The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელიზ–სუზი ციცქიშვილი

ელიზ–სუზი ციცქიშვილი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1955  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

1920 წლის 30 დეკემბერს მონპელიეში ვასილ და ნატაშა ციცქიშვილებს ქალიშვილი, სუზი შეეძინათ. ახალგაზრდა ოჯახი 1920 წლის 13 იანვარს თბილისიდან საფრანგეთში სწავლის გასაგრძლებლად წავიდა. ვასილ ციცქიშვილმა მონპელიეს სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი დაამთავრა, ნატაშა დიპლომირებული ექიმი–სტომატოლოგი იყო. საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო ვასოს ორი ძმის დახვრეტის შემდეგ, ციცქიშვილების ოჯახმა სამშობლოში დაბრუნებისაგან თავი შეიკავა.

სუზიმ ბავშვობა სოფელ არსოში (მონპელიეს მიმდებარე სოფელი) გაატარა, სწავლობდა მუნიციპალურ სკოლაში. იზრდებოდა განათლებულ, თუმცა ღარიბ ატმოსფეროში. მშობლები შინ დამზადებული მაწვნის გაყიდვით ძლივს ახერხებდნენ ბავშვების გამოკვებას (გიორგი 12 წლის შემდეგ დაიბადა).

სუზი ლაპრაკობდა და წერდა ქართულად, იცოდა საქართველოს ისტორია, შესანიშნავად მღეროდა ქართულ სიმღერებს. დაამთავრა ლიცეუმი, პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებილ კურსებზე სწავლისას მონაწილეობდა კლასიკური და თანამედროვე პიესების დადგმაში, თამაშობდა კალათბურთს, დიდ დროს უთმობდა უმცროსი ძმის განათლებას. ამაყობდა თავისი ქართველობით, თუმცა ამავე დროს შერწყმული იყო ფრანგულ კულტურასთან, ფრანგულ საზოგადოებასთან და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იგი მეგობრებთან ერთად "ახალგაზრდული ბანაკების" მოძრაობიდან ჩაეწერა "ახალგაზრდობის პატრიოტულ ფრონტში" (FTJ), რომელიც დაკავშირებული იყო კომუნისტურ პარტიასთან და მის სამხედრო ორგანიზაციასთან (FTP). სულ მალე ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში სუზის დროც დადგა.

1942 წლის 11 ნოემბრამდე მონპელიე "თავისუფალ ზონაში" იყო. მას აკონტროლებდა ვიშის პოლიცია. რეგიონში მოქმედი "წინააღმდეგობის" სპექტრი საკმაოდ ჭრელი იყო – ქრისტიანული მოძრაობით დაწყებული და დამთავრებული "თავისულფალ პარტიზანთა ფრონტით" (FTP). როდესაც ვერმახტი "თავისუფალ ზონაში" შევიდა, გესტაპოსა და 1943 წლის იანვარში შექმნილი მილიციის მარწუხებმა უფრო მძლავრად მოუჭირეს "წინაარმდეგობის" მებროძოლებს. 

"ახალგაზრდობის პატრიოტული ფრონტისა" და "ბრძოლის" ("წინააღმდეგობის" მოძრაობა) წევრები აგროვებდნენ ინფორმაციას და დოკუმენტებს, აწყობდნენ პროპაგანდისტულ აქციებს, მალავდნენ პარტიზანებს და ებრალებს, ზრუნავდნენ მათ კვებაზე, უმზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს. 1943 წლის ზაფხულში "ახალგაზრდობის პატრიოტული ფრონტის" რწმუნებულად დაინიშნა მონპელიეს სპეციალური მათემატიკური ვაჟთა ლიცეუმის სტუდენტი შარაპანტიე, რომლის ასაკი არ შეეფერებოდა თანამდებობას. მაგრამ იმ დროისთვის "წინააღმდეგობის" მოძრაობის გამოცდილი მებრძოლები დაპატიმრებულები იყვნენ და მათ უშიშარი, თუმცა გამოუცდელი ახალგაზრდები ცვლიდნენ. ასეთ ვითარებაში სუზის ჯგუფს დაევალა, ჯარში გაწვევის წინააღმდეგ დაბეჭდილი ანტივიშისტური პროკლამაციების გავრცელება: "არც ერთი სტუდენტი ჰიტლერს!". პროკლამაციები უნდა შეეტანათ მატიე დიუმას ყაზარმაში, სადაც თავმოყრილი იყვნენ გერმანიაში გასაგზავნი ახალგაზრდა მშენებლები. ეს აქცია პარტიზანების რიგების შევსებასაც ითვალისწინებდა და დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. სუზი პროკლამაციების გავრცელებისას დააკავეს და 1943 წლის 10 აგვისტოს იუსტიციის სასახლეზე მიშენებულ შატოს ძველ საპყრობილეში მოათავსეს. შატოს ბაღლინჯოებით სავსე ციხეში პატიმრებს ფრანგები იცავდნენ. ისინი ოჯახებს არ უშლიდნენ პატიმრებისთვის საჭმლის მიტანას. 7 ნოემბერს სუზი გაასამართლეს. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის მიუსაჯეს ერთი წლის პატიმრობა და ჯარიმის სახით 1000 ფრანკის გადახდა, რაც ოჯახს უმძიმესი შრომის ფასად დაუჯდა. 

ერთწლიანი პატიმრობა სუზიმ ოთხ საპყრობილეში მოიხადა, მონპელიედან მარსელში, ბომეტებში, მოგვიანებით, მარტის თვეში, ეტაპით ლიონის საპყრობილეში გადაიყვანეს. ლიონის შემდეგ იგი შალონ–სიურ–მარნის მკაცრი რეჟიმის (იზოლირებული საკანი) ციხეში იჯდა, მაისში პარიზის რომენვალის საპყრობილეში. ეტაპი, რომელშიც სუზი მოხვდა, გერმანელებს ფრანგ სამხედრო ტყვეებზე გაუცვალეს. იგი ზვოდაუს შრომის ბანაკში განამწესეს VI ბლოკში, პირადი ნომრით – 39-136. ახალგაზრდა ქალი სასტიკ პირობებში მუშაობდა ნახშირის მაღაროში, მინდვრებში, ქარხანაში, განიცდიდა მუდმივ შიმშილს, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას.

1945 წლის 18 მაისს სუზი ციცქიშვილი ოჯახში დაბრუნდა. მისი როგორც ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობა სავალალო იყო. მართალია მას ხმამაღლა არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ მოინდომა წერილობით გადმოეცა ის, რის ატანასაც ზვოდაუს ქალებს აიძულებდა "ბანაკის სადისტი უფროსი". იგი თავის ნაწერში აცხადებს სურვილს, გამოვლილი ტანჯვა–წამება დაუდასტუროს ფრანგულ სასამართლოს. სუზი ციცქიშვილი ცდილობდა ძალების აღდგენას და სწავლის გაგრძელებას, თუმცა ერთი წლის შემდეგ, როდესაც თითქოს ოდნავ აღიდგინა ძალები, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დასასვენებელი სახლიდან იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში  გადაიყვანეს. სუზის ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა იქონია მამის გარდაცვალებამ. ვასილ ციცქიშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა კარდიალური კრიზი, რომელიც უკანონო დაპატიმრებამ გამოიწვია. ვასო, როგორც ეჭმიტანილი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მისი მისამართი უბის წიგნაკში ჩაწერილი ჰქონდა ერთ ქართველს, რომელსაც ბრალი ედებოდა გერმანელებთან თანამშრომლობაში.

სუზი ციცქიშვილს მიანიჭეს FTP-ს პირველი კლასის კატეგორია და დაუნიშნეს ინვალიდობის პენსია. მკურნალობის დამანგრეველმა კურსმა მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა და 1955 წლის 20 ოქტომბერს სუზი ციცქიშვილი გარდაიცვალა.

წყარო:

1. ნიკოლაძე, ფრანსუაზიდეალი სიცოცხლის ფასად // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.151-169.


გააზიარე: