The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახრამ (ვახტანგ) დადიანი

ვახრამ (ვახტანგ) დადიანი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1916
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვახრამ (ვახტანგ) დადიანის მოღვაწეობა სხვადასხვა ქვეყნებს უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, სპარსეთს და უნგრეთს.

თავადმა ვახრამ (ვახტანგ) დადიანმა უმაღლესი განათლება პარიზში მიიღო და საფუძვლიანად შეისწავლა მუსულმანური საკანონმდებლო კოდექსი. იგი სპარსეთის ორი შაჰის – ნასრ-ედინის და მუზაფერ-ედინის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. დადიანი მათი სერ-იავერი (პირველი გენერალ-ადიუტანტი) იყო.

ქრისტიანი ქართველი თავადის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა მაჰმადიანი ხალხების ისტორიაში გაუგონარი ამბავია. შარიათი ამას კრძალავს. მაგრამ სპარსეთში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებთან დაკავშირებით, როცა მოსალოდნელი იყო ყოვლისშემძლე სასულიერო წოდების შეუპოვარი ოპოზიცია, მინისტრთა კაბინეტმა თავადი დადიანი შეარჩია როგორც ყველაზე შესაფერისი კაცი სასამართლო რეფორმების გატარების ან უკიდურეს შემთხვევაში, ევროპული კანონების შეფარდებისათვის შარიათთან.

სპარსეთისათვის მან შეადგინა ფართო რეფორმის პროექტი, განახორციელა ძირეული გარდაქმნები საბაჟო და ფოსტა-ტელეგრაფის მმართველობის დარგში.

უნგრეთთან ვახრამ დადიანს ოჯახური ურთიერთობა აკავშირებდა. იგი უნგრეთის 1820-1840–იანი წლების გამოჩენილი მოღვაწის, გრაფ იშტვან (სტეფან) სეჩენის ოჯახის წევრი იყო. გრაფს, რომელსაც უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ბელადმა ლაიოშ კოშუტმა სამართლიანად უწოდა „უდიდესი უნგრელი“, ჰყავდა ვაჟი, ედენ სეჩენი, თავისი დროის გამოჩენილი პოლიტექნიკოსი და უწინარეს ყოვლისა, მთელს ევროპაში ცნობილი ხანძრის ჩაქრობის სპეციალისტი. თურქეთის სულთნის პირადი მიწვევით იგი სტამბულში ჩავიდა და იქ მოაწყო ახალი, თანამედროვე სახანძრო დაცვა, მანამდე თურქეთის დედაქალაქი მრავალჯერ დაზარალდა განუწყვეტელი ხანძრებისგან. ედენის მეუღლე იყო უნგრელი ქალი ირმა ალმაი. 1870 წლის 12 იანვარს მათ ეყოლათ ქალიშვილი ვანდა სეჩენი, რომელიც 1887 წლის 13 ივნისს, სტამბულში, მისთხოვდა ვახრამ დადიანს.

უნგრეთის მაშინდელი პრესა ხშირად წერდა „უდიდესი უნგრელის“ შვილიშვილისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ. მათ თითქმის მთელი 1890 წელი დაჰყვეს ბუდაპეშტში. მაშინ ვახრამ დადიანი თურქეთის ფინანსთა სამინისტროს სტატს–მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

დიდ ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი. „პალასის“ ენციკლოპედიაში (ბუდაპეშტი, 1893) ნათქვამია რომ 1886 წელს როცა ბულგარელმა თავადმა ალექსანდრემ უარი განაცხადა ტახტზე, რუსეთის მეფემ ბულგარეთის გვირგვინის ახალ კანდიდატად ვახრამ დადიანი წამოაყენა.

ბუდაპეშტში 1938 წელს გამოცემულ ენე რონჩიკის წიგნში „გრაფი ედენ სეჩენი“ დაბეჭდილია ცოლ-ქმარ დადიანების ფოტოსურათები.

ვახრამ დადიანი და მისი მეუღლე 1916 წელს გარდაიცვალნენ. იმ დროისთვის ვახრამ დადიანი უკვე ირანის არმიის გენერალ–ლეიტენანტი იყო.

წყარო:
1. https://www.facebook.com/permalink.php?id=226663290732865&story_fbid...

2. ცამციშვილი, . ვინ იყო ვახრამ დადიანი?  // სამშობლო. - 1971. - 25 ივნისი. – N12. –  გვ.5

3. ტარდი, . ვინ იყო ვახრამ დადიანი? // სამშობლო. - 1971. - 13 აგვისტო. – N15. – გვ.5


გააზიარე: