The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე გრუზინოვი

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1935  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფია, ბულგარეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გრუზინოვების საგვარეულოს ფუძემდებელი იმერელი აზნაური რომანოზ ნამჩევაძე, დაახლოებით 1728 წელს დასახლებულა მდინარე დონის პირას, სტანიცა სტაროჩერკასკში. მისმა უფროსმა ვაჟმა იოსებმა ცოლად შეირთო კაზაკის ქალი, გვარად აფანასიევა, რომლისგანაც შეეძინა ხუთი ვაჟი: ევგრაფი, პეტრე, რომანი, ათანასე და ნიკოლოზი. ისინი გრუზინოვების გვარით შევიდნენ რუსეთის ისტორიაში. ძმები რუსეთის იმპერიის გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ. კერძოდ, ევგრაფ გრუზინოვმა (1770–1800) თავი გამოიჩინა პოლონეთთან და შვედეთთან ომში. 1796 წელს ჩამოაყალიბა კაზაკთა ლაიბ–გვარდიის პოლკი, რომელსაც სათავეში თავადვე ჩაუდგა. იყო გვარდიის პოლკოვნიკი და მრავალი ორდენის კავალერი. კაზაკთა ლაიბ–გვარდიის პოლკოვნიკი იყო მისი უმცროსი ძმაც – პეტრე გრუზინოვი (1772–1800), რომელმაც თავი ისახელა ოჩაკოვისა და რიმნიკის ბრძოლებში. ორივე ძმა იმპერატორ პავლე I–ის თავნებობის მსხვერპლი გახდა.

ათანასე თევდორეს ძე გრუზინოვმაც, თავის წინაპართა მსგავსად, სამოღვაწეო ასპარეზად სამხედრო საქმე აირჩია. დაიბადა 1884 წელს სტანიცა სტაროჩერკასკში, დაამთავრა დონის კადეტთა კორპუსი (1901) და კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1903). იყო „ვოისკოვოი სტარშინა“ ( შეესაბამება პოლკოვნიკის წოდებას), დონელ კაზაკთა VIII საარტილერიო დივიზიონის მეთაური. მსახურობდა დონის არმიაში. 1918 წლის იანვარ–თებერვალში ეკავა ზემოხსენებული თანამდება, ზაფხულიდან კი ხოპერისა და დონის პარტიზანული დივიზიის არტილერიის ინსპექტორად დაინიშნა. 1919 წლის იანვარში პოლკოვნიკის წოდებით სათავეში ჩაუდგა I მსროლელ ბატარეას. 1920 წლის მარტიდან პარტიზანთა დივიზიის სემილეტის ბატარეის მეთაური იყო. 1920 წლის ივნისიდან მსახურობდა რუსულ არმიაში, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბრიდან ყირიმიდან ევაკუაციამდე (1920 წლის მიწურული) იყო დონის II ცხენოსანი საარტილერიო დივიზიონის მეთაური, რომელთან ერთადაც ევაკუირებულ იქნა კუნძულ ლემნოსზე (ოსმალეთი). 1925 წლის შემოდგომიდან დონის კაზაკთა V პოლკის შემადგენლობაში იმყოფებოდა ბულგარეთში, სადაც დარჩა კიდეც ემიგრანტის სტატუსით.

ათანასე გრუზინოვი გარდაიცვალა 1935 წლის 1 თებერვალს სოფიაში.  

წყარო:

1. regiment.ru/bio/G/374.htm 

2. www.krimoved-library.ru › Библиотека

3. ჯავახიშვილი ნიკო. ათანასე თევდორეს ძე გრუზინოვი (ნამჩევაძე) // ქართული დიპლომატია. –2004. – №11. – გვ. 194-195


გააზიარე: