The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კარლო ჩხეიძე

კარლო ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1864
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1926  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პერლაშეზის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

კარლო ჩხეიძე დაიბადა 1864 წ. 10 მაისს ქუთაისის გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო და ქუთაისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. მერვე კლასიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გიმნაზია დაატოვებინეს. მან მოახერხა და სწავლა რუსეთში გააგრძელა, თუმცა  1887 წელს ნოვოროსიიკის უნივერსიტეტიდან, 1888 წელს კი ხარკოვის ვეტ–ინსტიტუტიდან გარიცხეს.  80-იანი წლების ბოლოს სამშობლოში ბრუნდება და კარლ მარქსის მოძღვრებით ინტერესდება. ამ პერიოდიდან შეარქვეს ზედმეტსახელი „კარლო“, რომელიც მის პარტიულ სახელად იქცა.

1891 წ. კარლო ჩხეიძემ გაიცნო ეგნატე ნინოშვილი და დაუახლოვდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. სულ მალე საზოგადოებამ ის გაიცნო, როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი და ორატორი. 1892 წლის დეკემბერში მონწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელ კრებაში. 1898 წლიდან სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრია, 1903 წლიდან – მენშევიკი.

90-იანი წლების დასაწყისიდან კარლო ჩხეიძე ბათუმში ცხოვრობდა და ისიდორე რამიშვილთან ერთად ბათუმის მუშათა წრეებში მარქსისტული იდეების პროპაგანდას ეწეოდა.  1898 წ. ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს. ეს მთელ კავკასიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა სოციალ–დემოკრატი ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს. 1905-07 წლების რევოლიციის დროს კარლო ჩხეიძე მასებს მეფის თვითმყრობელობის დამხობისაკენ მოუწოდებდა. რევოლუციის დამარცების შემდეგ არალეგალურ მუშაობას იწყებს, ტოვებს ბათუმს და 1906 წელს გურიაში მოღვაწეობს. 1907 წელს თბისლისშია და ქალაქის საბჭოს ხმოსნად ირჩევენ. კარლო ჩხეიძე იყო მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან. 1912 წლიდან მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის ლიდერი იყო. ასევე გახლდათ „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის“ ლოჟის წევრი. 10 წლის მანძილზე რუსეთის სათათბიროს დღის წესრიგში თითქმის არც ერთი საკითხი არ მდგარა, რომლის განხილვაშიც კარლო ჩხეიძეს მონაწილეობა არ მიეღოს. მისი ყოველი გამოსვლა რუსეთის მუშათა კლასისა და იმპერიაში შემავალი დამონებული ხალხების ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული. მას ჰქონდა ორატორის ბრწყინვალე ნიჭი და იუმორის დიდი გრძნობა, რითაც იოლად ახერხებდა აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. თითქმის ყოველი არდადეგების დროს კარლო ჩხეიძე სამშობლოში ბრუნდებოდა და გამუდმებით მშრომელთა შორის ტრიალებდა. მიაჩნდა რომ მისი, როგორც დეპუტატის უპირველესი დასაყრდენი მშრომელი ხალხი იყო, რომლის სახელითაც იგი ტრიბუნიდან ლაპარაკობდა.

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კარლო ჩხეიძე შედიოდა სათათბიროს დროებითი კომიტეტის პრეზიდიუმში, რომელმაც დროებითი მთავრობის შექმნამდე  ქვეყნის ხელმძღვანელობა იკისრა. 1917 წ. მარტში აირჩიეს პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ.

1917 წ. ოქტომბერში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კარლო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა.  1918 წ. თებერვალში, როდესაც ამიერკავკასიის სეიმი შეიკრიბა, მის თავმჯდომარედ კარლო ჩხეიძე აირჩიეს, ხოლო შემდეგ დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის პირველ თავმჯდომარედ. 1919-20 წწ. კარლო ჩხეიძე მეთაურობდა საქართველოს დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე. 1919 წ. დამუძნებელი კრების თავმჯდომარის არჩევნების დროს დეპუტატებმა პარიზში მყოფ კარლო ჩხეიძეს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეობა მიანდეს. 1920 წ. ბოლოს კარლო ჩხეიძე პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა და უშუალოდ შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, მან დიდი წვლილი შეიტანა დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების საქმეში.

1921 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში, ცხოვრობდა პარიზში.  პირად ცხოვრებაში ჩხეიძემ დიდი ტრაგედია გადაიტანა, 1917 წელს დაეღუპა ერთადერთი ვაჟიშვილი. თავად 1926 წელს ლევილში მოიკლა თავი, მაგრამ სიკვდილამდე დატოვა ერთი წარწერა „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ლევილის ქართველთა სასაფლაო. შესაბამისად, ის დაკრძალეს პარიზში, პერ–ლაშეზის სასაფლაოზე.

წყარო:

1. საითიძე, გიორგი. საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე : (შტრიხები კარლო ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტისათვის) //ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები / გიორგი (გელა) საითიძე. - თბილისი, 2013. - გვ.140-149

2. ჩხეიძე ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.203-204. 

3. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე : 1864-1926 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.302-303. 

4. ქუთათელაძე, ზურაბ. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926) : რუსული მენშევიზმის ლიდერი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.172-173.

5. pirvelirespublika.blogspot.com/2015/07/1864-1926.html


გააზიარე: