The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი დვალი

გიორგი დვალი
სხვა სახელი:გია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1964  (54 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

გიორგი (გია) როლანდის ძე დვალი დაიბადა 1964 წლის 30 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55–ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაიცვა დიპლომი ზურაბ ბერეჟიანის ხელმძღვანელობით. 1985–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1989–1990 წლებში იყო ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების უფროსი და დღესაც ითვლება ამ განყოფილების თანამშრომლად. 1992 წელს მოიპოვა ხარისხი მაღალი ენერგიის ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. 1992–1993 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993–1995 წლებში – პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი.

გია დვალი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1997–1998 წლებში იყო ICTP–ის პროფესორი. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა (Center for Cosmology and Particle Physics) და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის  პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, ასევე, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Physics. მიუნხენი) დირექტორი და ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის, CERN–ის მეცნიერ–თანამშრომელი. არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი. მშობლიური ენის გარდა ფლობს; ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და იტალიურ ენებს. 

პროფესორი დვალი დღესდღეობით ითვლება ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მისი კვლევის სფეროა კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია.

ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა. შ. ამისთვის კი ახალგაზრდა მეცნიერი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს.

გია დვალი მონაწილეობს ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. საქართველოსა და CERN–ს შორის ურთიერთობა 1996 წლიდან დაიწყო. CERN-ის ლაბორატორიაში განთავსებული ადრონული კოლაიდერი დღეს ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სტადიაშია. მეცნიერები ცდილობენ, ექსპერიმენტისთვის იგივე პირობები შექმნან, რაც დიდი აფეთქების ანუ სამყაროს დასაწყისის პერიოდში იყო. CERN–ის ამაჩქარებლის პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობისაა. „ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო“, – აღნიშნავს მეცნიერი.

დღეისათვის ფიზიკა და კონკრეტულად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ახალ რენესანსს განიცდის. ახალგაზრდა თაობა ხელახლა იკვლევს სამყაროს მოწყობის აქამდე დამტკიცებულად მიჩნეულ მოდელს და მსოფლიოს რადიკალურ იდეებს სთავაზობს. მათი ნაწილი სხვადასხვა თეორიებს შორის კავშირებს და დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას სწავლობს, ნაწილი კი სივრცული დამატებითი განზომილებების არსებობის დამადასტურებელ კვალს ეძებს. ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მეცნიერს სწამს, რომ ადრეულ სამყაროში ჩასახული ფლუქტუაციების სპექტრის გაზომვები და ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის ამაჩქარებელზე,  ბოლო დროის მეცნიერული აზრის ორი უდიდესი ტრიუმფია.

გია დვალის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალჯერ დაფასდა სხვადასხვა ჯილდოებით. მას მიღებული აქვს დ. და ლ. პაკარდების (1999), ა. სლოუნის (2000), ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდები. ეს ჯილდო 2001 წელს მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. 2007 წელს მიიღო ნიუ–იორკის უნივერსიტეტის „ვერცხლის პროფესორის“ წოდება. 2008 წელს – ჰუმბოლტის პროფესურა. ამავე წელს მიენიჭა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტის პრემია, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია. ქართველი ფიზიკოსის კანდიდატურა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

გია დვალი 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი მეუღლეც ქართველია – თამუნა დვალი. ჰყავთ ქალ–ვაჟი – სოფო და დათო.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_დვალი 

2. www.agruni.edu.ge/ge/node/790

3. საქართველო : ენციკლოპედია. . 2 : გიმნაზია-ენდრო / მთ. რედ. ზურაბ აბაშიძე ; საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია. – 2012. –გვ. 390

4. ხაჭაპურიძე, გურამ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, მკვლევარი-ფიზიკოსი, პროფესორი გია დვალი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა უსასრულო მოცულობის დამატებითი განზომილება / გურამ ხაჭაპურიძე // საქართველო - აღთქმული ქვეყანაა და ცივილიზაციის აკვანი! (I-ნაწ.), ჩრდილში გაბნეული მარგალიტები (II-ნაწ.)/ გურამ ხაჭაპურიძე. - თბ., 2008. - გვ. 307-309


გააზიარე: