The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რაჟდენ რუსიშვილი

რაჟდენ რუსიშვილი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1984  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლო, თბილისი
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

თავად რუსიშვილთა საგვარეულო სათავეს ძველი დროიდან იღებს. ვახუშტი ბატონიშვილმა თავის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის რუსიშვილთა საგვარეულო მერვე ადგილას დაასახელა. მისი განმარტებით, ეს გვარი გახლდათ ერთ–ერთი „უწარჩინებულეს და შემძლებელ“ ქართულ თავადურ საგვარეულოთა შორის.

თავადი რუსიშვილები ზოგჯერ იწოდებოდნენ ყორჩიბაშ–რუსიშვილებად, ზოგჯერ კი ყორჩიბაშიშვილებადაც. ყორჩიბაში ეწოდებოდა სპარსეთის შაჰინშაჰის პირადი დაცვისა და სამეფო კავალერიის უფროსს. აღმოსავლეთ საქართველოში ეს თანამდებობა შემოიღო ქართლის მეფე როსტომმა, რომელიც ერთხანს კახეთსაც განაგებდა. შეესაბამებოდა მსახურთუხუცესის მანამდე არსებულ თანამდებობას. კახეთის სამეფო კარზე თავად რუსიშვილებს სხვადასხვა დროს ეკავათ: ყორჩიბაშის, მდივანბეგის, მოლარეთუხუცესის (მთავარი ხაზინადარი), ბოქაულთუხუცესის, ბაზიერთუხუცესის, მოურავისა და ნაზირის თანამდებობები. ამ გვარისშვილნი წარმატებით მოღვაწეობდნენ სასულიერო ასპარეზზეც, ხოლო ზოგიერთ მათგანს ნეკრესის ეპისკოპოსის თანამდებობა ეკავა.  

თელავში მცხოვრებ თავად გრიგოლ (გოგლო) გიორგის ძე რუსიშვილსა და მის მეუღლეს, თავად ილია ჯანდიერის ასულ ნატალიას ექვსი შვილი ჰყავდათ: ილია (1889–1969), ნინო ( 1890–1955), გიორგი (1892–1958), რაჟდენი (1900–1984), ვასილი (1901–1902) და დარია (1904–1992).

რაჟდენ რუსიშვილმა დაწყებითი განათლება თელავში მიიღო. 17 წლის ჭაბუკი ახალდაარსებული თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ქართულ უნივერსიტეტში გატარებულმა სამმა წელიწადმა რაჟდენს ბევრი რამ შესძინა. მას ურთიერთობა ჰქონდა უნივერსიტეტში მოღვაწე შესანიშნავ ქართველ მეცნიერებთან. შემდგომში იგი განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა ივანე ჯავახიშვილს, რომელიც დედით ( სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი) თელაველი იყო და კარგად იცნობდა ამ ქალაქში მცხოვრებ რუსიშვილებს. სწორედ დიდი მეცნიერის რჩევით გადაწყვიტა რაჟდენმა ქიმიკოსი გამხდარიყო. მას მუდამ ახსოვდა ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „XX საუკუნე ტექნიკის საუკუნე იქნება და ამ სფეროში საქართველოს კვალიფიციური სპეციალისტები დასჭირდებაო“. ყმაწვილობიდან ქიმიით გატაცებულ ჭაბუკს ერთ–ერთი ქიმიური ცდის დროს თვალი დაუზიანდა, რის გამოც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო–სამედიცინო კომისიამ იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. 1921 წელს, რექტორ ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, თბილისის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ცოდნის გასაღრმავებლად მიავლინეს დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. მათ შორის იყო რაჟდენ რუსიშვილიც. გერმანიაში ჩასულ სტუდენტებს დახვედრიან ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, რომლებიც იქ ჯერ კიდევ 1919 წელს ჩავიდნენ ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით.

რაჟდენი ერთხანს გიოტინგენში ცხოვრობდა და ამ ქალაქის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ მიუნხენში გადავიდა და 1927 წელს იქ დაამთავრა უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. 1928 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის დარგში და დოქტორ–ინჟინრის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა (1928). მისი დისერტაციის თემა იყო – „ანილინის და მისი ზოგიერთი ნაწარმის რეაქციები ბენზალდეჰიდთან და პიროყურძნის მჟავასთან“. ამ პერიოდიდან გერმანიაში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებში „ფიზიკა“, „ფიზიკური ქიმია“, „ელექტროტექნიკა“ და სხვ. სისტემატურად ქვეყნდებოდა მისი სამეცნიერო სტატიები ფიზიკასა და ქიმიაში, ზოგჯერ ალექსანდრე ნიკურაძის თანაავტორობით. 

გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალ–სოციალისტების მოსვლის (1933 წელი) შემდეგ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილი მათ სამსახურში ჩადგა. მოქმედებდნენ რა პრინციპით – „ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია“. გერმანელთა მხარეს აღმოჩნდა რაჟდენ რუსიშვილის ბევრი მეგობარი, მაგრამ თავად რაჟდენი არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში და მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. მის მიერ მიუნხენში მოწყობილი ლაბორატორიის ხშირი სტუმრები იყვნენ – ძმები ნიკურაძეები, გრიგოლ რობაქიძე, გიორგი მაღალაშვილი, გერმანისტი ნიკო ქადაგიძე, დიდი გერმანელი მოაზროვნე თომას მანი და სხვები.            

II მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, რაჟდენ რუსიშვილმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ინგლისში, ქალაქ ილიში გადავიდა. მან იქაც ნაყოფიერად განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა ქიმიასა და ფიზიკაში. საგულისხმოა, რომ ილიში, ფილდსაიდის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის ეზოში რაჟდენმა ვაზი ახარა და მშვენიერი ვენახი გააშენა. კახელი თავადიშვილი, რომელსაც განგებამ ცხოვრება ნისლიან ალბიონზე არგუნა, სამშობლოს მონატრებას ვენახის მოვლით იქარვებდა...  რაჟდენმა არაერთხელ სცადა საქართველოში დარჩენილ და–ძმებთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მან ეს მხოლოდ 1963 წელს მოახერხა და თავის უმცროს დას ტელეფონით ესაუბრა. 1966 წელს დარია რუსიშვილს უფლება დართეს დიდი ხნის ნატვრა აესრულებინა, მოსკოვიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და ძმა მოენახულებინა. 1973 წელს რაჟდენ რუსიშვილსაც აუხდა სანუკვარი ოცნება და მარიამობისთვეს საქართველოს ეწვია. ნახევარსაუკუნოვანი განშორების შემდეგ თბილისში ჩამოსულმა რაჟდენმა დაიჩოქა და ქართულ მიწას ეამბორა. მშობლიური თელავიც მოინახულა და სიყრმის მეგობრებს შეხვდა.

1984 წლის იანვარში დარია რუსიშვილი მეხუთედ ესტუმრა თავის ძმას, რომელიც უკვე მძიმედ ავადმყოფობდა. დის ჩასვლიდან მეათე დღეს, რაჟდენი გარდაიცვალა. 83 წლის რაჟდენ რუსიშვილის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა ადგილობრივი ინგლისური გაზეთი: „მისი გვარი ქართული არისტოკრატიული წარმომავლობისა იყო... ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში, სადაც მეცნიერებათა დოქტორი გახდა. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დასახლდა ინგლისში, ქალაქ ილიში, სადაც მარტოხელა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საქმიანობდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთსა და თურქეთში. იყო სასურსათო ფირმების საგანგებო ტექნიკური კონსულტანტი. მისი სახლი გადაქცეული იყო ლაბორატორიად, სადაც მრავალი ქიმიური ექსპერიმენტი ეწყობოდა.

რაჟდენ რუსიშვილი დაკრძალეს 1984 წლის 19 იანვარს. ქალბატონმა დარიკომ არ მოისურვა ძმის ნეშტის შორეულ ქვეყანაში დატოვება და სამშობლოში გადმოასვენა. უცხოეთში მოღვაწე მეცნიერის ფერფლი მიწას მიაბარეს ვაკის სასაფლაოზე, თავისი ძმის, ცნობილი თერაპევტის, პროფესორ გიორგი რუსიშვილის გვერდით.

წყარო:

1. ჯავახიშვილი, ნიკო. რაჟდენ რუსიშვილი : ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ/ ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2014. -  დეკემბერი. - N12(48). - გვ.14-23.


გააზიარე: