The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე დუმბაძე

ივანე დუმბაძე
Date of birth:19 January, 1851
Date of death:10 January, 1916  (at 64 years)
Category:Military Person

Biography

ივანე დუმბაძე დაიბადა 1851 წლის 19 იანვარს, ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მისი მამა, აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ცნობილია, როგორც ლოტბარი და მგალობელი, მაგრამ იგი ამავე დროს იყო  პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–78 წლების ომის მონაწილე, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. ანტონს ცოლად ჰყავდა თავად ნაკაშიძის ასული. ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა – 2 ასული და შვიდი ვაჟი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა და ელენე. უფროსი ვაჟი, დავითი სასულიერო პირი გახდა და ამავე დროს მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; მელიტონი სამოქალაქო სამსახურში ჩადგა; დანარჩენმა ვაჟებმა კი სამხედრო საქმეს მიუძღვნეს ცხოვრება და ხუთივემ რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ–მაიორობას მიაღწია. მათგან ყველაზე წარმატებული იყო ივანე დუმბაძე – ქალაქ იალტის მთავარმართებელი, რუსი ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური, ნიკოლოზ II–თან დაახლოებული პირი, ცნობილი თავისი ექსტრავაგანტული ქცევების, სისასტიკისა და შავრაზმული შეხედულებების გამო.

ივანე დუმბაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1869 წლის 30 სექტემბერს შევიდა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც დაასრულა პირველი ხარისხით. 1872 წლის 20 დეკემბერს პრაპორშჩიკის ჩინით გაიგზავნა კავკასიის მე-18 ბატალიონში. 1875 წელს გადაიყვანეს ახალციხის 162–ე ქვეით პოლკში. 1876 წლის 18 ოქტომბერს მიიღო პოდპორუჩიკის  წოდება. 1877–78 წლებში მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში. 1878 წელს ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის დაიმსახურა პორუჩიკის წოდება.

1879 წელს ივანე დუმბაძე დაინიშნა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ოფისში, ერთ-ერთი დამსჯელი ასეულის მეთაურად. მისი ფუნქცია იყო მაღალმთიან რაიონებში არსებული აჯანყების ჩახშობა. 1880 წლის 27 იანვარს მიანიჭეს შტაბსკაპიტნის ჩინი და განამწესეს გურიაში, მის მშობლიურ მხარეში  ფირალებთან საბრძოლველად. გურიაში ყოფნისას ივანემ მოიტაცა ესე გურიელის ქალიშვილი. გურიელმა ითაკილა აზნაურ დუმბაძის სიძეობა და ფირალ დათულია სურგულაძეს სთხოვა მისი მოკვლა. 1882 წელს ორმხრივ სროლაში ფირალები დახოცეს. ამ დამსახურებისთვის ივანე დუმბაძე დააჯილდოვეს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით ბაფთითა და ხმლებით. იმავე წლის 7 აგვისტოს გახდა კაპიტანი. 1886 წელს დაიჭრა და მიიღო კონტუზია, რის გამოც ის დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით ხმლებით.

ფირალებთან ბრძოლაში ივანე დუმბაძემ 9 წელი გაატარა. 1887 წელს იგი გადაიყვანეს მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო მოსამართლედ. ამ პერიოდში დუმბაძე დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. 1894 წლის 26 თებერვალს მიიღო ვიცე–პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს – სრული პოლკოვნიკისა. 1900 წლის 16 აგვისტოდან იგი დანიშნეს კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო  ბატალიონის მეთაურად. 1903 წლის 26 მაისს გადაიყვანეს მე-16 მსროლელთა პოლკის უფროსად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლის 15 ოქტომბრამდე. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში.

1900–იანი წლების დასაწყისიდან ივანე დუმბაძემ გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და სოციალური მღელვარების გაზრდის შემდეგ, 1906 წლის 26 ოტომბერს იალტაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დუმბაძე დაინიშნა კურორტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად. მას უნდა დაეცვა მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც იალტის ახლომდებარე დაბა ლივადიაში მდებარეობდა. 1907 წლის 31 მაისს იგი გახდა გენერალ-მაიორი. 1907 წლის 15 ოქტომბრიდან 1908 წლის 10 ივლისამდე ის იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი. 1908 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად.

ივანე დუმბაძის მიერ იალტაში და ტოლმაჩოვის (ოდესის გუბერნატორი) მიერ ოდესაში დამყარებულ რეჟიმს ისტორიკოსები „ტოლმაჩოვ-დუმბაძის დიქტატურად“ მოიხსენიებენ. დუმბაძე პატრიარქალური ტიპის მმართველი იყო, რომელიც ძირითადად სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა და საოჯახო დავებშიც კი ერეოდა. ის მოქმედებდა სწრაფად, დამოუკიდებლად და გადამწყვეტად, ხშირად იგნორირებას უწევდა მოქმედ კანონებსა და სენატის მოსაზრებებს. იმ პერიოდში იალტას დუმბაზიას ეძახდენ, იმდენად დიდი იყო მისი გავლენა. იგი მხარს უჭერდა შავრაზმელებს (რეაქციონერული, უკიდურესად მემარჯვენე ანტისემიტური ჯგუფი) და მათ პროპაგანდას. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა შავრაზმელთა ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია „რუსი ხალხის კავშირი“, დუმბაძემ მათთან დაუყოვნებლივ დაამყარა ახლო კავშირი და 1907 წლის 14 სექტემბერს მათი წევრობის მანდატიც მიიღო.

1907 წლის 26 თებერვალს ივანე დუმბაძეზე მოხდა თავდასხმა. იალტის მახლობლად, სოფელ ჩუკურლარში მის ეკიპაჟს ესროლეს ყუმბარა ნიკოლაევსკის ქუჩაზე მდებარე ნოვიკოვის აგარაკიდან. დუმბაძე არ დაჭრილა, თუმცა კონტუზია მიიღო და შემდგომში ამის ნიადაგზე განუვითარდა გულის მძიმე დაავადება. განრისხებულმა გენერალმა ჯარისკაცებს უბრძანა აგარაკის გადაწვა და იქიდან ხალხი ისე გამოყარა, რომ ბარგის გამოტანის საშუალებაც არ მისცა.

1912 წლის 23 ივლისიდან ივანე დუმბაძე გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი. 1912 წლის 4 აგვისტოს სამხედრო მინისტრის ბრძანებით გენერალი დუმბაძე გადაყენებულ იქნა ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გაათავისუფლეს იალტის მთავარმართებლობიდან. იგი ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში. თუმცა იმავე წლის დეკემბრის თვეში ნიკოლოზ II-მ დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატოპო უდიდებულესობის ამალაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, იგი აღადგინეს იალტის მმართველის თანამდებობაზე. 1914 წლის აგვისტოში „ორმოცწლიანი უზადო სამსახურისთვის“ ივანე დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმინდა გიორგის ბაფთაზე. გარდა ამისა იგი დაჯილდოებული იყო რამდენიმე რუსული და უცხოური ორდენით, მათ შორის: წმ. ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1882), წმ. ვლადიმერის  III ხრისხის (1904), წმ. სტანისლავის I ხარისხის (1909) ორდენებით; ლომისა და მზის სპარსული ორდენით; ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენებით; მხსნელის ბერძნული და წმინდა დანიელის ჩერნოგორიული ორდენებით. პირველ მსოფლიო ომში ივანე დუმბაძემ ვერ მიიღო მონაწილეობა ავადმყოფობის გამო. 1916 წლის გაზაფხულზე მას კიევში  ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 1916 წლის 15 აგვისტოს იგი საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართველის პოსტიდან, მაგრამ დარჩა ამალის შემადგენლობაში. გენერალი დუმბაძე გარდაიცვალა 1916 წლის 1 ოქტომბერს ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქო პატივით.

ივანე დუმბაძე სამჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავდა ორი ქალიშვილი და ხუთი ვაჟი. დაქვრივების შემდეგ მან იქორწინა გენერალ პეტროვის ქალიშვილ სოფიო ვიქტორის ასულზე. მესამე მეუღლესთან, მ. ს. მარკოვასთან მას შვილი არ ჰყოლია. უფროსი ვაჟი, ალექსანდრე დუმბაძე, რომელიც ესე გურიელის ასულთან შეეძინა, იყო ყირიმის კავალერიის როტმისტრი. ის 1918 წლის 1 იანვარს დაიღუპა   სევასტოპოლის მეზღვაურთა რევოლუციური გამოსვლის დროს. კიდევ ერთი ვაჟი, ანტონ დუმბაძე (1887-1948) იყო რუსეთის ავიაციის კაპიტანი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ემიგრირდა საფრანგეთში; გიორგიც ემიგრირებული იყო და გადმოცემის მიხედვით დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში; ვლადიმერი და გავრილი, ასევე გადმოცემის მიხედვით, 1937 წლის რეპრესიებში მოხვდნენ საქართველოში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_დუმბაძე 

2. hrono.ru › ... › УКАЗАТЕЛЬ Д 

3. www.grwar.ru/persons/persons.html?id=2697 

 




Share: