The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი დუმბაძე

გიორგი დუმბაძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1989  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჰოლივუდის სასაფლაო, აშშ
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი გიორგი სამსონის ძე დუმბაძე დაიბადა 1896 წელს, თბილისში, სამხედრო ინჟინრის ოჯახში. 1907 წელს კონკურსით ჩაირიცხა ტფილისის დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძის კადეტთა კორპუსში სახელმწიფოს ხარჯზე. მას შემდეგ რაც მამამისს გენერალ–მაიორის ჩინი მიენიჭა და ომსკის სამხედრო ოლქის მთავარ ინჟინრად დაინიშნა, გიორგიც გადავიდა ომსკის იმპერატორ ალექსანდრე I–ის კადეტთა კორპუსში, რომელიც 1914 წლის გაზაფხულზე დაამთავრა. განაწილებით მოხვდა მოსკოვში, ალექსანდრეს ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში. აქ ორი წლის მანძილზე უნდა ესწავლა, მაგრამ I მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით სწავლების ვადა ოთხ თვემდე შეამცირეს. უკვე 1 დეკემბერს გიორგი დუმბაძე ოფიცრად აკურთხეს და განამწესეს 141–ე მოჟაისკის პოლკის 36–ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში. პოლკმა წარმატებით განვლო საბრძოლო ნათლობა, თავი დააღწია ალყას, შეინარჩუნა დროშა და პირადი გმირობის მრავალი მაგალითი გვიჩვენა. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის გიორგი დუმბაძეს მიენიჭა კაპიტნის ჩინი და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით. მალე, როგორც ერთ–ერთი ღირსეული ოფიცერი მიავლინეს გენერალური შტაბის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა გენერალურ შტაბში.

1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ გაერთიანდა ადმირალ ა. ვ. კოლჩაკის არმიაში. მონაწილეობდა ციმბირის ყინულოვან ლაშქრობაში. ემიგრაციაში  თეთრგვარდიულ ძალებს გაჰყვა. იყო I მსოფლიო ომის ვეტერანთა კავშირის, რუსეთის კადეტთა კორპუსების გაერთიანებისა და POBC–ის (რუსეთის საერთო–სამხედრო კავშირი) წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანამშრომლობდა რუსულ გაზეთებთან. გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, 1989 წლის 24 იანვარს, ქალაქ ლოს–ანჟელესში. დაკრძალულია ჰოლივუდის სასაფლაოზე.  

რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ გიორგი დუმბაძის ბიძები – ივანე, ნიკოლოზი, იოსები და მიხეილი. სამხედროები იყვნენ მისი ძმებიც – ლევან დუმბაძე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი და რევაზ დუმბაძე, სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების კორნეტი.

წყარო:

1. ru.rodovid.org/wk/Запись:584081 

2. www.tez-rus.net/ViewGood39029.html

3. xxl3.ru/kadeti/dumbadze.htm


გააზიარე: