The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990) და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1989) რეზო ჩხიკვიშვილი დაიბადა თბილისში,1957 წლის 9 მარტს. მშობლები – ზინაიდა გორგილაძე და მირიან ჩხიკვიშვილი ექიმები იყვნენ. მამა –სამხედრო ექიმი, დედა – სტომატოლოგი. ოჯახს სურდა, რეზოც ექიმი ყოფილიყო. რეზოსაც მოსწონდა, რომ ექიმს ყველა მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა, მაგრამ ჯერ კიდევ თბილისის მე–60 საშუალო სკოლაში სწავლისას, ოხუნჯსა და ოინბაზ მოსწავლეს ხშირად ეუბნებოდნენ: „შენ ნამდვილი მსახიობი ხარ!“. აქტიური ბავშვი იყო, „გამოსაჩენს“ რომ ეძახიან, ზუსტად ისეთი. ყველა ღონისძიებაზე მას უნდა წაეკითხა ლექსი. აბსოლუტური სმენა ჰქონდა, კარგად უკრავდა და მღეროდა. ასე რომ, როცა სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩაბარების დრო დადგა, უკვე ზუსტად იცოდა, რომ მსახიობობა უნდოდა. გამოცდები საშუალო დონეზე გაიარა, მაგრამ გაუმართლა, ბევრი კონკურენტი არ აღმოჩნდა იმ წელს. შესაბამისად, თეატრალური ინსტიტუტის სოხუმის განყოფილების სტუდენტი გახდა და რეჟისორ ლილი იოსელიანის ჯგუფში ჩაირიცხა.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1978 წელს, რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მიიწვია რუსთავის თეატრში. პირველი როლი, რომელიც რუსთავის თეატრში მიიღო, იყო კოკა მხეიძის გმირი სპექტაკლში, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ამ როლით დიდად არ მოხიბლულა, რომელიმე კლასიკური პერსონაჟის განსახიერება ერჩივნა, მაგრამ სწორედ ამ სპექტაკლმა მოუტანა გასაოცარი წარმატება. კოკას გმირი მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა. ამ როლის გამო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს და 1980 წელს კომკავშირის პრემიის ლაურეატიც გახდა, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად.

რეზო ჩხიკვიშვილს კიდევ ერთხელ გაუმართლა და დაოსტატების პირველი წლები რუსთავის თეატრში მარჯანიშვილელების „მეამბოხე თაობასთან“ ერთად გაატარა.

მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა ლილი იოსელიანმა დააკავა სპექტაკლ „ჰამლეტში“. პატარა, უსიტყვო როლი იყო, მაგრამ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით თამაში უდიდესი ბედნიერება და გამოცდილება გახლდათ. პროფესიულ და ცხოვრებისეულ წარმატებებს მსახიობი მისი პედაგოგის, ლილი იოსელიანის დამსახურებად მიიჩნევს. თვლის, რომ მან არა მარტო ხელობა შეასწავლა, მის პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც თავისი წვლილი შეიტანა.

1978 წელს რეზო ჩხიკვიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ანზორ ქუთათელაძის მიწვევით უკვე ოფიციალურად გახდა რუსთავის თეატრის მსახიობი. ორი წლის შემდეგ, 1980 წელს, მარჯანიშვილელებთან ერთად გადმოვიდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში და მის ცხოვრებაში ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „თოლია“ ( 1980); „ოტელო“ (1981); „თავადის ასული მერი“ (1983); ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“ (1985); „ვერაგობა და სიყვარული“ (1987); „დიდოსტატის მარჯვენა“ (1988); „კალიგულა“ ( 1992); მონაწილეობდა კინოფილმებში:  „მე დავბრუნდები“ (1980); „წიგნი ფიცისა“ (1980); „მსურს გავერკვე“ (აზერბაიჯანი, 1981); „პერპეტუმ–მობილე“ (გერმანია, 1981–82); „ანდერძი“ (1883); „ღამის ილუზია“ (1984); „ქართველები ცაში“ (1985); „ცხოვრება ლენინზე“ (მოსფილმი, 1986–87); „მერცხლები“ (1988); „ხსოვნა“ (1989 წ.); „კედელი“ (1989); „პრემიერა“ (1991 წ.); „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (1991). ტელეფილმებსა და ტელესერიალებში: „თეთრი კურდღელი“ (1981); „ვაზის ყვავილობა“ (1982) და სხვა.  

რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოში ცამეტი წელი მოღვაწეობდა. ერთადერთი, რასაც დარდობს და გული სწყდება - ჰამლეტი ვერ განასახიერა. ეს როლი, 1994 წელს, თემურ ჩხეიძემ შესთავაზა, მაგრამ გერმანიაში იყო მიწვეული ერთი წლით და გეგმებიც ერთი წლით გადადეს. შეთანხმდნენ. თუმცა, ვერ შეასრულეს, რამეთუ ერთი გერმანული წელი უსასრულოდ გაიწელა და რეზო დღესაც იქ არის.

გერმანიაში, ქალაქ ესენში, რეზო ჩხიკვიშვილი დაუგეგმავად, შემთხვევით მოხვდა. 1993 წელს სხვადასხვა თეატრებიდან შეკრებილმა არტისტებმა, როგორც ქართველებმა, ისე გერმანელებმა, ქართულ–გერმანული პროექტის ფარგლებში ითამაშეს  „ოიდიპოს მეფე“. თეატრის დირექციამ სწორედ იქ ნახა ნიჭიერი ქართველი მსახიობი და ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო. მაშინ გერმანული არ იცოდა და დაჩქარებული ტემპით შეუდგა ენის სწავლას. ერთ წელიწადში ენაც ისწავლა და კონტრაქტი გაუგრძელეს. ეს იშვიათობაა, რადგან გერმანიაში, ყველა თეატრში ხელმძღვანელობა და დასი 5 წლით ირჩევა, შემდეგ იცვლება. თუ ძალიან კარგი აღმოჩნდა მსახიობი, კიდევ 5 წლით უგრძელებენ კონტრაქტს, რეზო ჩხიკვიშვილი კი დღემდე ქ. ესენის გრილოს სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობია. შესრულებული აქვს 60–ზე მეტი როლი. გადაღებულია 10–ზე მეტ მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში: „Fünf-Uhr-Schatten“ (1998), „Der Gestohlene Mond“ (2003), „Tatort. Der doppelte Lott“ (2005) და სხვა.

სამშობლოს მონატრებული მსახიობი საქართველოში ხშირად ჩამოდის. ითამაშა ფილმებში: „მომყიდეთ ქმარი“ (1999); „27 დრაკონი“ (2003); „ყავა და ლუდი“ (2006);

2010 წელს იღბალმა კიდევ ერთხელ გადმოხედა წყალობის თვალით – შემოქმედებით საქმიანობაში ზედიზედ 9 დღე აღმოაჩნდა თავისუფალი, სწორედ ამ დროს დათო დოიაშვილმა „მუსიკის ჰანგების" გადმოქართულებული ვერსიის სცენაზე დადგმა განიზრახა და რეზოს მთავარი როლი შესთავაზა. პრემიერამდე დრო ცოტა იყო – მხოლოდ 8 დღე. რეჟისორმა და მსახიობებმა საოცრება მოახდინეს. სპექტაკლი რეკორდულ დროში მაღალპროფესიულად მომზადდა და პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.  „აქ სულ სხვა თვალებია, სხვა ტაში, სხვა სუნთქვა, სხვა ემოცია“, –ამბობს მსახიობი.

მომავალი მეუღლე რეზომ 1985 წელს, ფილმ „ჩიორას" გახმოვანების დროს გაიცნო.  ეკრანზე იხილა პირველად ხათუნა ჩაგელიშვილი, გოგონა, რომელიც „ჩიორაში" მთავარ როლს თამაშობდა. ორი შვილი ჰყავთ – სანდრო და ლევანი. ბავშვები პატარები იყვნენ, როცა რეზო ოჯახით გერმანიაში გადასახლდა. ახლა უკვე ზრდასრულები არიან, უმაღლესი განათლებაც მიიღეს და დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

წყარო:
1. www.opentext.org.ge/index.php?m=21&y=2006&art=1082 

2. primetimenews.ge/რეზო-ჩხიკვიშვილი-ცხოვრებ/

3. www.kvirispalitra.ge/public/2835-rezo-chkhikvishvili-darabebs-mighma.html


გააზიარე: