The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ფარნა–ბექა ჩილაშვილი

ფარნა–ბექა ჩილაშვილი
ოფიციალური სახელი:ფაჰრედინ ჩილოღლუ
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1956  (62 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

„ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ  და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე“, – ეს სიტყვები  ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალს, მწერალ ფარნა–ბექა ჩილაშვილის (ფაჰრედინ ჩილოღლუს) ეკუთვნის. იგი 1956 წ. 5 ოქტომბერს დაიბადა თურქეთში, ორდუს ილის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა  ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონის ერთ–ერთ სოფელში დამკვიდრებულან.

ფარნა–ბექა ჩილაშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე 1980 წ. სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოვიდა და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ–ერთ უმთავრეს მიმართულებად თავიდანვე ქართული საქმეებით დაინტერესება იქცა. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალმა 1993 წ. მისივე რედაქტორობით აღადგინა ჟურნალი „ჩვენებური“ (რომლის გამოცემაც 1980 წ. აჰმედ მელაშვილის მკვლელობიდან მოყოლებული 13 წლის მანძილზე შეწყვეტილი იყო). 21 ნომრის გამოცემის შემდეგ „ჩვენებურის“ ხელმძღვანელობა ნური მერჯანს (ოთარ იმედაშვილი), აჰმედ მელაშვილის ვაჟს, იბერიასა და გურამ ხიმშიაშვილს გადააბარა. თავად კი ახალი ქართული (თურქულენოვანი) ჟურნალის „მამულის“ გამოცემა დაწყო. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ 5 ნომრის გამოცემა შეძლო.

1993 წ. სტამბოლში თურქულ ენაზე გამოიცა ფარნა–ბექა ჩილაშვილის წიგნი „ქართველთა ისტორია“, რომელიც თურქულენოვან მკითხველს პოპულარული ენით აწვდის დიდძალ ინფორმაციას საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

მწერალმა მიაკვლია ისმეთ–ზადე მეჰმედ არიფის მიერ ოსმალურ ენაზე დაწერილ და 1893 წ. სტამბოლში გამოცემულ წიგნს – „ქართული სოფლები“, რომელშიც თურქეთში ქართველ მუჰაჯირთა დამკვიდრებასთან დაკავშირებული ამბებია მოთხრობილი. აღნიშნული წიგნი ფ. ჩილაშვილმა თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა და 2002 წ. გამოსცა. თურქულ ენაზე თარგმნა და სტამბოლში 1998 წ. ცალკე კრებულად გამოსცა ქართული პოეზიის პატარა ანთოლოგია. თურქულ პრესაში სისტემატურად იბეჭდება მისი სხვა თარგმანებიცა და წერილებიც საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემურ საკითხებზე. 2002 წ. სტამბოლში ცალკე კრებულად გამოვიდა შავშეთისა და ჭოროხის აუზის ქართულ სოფლებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ივანე ჯაიანის ის წერილები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლო წლებში გამოქვეყნდა „დროებასა“ და „ივერიაში“. 

ფ. ჩილაშვილის მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან ქართულ საქმეთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა  2007-2010 წლებში, თურქეთის ისტორიაში პირველად  სტამბოლში მისი რედაქტორობით ორენოვანი (თურქულ–ქართულ) ყოველკვარტალური ჟურნალის „ფიროსმანის“ გამოცემა. ეს მაღალპოლიგრაფიული დონის პერიოდული ორგანო, სადაც ყველა მასალა ერთდროულად ქართულ და თურქულ ენებზე იყო დაბეჭდილი, ქართველი მკითხველისათვის საქართველოშიც ხელმისწვდომი გახლდათ. „ფიროსმანი“ ქართველ და თურქ მკითხველს მიზანსწრაფულად აწვდიდა უაღრესად საინტერესო ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე ცხოვრებიდან.

ფ. ჩილაშვილი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ფართოდ ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტია. 2004 წ. გამოიცა მისი პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“,  რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. 2006 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ ფარნა-ბექა ჩილაშვილის (აღნიშნულ გამოცემაში მწერლის ქართული გვარი ჭილაძის ფორმითაა ნახმარი) ქართულენოვანი კრებულიც გამოსცა. ხსენებული გამოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმის გამოც იძენს, რომ მასში მწერლის თურქულენოვანი მოთხრობების ქართულ თარგმანებთან ერთად, ავტორის ქართული ლექსებიცაა დაბეჭდილი.

2007 წ. სტამბოლში გამოიცა მწერლის მოთხრობების ახალი კრებული „უჩინმაჩინი“. 2012 წ. თბილისში გამოიცა მისი მოთხრობების კრებული „სანამ თოვს“, 2014 წელს – პუბლიცისტური წერილების კრებული „ერთი წვეთი ლიმონი“, 2016 წელს – "ნამცეცა".

ფარნა ბექა ჩილაშვილის ქართულენოვანი შემოქმედება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმიტომაც რომ ჩვენებურთა მთელი ისტორიის მანძილზე იგი ფაქტობრივად პირველი პროფესიონალი ქართველი მწერალია, რომელმაც მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სცადა ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნის გზაზე.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ) - თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მამულიშვილი / ავთანდილ ნიკოლეიშვილი // წელიწდეული . - ქუთაისი, 2011.  - ტ. III, გვ.187-195.

2. www.fereidani.ge/158_parna/158_parna.htm

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ფარნა-ბექა_ჩილაშვილი



გააზიარე: