The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ამირან ამირანაშვილი

ამირან ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

თეატრისა და კინოს წარმატებული მსახიობი ამირან ამირანაშვილი დაიბადა 1955 წლის 19 მაისს ქ. ბათუმში. მშობლები: მარიამ ზოიძე და ნოდარ ამირანაშვილი. 1976 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (სამსახიობო ჯგუფი კოტე სურმავას ხელმძღვანელობით). არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ თეატრის სცენაზე, 1975–1993 წლებში, მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ თუმანიშვილის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ცოტნე ნაკაშიძის დადგმებში: მოლიერი, „დონ ჟუანი“ (1981–1990); ა. ცაგარელი, „ჭკუისა მჭირს“ (1990); დ. კლდიაშვილი, „დარისპანის გასაჭირი“(1991); შექსპირი, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1992) და სხვა.

1990-იანი წლების დასაწყისში ამირან ამირანაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა პიტერ ბრუკის მიწვევით, სადაც 10 წლის განმავლობაში, 1993–2002 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თეატრში: ბრეტანის ნაციონალური თეატრი (ქ. რენი), სარა ბერნარის თეატრი (პარიზი), შაიოს თეატრი (პარიზი), კომედი დე ჟენევი (შვეიცარია), კლებერ მელო–ლოზანა (შვეიცარია), ბრიუსელის ნაციონალური თეატრი (ბელგია). ითამაშა სპექტაკლებში: რ. გაბრიაძე, „ქუთაისი“ (1994); ჰ. მიულერი, „ფილოქტეტი“ (1995); ფ. კაფკა, „გამოსასწორებელ კოლონიაში“ (1997); გოგოლი „რევიზორი“ (1998); ვოლიერ დრომესკო, „ბარაკი“ (2000); შექსპირი, „ოტელო" (2002).

მსახიობის ცხოვრების შემდგომი ეტაპი უკავშირდება რუსთაველის თეატრს. რობერტ სტურუასთან ერთად იმუშავა პოცოს როლზე სპექტაკლში „გოდოს მოლოდინში“ (2003). მარჯანიშვილის თეატრშიც იყო დაკავებული გიზო ჟორდანიასთან სპექტაკლში „ძალად ექიმი“.

 პარალელურად მოღვაწეობდა კინოში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „მშვენიერი კოსტუმი“ (1973); „ბეღურების გადაფრენა“ (1976); „სიყვარული ყველას უნდა“ (1978); „ძმა“ (1981); „მიიღეთ გამოწვევა სინიორებო“ (1982); „ინ ვინო ვერიტას“ (1999); ლანა ღოღობერიძის „დღეს ღამე უთენებია“ (1983); თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1983); გიორგი შენგელაიას „ხარება და გოგია“ (1987); რეზო ჩხეიძის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989); ოთარ იოსელიანის „მშვიდობით მშობლიურო მიწავ“ (1999), „ორშაბათი დილა“, (2002); „ყაჩაღები თავი VII" (1996), „შანტრაპა“ (2010) და სხვა.

2010 წელს ამირანაშვილი კვლავ დაუბრუნდა თუმანიშვილის თეატრს. ამჯერად როგორც რეჟისორი, პროექტით, რომელიც გულისხმობდა ე. წ. „ვორქშოფს" ახალგაზრდა მსახიობებთან, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა დასრულებული სპექტაკლი – უილიამ შექსპირის "ჰამლეტი". მან შეკრიბა 13 ახალგაზრდა ენთუზიასტი მსახიობი და მათთან შვიდი თვე ეტიუდებსა თუ სავარჯიშოებზე იმუშავა. ოქტომბრის თვეში კი გაიმართა წარმატებული პრემიერა.

ამირან ამირანაშვილი არის მადრიდის, ედინბურგის, პერტის, ადელაიდას, კარაკასის, ბოგოტას ფესტივალების ლაურეატი. დაჯილდოებულია პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დანკერკის (საფრანგეთი) კინოფესტივალზე; ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზით (1996) ფილმისთვის „ყაჩაღები თავი VII“.

მისი მეუღლეა – ნატა უთმელიძე. ჰყავთ შვილები – სოფო და ანა. 

წყარო:

1. https://www.tsu.ge/data/file_db/news/tumanishvili.pdf 

2. www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=2230

3. ვინ ვინ არის საქართველოში 2006: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006. –გვ.29–30


გააზიარე: