფროსად აირჩიეს. მაშინ თითქმის ყველა პარტიასთან არსებობდა ე. წ. „მეომარი ლაშქარი“.

რევოლუციური იატაკქვეშა კომიტეტის დავალებით ვალოდია გოგუაძემ მრავალრიცხოვანი ტერორისტული აქტი ჩაატარა მეფის რეჟიმის წინააღმდეგ. მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში, თავის რაზმელებთან ერთად სდევნიდა ყაჩაღთა ბანდებს, რომელთა რაოდენობაც ძლიერ მომრავლდა რევოლუციის პერიოდში. ბაქოში მას „დიდი ვალოდია“ შეარქვეს. მთავრობის მიერ იგი კანონგარეშე იყო გამოცხადებული და მკვლელებიც ყავდა მიჩენილი, მაგრამ დასხლტომას ყოველთვის ახერხებდა, თუმცა მრავალჯერ დაიჭრა.

1909 წლიდან გოგუაძე გურიაშია. ის ფაქტობრივ მფარველად მოევლინა მთავრობისა და პოლიციისგან მიტოვებულ მოსახლეობას. თუკი ვინმეს დაჩაგრავდნენ და შეავიწროებდნენ, ყველა მასთან მირბოდა და შველას სთხოვდა. ამიტომ მას მოსაკლავად დასდევდა არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ყაჩაღებიც.

1916 წლის მაისში, სოფელ გუთურში ყაჩაღებთან შერკინების დროს, ვალოდია გოგუაძე მარცხენა ფეხში დაიჭრა. ჭრილობა მძიმე აღმოჩნდა, მუხლის ძვალი დამსხვრეული ჰქონდა. ვინაიდან პოლიცია ეძებდა მეგობრები მას სოფელ–სოფელ მალავდნენ, სადაც ექიმბაშები მკურნალობდნენ. მხოლოდ 1917 წლის მარტში მოხერხდა მისი თბილისში ჩამოყვანა. რამდენიმე ოპერაციის შედეგად ფეხი შეუნარჩუნეს, თუმცა ოდნავ დაუმოკლდა და მუხლშიც მოხრილი დარჩა.

ვალოდია ჯერ კიდევ ყავარჯნებით დადიოდა, როცა თბილისში დაარსებულმა თავდაცვის კომიტეტმა (ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.) იგი მიიწვია გაძლიერებული ანარქიის საწინააღმდეგოდ შექმნილი შეიარაღებული რაზმის ხელმძღვანელად. 1917 წლის 11-12 დეკემბერს ვალოდია გოგუაძემ გვარდიასთან ერთად აიღო თბილისის არსენალის გაბოლშევიკებული გარნიზონი.    

1918-1921 წლებში ვალოდია გოგუაძე იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური. დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა საქართველოს ყოველი მხრიდან უტევდნენ,  გოგუაძის ჯავშანმატარებლები იცავდნენ სამშობლოს საზღვრებს შიდა თუ გარე მტრებისაგან. მასთან ერთად იბრძოდნენ მისი ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი - რომელიც ერთ-ერთი ჯავშნოსანს მეთაურობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯავშანმატარებელთა რაზმში ირიცხებოდა ვალოდიას ცოლი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ იმდენად შეუყვარდა მასზე 11 წლით უფროსი რაინდი, რომ სწავლა მიატოვა და 1919 წლიდან მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა.

ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასი ჯარისკაცით სავსე ეშელონების თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა.

განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით ოსმალური სამხედრო შენაერთების მდინარე ჩოლოქზე შეჩერების გამო, გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს. ყრილობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - გოგუაძისთვის „რევოლუციის პირველი გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ.

გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში. მათ შორის, სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებერვალი), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნისი), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკემბერი).

სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დროს გოგუაძე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებერვალი) მძიმედ დაჭრილი ვალოდია მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას მეუღლეც შეუერთდა. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ, 1923 წელს, პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. როგორც ქართველი ემიგრანტი ლევან ფაღავა იხსენებდა: ,,ვალოდიამ და ნამომ ხმალი ქარქაშში ჩააგეს და მათ გონიერი, მუყაითი მიწის დამუშავებით და განუწყვეტელი მძიმე შრომით შექმნეს ემიგრაციაში  განთქმული ქართული ოჯახი, სადაც მეფობდა ენა ქართული, შემკული ყველა მშობლიურ დიდებულ ტრადიციებით“.

ვალოდია გოგუაძე ემიგრაციაში იყო საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსა და საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. უცხოეთში მან დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. გოგუაძის „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წლებს  ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ.

ჯავშანმატარებლის ლეგენდარული მეთაური 1954 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოს მიაბარეს.

ნამეტია ბერძენიშვილი მეუღლის გარდაცვალებამ ვერ გატეხა და კიდევ 34 წელი იცოცხლა, გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ამ ქალბატონის ღვაწლი ძალზე დიდია ქართული ემიგრაციისა წინაშე. მისი თაოსნობით მოხდა ლევილში ქართველთა სასაფლაოსათვის მიწის შეძენა. მას პირველს მიენიჭა ქართული სათვისტომოს საპატიო წევრის წოდება. ემიგრანტმა ქართველებმა მას ,,ლევილის ადგილის დედაც” უწოდეს. როგორც იმ პერიოდის ქართული ემიგრანტული პრესა იტყობინება,  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გადაუხდია ნამეტია ბერძენიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ასე მიებარა საქართველოსათვის მებრძოლი ვაჟკაცი და მისი მეუღლე უცხოეთის მიწას. მათ შვილი არ დარჩენიათ.

წყარო:
1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_გოგუაძე 

2. pirvelirespublika.blogspot.com/2015/08/blog-post_14.html

3. ვადაჭკორია, ოთა. ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე) . –[თბილისი], 2014 

4. ურატაძე, გრ. ვალოდია გოგუაძე // მებრძოლი საქართველო. - პარიზი, 1954. - ივლისი. - N19. - გვ.13-16


გააზიარე: