The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიგუშა ერისთავი

გიგუშა ერისთავი
ოფიციალური სახელი:გიორგი ერისთავი
სხვა სახელი:გიგუშა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1947  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა შთამომავალი, გენერალ–მაიორი გიორგი (გიგუშა) ერისთავი დაიბადა 1875 წლის 3 ოქტომბერს გენერალ–ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავის ოჯახში. დედა – ეკატერინე სარაჯიშვილი. გენერალ–ლეიტენანტი იყო მისი უფროსი ძმა ალექსანდრე ერისთავიც.

გიგუშა ერისთავმა დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და 01.09.1893–დან ჩადგა სამხედრო სამსახურში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა კორნეტის ჩინით (12.08.1895). იმავე წელს განამწესეს ლაიბ–გვარდიის ულანთა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში).

პოლკში მისი კარიერა წარმატებით განვითარდა: 12.08.1899–ში დაინიშნა პორუჩიკად, 12.08.1903–დან შტაბს–როტმისტრია. ამავე წელს გახდა ფლიგელ–ადიუტანტი, 1907 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა როტმისტრის, შემდეგ ადიუტანტის ჩინი. 1916–1917 წლებში უკვე თავად მეთაურობდა აღნიშნულ პოლკს. გიგუშა ერისთავი იმპერატორ  ნიკოლოზ II–ის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1914 წლის 6 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის ოქტომბერში მეთაურობდა გვარდიის კავალერიის ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილ იქნა მოსკოვში ჩრდილო–დასავლეთის ფრონტიდან. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში,  განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე იქნა გაუქმებული და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან).

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის გიგუშა ერისთავი დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის ორდენის III (1906), II (1913) და II (მახვილებით. 1915) ხარისხებით;  წმ. ანას ორდენის III (1910), II (მახვილებით. 1914) და III (მახვილებითა და ბაფთით. 1916) ხარისხებით; წმ. ვლადიმერის ორდენის IV (მახვილებითა და ბაფთით. 1914) და III (მახვილებით. 1916) ხარისხებით; მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ (1901) და ჩერნიგორიის „თავად დანიელის“ (1903) III ხარისხის ორდენები; საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი და ასევე, იტალიის „ წმინდა მავრიკისა და ლაზარეს“ ორდენის კომანდორის ჯვარი. 

1917 წლის ბოლოს გიგუშა ერისთავი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში. ცხოვრობდა თბილისში. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა ცხენოსან კორპუსს. 1918 წელს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება.

1918 წელს ცოლად შეირთო იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა მერი შერვაშიძე. მათ ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს, მაგრამ დაქორწინება დაუგვიანდათ, რადგან ფრეილინებს გათხოვება ეკრძალებოდათ. მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწერეს ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1921 წლის თებერვალ–მარტში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალი ერისთავიც ბრძოლით იხევდა ბათუმისკენ. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი ბათუმიდან საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბულში, სადაც მას უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. 

ემიგრაციაში გიგუშა ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში. გარდაიცვალა პარიზში, 1947 წლის 10 მაისს. დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე, მეუღლესთან ერთად. აქვეა მისი ძმის საფლავიც.

წყარო:

1. www.grwar.ru/persons/persons.html?id...

2. გოგიტიძემამუკაერისთავი გიორგი (გიგუშანიკოლოზის ძე, თავადი  // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 28-29

3. ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები // ისტორიანი. – 2019. - #3. - გვ. 36-43


გააზიარე: