The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი მინაშვილი

ირაკლი მინაშვილი
დაბადების თარიღი:1957  (67 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ის ლაბორატორიაში, ადგილზე, სადაც ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს, ქართველი ფიზიკოსებიც უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობენ.

საქართველოსა და CERN–ს შორის ურთიერთობა 1996 წლიდან დაიწყო. CERN-ის ლაბორატორიაში განთავსებული ადრონული კოლაიდერი დღეს ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სტადიაშია. კოლაიდერის შექმნასა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა შორის, ქართველებიც მონაწილეობენ. მათი კვლევის ძირითადი საგანია: როგორი იყო სამყარო მისი წარმოქმნის დროს, 14 მილიარდი წლის წინ პირველ მიკროწამებში; როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკი, ატომი, მოლეკულა, შემდეგ კი - ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები; რა არის შავი ხვრელი; განვითარების რა გზა გაიარა და როგორი დასასრული ექნება სამყაროს. 

ერთ–ერთი უდიდესი ექსპერიმენტი, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს, არის „ატლასი“, რომლის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ირაკლი მინაშვილია.

ირაკლი მინაშვილი დაიბადა თბილისში 1957 წელს. მშობლებს საინჟინრო განათლება ჰქონდათ.  პირველი მასწავლებელი, ვინც ფიზიკა შეაყვარა, მისი სკოლის პედაგოგი აპოლონ მილორავა იყო. მადლიერებით იგონებს მათემატიკის მასწავლებელ ლამარა ვეკუასაც, რომელიც აკადემიკოს ილია ვეკუას ქალიშვილი გახლდათ. სწორედ ამ ხალხმა გააღვივა მასში ფიზიკის სიყვარული და უდიდესი როლი შეასრულა მის პროფესიულ არჩევანში.

1974 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის სკოლა. ამ სკოლაში სწავლობენ ბავშვები, რომლებსაც ფიზიკა-მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი და გახსნილი გონება აქვთ, რომლებსაც უყვართ ეს საგნები. გამორჩეულად ძლიერი კლასი ჰქონდათ, უმაღლესში ჩაბარება არც ერთს არ გასჭირვებია. ირაკლი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სადიპლომო ნაშრომი მოსკოვთან ახლოს, ქალაქ დუბნაში დაიცვა. აქ მდებარეობს გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს. დუბნა იყო და არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი კვლევითი ცენტრი (არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ სახელმწიფოებს შორის). ამის შემდეგ ირაკლი მინაშვილი ინსტიტუტში სამუშაოდ დატოვეს და დღესაც მისი  წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (კონტრაქტით მომუშავე) გახლავთ.

დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტიდან მიიწვიეს CERN-ში, ერთ-ერთ მასშტაბურ ექსპერიმენტ – ATLAS –ზე. ეს 1989 წელს მოხდა. მაშინ იმ ექსპერიმენტში (WA91) მხოლოდ 12 კაცი მონაწილეობდა და აქედან ორი ქართველი იყო - ჯერ ირაკლი მინაშვილი, ხოლო ერთი წლის შემდეგ მიემატა გურამ ჩლაჩიძე, რომელიც დღეს ამერიკაში მოღვაწეობს (ფერმის ნაციონალური ლაბორატორია (ბატავია, აშშ).

ამჟამად ირაკლი მინაშვილი CERN–ის ასოცირებული წევრი და ATLAS ექსპერიმენტის კალორიმეტრის მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელია. მისი განმარტებით, მეცნიერები ცდილობენ, ექსპერიმენტისთვის იგივე პირობები შექმნან, რაც დიდი აფეთქების ანუ სამყაროს დასაწყისის პერიოდში იყო. ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევები მიმდინარეობს დანადგარ „ატლასზე“, იმ სამი ექსპერიმეტის პარარელურად (CMS, LHCb, ALICE), რომლებიც ხორციელდება დიდ ადრონულ ამაჩქარებლზე /კოლაიდერზე (LHC, large hadron collider). კოლაიდერის სიგრძე 27 კილომეტრია და მიწიდან 100 მეტრის სიღრმეშია განთავსებული. ამაჩქარებელთა რთულ სისტემაში პროტონთა ნაკადების 7 ტევამდე აჩქარება, წრიულ გვირაბში მათი „დაგროვება“, შემდეგ კი ამ გვირაბის სხვადასხვა ადგილას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ნაწილაკთა ნაკადების შეჯახება ხდება. ნაწილაკების დაჯახებისას ტემპერატურა დაახლოებით 4 ტრილიონს (ცელსიუსით) აღწევს, რომელიც 400-ათასჯერ მეტია მზის ცენტრში არსებულ ტემპერატურასთან შედარებით. შეჯახების ადგილებში ექსპერიმენტული დანადგარებია განთავსებული, რომელთა დანიშნულება თანამედროვე ფიზიკის აქტუალური საკითხების გადაჭრაა.

ბოლო ათი წელია, ირაკლი მინაშვილი, ძირითადად, CERN-ში მოღვაწეობს. პარალელურად, აგრძელებს თბილისის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლად მუშაობას. CERN-შიც და დუბნაშიც კვლევები ფუნდამენტური ფიზიკის მიმართულებით მიმდინარეობს. ეს ორი ინსტიტუტი თანამშრომლობს კიდეც და ერთმანეთს კონკურენციასაც უწევს. თუმცა, მეცნიერებაში კონკურენცია არ არსებობს. ყოველთვის საჭიროა, შენი მიღწევა სხვას გააცნო, გაუზიარო. ამის გათვალისწინებით, ორივე ეს ინსტიტუტი „ინფორმაციულად ღიაა“.
საერთოდ, CERN-ში ასეთი სტრატეგია აქვთ - ცდილობენ, დეტექტორის ნაწილების შექმნაში სხვადასხვა ქვეყანა ჩართონ. ადრონული კალორიმეტრის 1/4 ამერიკაში, 1/4 ესპანეთში, 2/4 კი დუბნის (რუსეთი) გაერთიანებული კვლევების ინსტიტუტში დამზადდა. დუბნაში მის შექმნაში მონაწილე ქართველების ჯგუფი წამყვანი იყო.

ადრონულ კალორიმეტრში სულ 64 მოდულია, თითოეულის წონა 12 ტონაა (გრძელი მოდულების - 22 ტონა). გაკეთების შემდეგ ის დუბნიდან CERN-ში, მახასიათებლების დაუკარგავად ჩაიტანეს. უკვე 2004 წელს დეტექტორის ყველა ნაწილს მოუყარეს თავი. მისი ძირითადი ნაწილები შეიქმნა საფრანგეთში, იაპონიაში, ამერიკაში, დუბნაში, ესპანეთში, დანიასა და იტალიაში. ამის შემდეგ საჭირო იყო დეტექტორის ნაწილების ცალ-ცალკე ტესტირება, რაც 2004-2008 წლებში მოხდა.

საქართველოს წარმომადგენლები CERN-ის ორი ექსპერიმენტის - ATLAS –ისა და CMS-ის ოფიციალური მონაწილენი არიან და ქართველი ფიზიკოსების წვლილი იქ საკმაოდ მაღალია. შტატში მყოფი ფიზიკოსი ცერნში სულ ორასია, დანარჩენები მოწვეული არიან. ყველა იქ მყოფი ქართველი ფიზიკოსი თბილისის ფიზიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების წარმომადგენელი ან ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დონე მისაღებია ევროპისთვის, მსოფლიოსთვის.

გარდა სამეცნიერო ურთიერთობებისა CERN–ში მოქმედებს მასწავლებელთა პროგრამა.

მასწავლებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი კვირით იწვევენ და ლექციები ეკითხებათ იმ ენაზე, რა ენაზეც ასწავლიან. 2011 წლიდან, CERN–ში მყოფი ქართველი ფიზიკოსების დახმარებით, ქართველი მასწავლებლებისთვის უკვე 5 ასეთი პროგრამა განხორციელდა. საქართველოდან 84 მასწავლებელი, ხოლო,  ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი კლასების მოსწავლეთა რამდენიმე ჯგუფი იყო ჩასული სამ-ოთხდღიანი პროგრამით.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში 2010 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ ფიზიკა–მათემატიკის დარგის მეცნიერებს, ავტორთა კოლექტივს – ედიშერ ცხადაძეს, ირაკლი მინაშვილს, ალექსანდრე შარმაზანაშვილს და ჯემალ ხუბუას – ნაშრომთა ციკლისთვის „დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS -ში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა“.
აკაკი მინაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მეუღლეც CERN-ში, მის ჯგუფში  მუშაობს. შვილებმა სხვა პროფესია აირჩიეს, არც ერთი არ დაინტერესდა ფიზიკით. ქალიშვილი კოსმოსური ხომალდების პროექტებს აკეთებს, დიზაინერია.

წყარო:

1. mastsavlebeli.ge/?p=2654

2. www.allnews.ge/ტეგები/1220-ირაკლი-მინაშვილი.html

3. საქართველო. პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი; 2004...] ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში 2010 წლის შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების შესახებ: განკარგულება //ქართველოლოგია. - თბილისი, 2010. - მაისი-ივნისი. - N3. - გვ.4-5


გააზიარე: