Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
აჰმედ ავნი ფაშა![]()
Biographyაჰმედ ავნი ფაშა 1874 წელს ბათუმში დაიბადა. მამამისი, სულეიმან ფაშა, ტრაპიზონის ჟანდარმერიის სარდალი იყო. რუსეთთან ომის შემდეგ მათი ოჯახი ტრაპიზონში გადასახლდა. დაწყებითი განათლება იქვე მიიღო. 12 წლისა ბიძამისთან გაგზავნეს, სტამბულში, სადაც ფათიჰის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. შემდეგ სწავლა ქულელის საშუალო სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1897 წელს სასწავლებელი დაამთავრა და შტაბს–კაპიტნის ჩინით გენერალური შტაბის მთავარი ძალების განყოფილებაში განაწესეს. მოგვიანებით, პირადი მოთხოვნით შეუერთდა თესალიის არმიას, სადაც შტაბში დაინიშნა და მონაწილეობა მიიღო 1897 წლის ოსმალეთ–საბერძნეთის ომში. 1898 წელს უფროსი კაპიტნის წოდება მიანიჭეს და მე–7 არმიის შტაბში გადაიყვანეს. 1898 წლის 15 სექტემბერს მე–13 დივიზიის შტაბში, 1900 წლის 8 სექტემბერს კი გენშტაბში მიავლინეს. 1901 წლის 28 დეკემბერს ავნი ფაშა შტაბის მაიორი გახდა. 1902 წლის 31 იანვარს პირველი არმიის შტაბში დანიშნეს. 1906 წლის 16 აპრილს შტაბს– ვიცეპოლკოვნიკი გახდა და 24 აპრილს ინსპექტირების მიზნით აღმოსავლეთ რუმელიის თავდაცვით ხაზზე გაიგზავნა. 1907 წლის 18 მარტს მესამე არმიის განკარგულებაში გადავიდა და 1908 წლის 11 თებერვალს შტაბს–პოლკოვნიკის წოდება მიიღო. 1908 წლის 11 ოქტომბრიდან პირველი არმიის მეორე რეგულარული დივიზიის შტაბის უფროსის, 1909 წლის 23 თებერვლიდან პირველი არმიის 22–ე რეგულარული დივიზიის 47–ე პოლკის, 1909 წლის 31 მარტიდან პირველი არმიის მესამე რეგულარული პოლკის, 1910 წლის 25 იანვრიდან მეოთხე კოსოვოს არმიის სამსუნის ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე იმყოფებოდა. 1911 წლის 10 იანვარს ბაბაესკის მეცხრე დივიზიის სარდლად, 1 თებერვალს კი ნაკრები სამხედრო ნაწილების ბადრაგში დაინიშნა. 1911 წლის 10 დეკემბერს მან ბრიგადის გენერლის ჩინი მიიღო და სანას დივიზიის სარდლობა ჩაიბარა. მონაწილეობდა 1911–1912 წლების ოსმალეთ–იტალიის და 1912–1913 წლების ბალკანეთის ომებში. 1914 წლის 6 იანვარს მეათე კორპუსის წვევამდელთა გაწვევის განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მესამე არმიის ზურგის სამსახურის ინსპექციაში დანიშნეს. 1915 წელს ავნი ფაშა ლაზისტანის საერთო სარდლობას დაქვემდებარებული „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ლაზისტანის სამხედრო ოლქის საერთო სარდლობაში ყოფნის დროს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რუსებს მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია ოფის შეტაკებებში. რუსები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. 1916–1919 წლებში ავნი ფაშა ოსმალეთის არმიაში კვლავ მაღალ სამხედრო თანამდებობებს იკავებდა. სხვადასხვა ომში მონაწილეობისა და გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო: 1897 წელს – საბერძნეთთან ომის სამახსოვრო მედლით, 1898 წელს – მეჯიდის მეოთხე ხარისხის ორდენით, 1899 წელს – ოსმანის მეოთხე ხარისხის ორდენით, 1905 წელს – მეჯიდის მესამე ხარისხის ორდენით, 1911 წელს– ოსმანის მესამე ხარისხის ორდენით, 1916 წელს – წითელლენტიანი საბრძოლო მედლით, 1916 წელს – მეჯიდის მეორე ხარისხის ორდენით, 1917 წელს – საბრძოლო ვერცხლის მედლით. წყარო: ქასაბი, მურად. მინისტრები : აჰმედ ავნი ფაშა // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012.. - გვ.97-99 გოგიტიძე, მამუკა. ახმედ ავნი-ფაშა (ლორთქიფანიძე): გენერალ-ლეიტენანტი // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი)/მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |