The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მანანა ნაგერვაძე

მანანა ნაგერვაძე
დაბადების თარიღი:197
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

მანანა ნაგერვაძე 15 წელზე მეტია სტამბოლში მუშაობს ქირურგად. ყველაფერი კი ბათუმიდან დაიწყო. 1994 წელს ჩააბარა ბათუმის სამედიცინო–ეკოლოგიური აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 2002 წელს დაამთავრა და უკრაინაში გაემგზავრა ორდინატურის კურსის გასავლელად. ორი წელი ისწავლა ქალაქ ეკატერინობურსკის სამედიცინო უნივერსიტეტში. შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში აპირებდა წასვლას, გერმანიისკენ გზა კი თურქეთზე გადიოდა. სტამბოლში რამდენიმე თვით მოუხდა გაჩერება და შემთხვევით შეიტყო, რომ იქ არსებულ გერმანულ კლინიკა „ალმანასტანეს“ (ALMAN HASTANESI(GERMAN HOSPITAL) გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარ ექიმს ასისტენტი სჭირდებოდა. ეს არის უძველესი საავადმყოფო, 1852 წლიდან ფუნქციონირებს და წლების განმავლობაში გერმანელები მართავდნენ. ექიმები სჭირდებოდათ, მაგრამ არა უცხოელები, რადგან იმ წლებში თურქეთის კლინიკაში უცხოელი ექიმის აყვანა ნებადართული არ იყო. მანანა მაინც მივიდა გასაუბრებაზე. სკოლიდან ასე თუ ისე იცოდა გერმანული და ბედი სცადა. კასტინგის წარმატებულად გავლის შემდეგ ორკვირიანი გამოსაცდელი ვადით მიიღეს, მერე კი ასისტენტად ჩარიცხეს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში, პროფესორ ისმაილ  ლუქსელთან, რომელიც გულის ურთულეს ოპერაციებს აკეთებს. ეს იყო 2004-2005 წლები. პარალელურად უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.

თურქეთში ექიმად მუშაობა რომ დაიწყო, გამოცდები უნდა ჩააბარო, „დეინკლიქსს“ ეძახიან. აქაური მოქალაქეც რომ იყო, თუ საზღვარგარეთ გაქვს განათლება მიღებული, მაინც უნდა ჩააბარო გამოცდები. მანანას თუმცა  მაგისტრატურა გავლილი ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. ჩააბარა გამოცდა ანკარაში ჰაჯიტეპის უნივერსიტეტში და დღემდე გულ-სისხლძარღვთა ქირურგად მუშაობს. 2011-2012 წლებში „კავაციკ მედესტატე ჰოსპიტალში“ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში იმუშავა მთავარ ექიმად, 2014 წელს – „აქსარაყ ვატან ჰოსპიტალში“, აქაც გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ განყოფილებაში. ამჟამად გერმანული კლინიკის კარდიოლოგიისა  და კარდიოვასკულარული ქირურგიის განყოფილების ერთ-ერთი წამყვანი ექიმია, მაგრამ შეთანხმებით სხვა კლინიკებშიც უწევს მუშაობა.
მეტად ფართოა იმ ოპერაციების ჩამონათვალი, რომლებიც „ალმანასტანესში“ კეთდება: მინიმალური ინვაზიური გულის ქირურგია; სარქვლის შეცვლა და მკურნალობა; კორონალური არტერიული შუნტირება; წინაგულოვანი ფიბრილაციების ქირურგიული მკურნალობა; კორონარული ანგიოგრაფია; ანგიოპლასტიკა; სტენტირება. ქალბატონი მანანა ასე აგვიწერს თავის ყოველდღიურ ყოფას: „ვცხოვრობ აზიაში, მაგრამ ევროპაში ვმუშაობ, ამიტომ დილის 6 საათზე მივდივარ სამსახურში. 8–ზე ვიზიტებს ვიწყებ. 10–ზე კონფერენციაა, მერე ოპერაციები. დღეში, სულ ცოტა, 3–4 ოპერაცია ტარდება. თავისუფალი მხოლოდ კვირა დღე მაქვს, თუმცა ისეც ხდება, რომ ამ დღესაც პაციენტებს ვუთმობ. ყოფილა შემთხვევა, ნაშუაღამევს წავსულვარ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად...  ჩემთვის ბედნიერი დღეა, როცა ოპერაცია წარმატებით მთავრდება და, საოპერაციოდან გამოსული, ათასობით მომლოდინე ადამიანს გაღიმებული ვეუბნები, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინე“.    

დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო მანანა ნაგერვაძე საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად ახერხებს, მაგრამ მაქსიმალურად აკვალიანებს აქედან ჩასულ პაციენტებს, ურჩევს შესაფერის კლინიკას, კარგ ექიმებს, ეხმარება ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. ადამიანების უკეთ დახმარების მიზნით მოიფიქრა და სტამბოლში დააფუძნა სამედიცინო ტურიზმის კომპანია INTER GeoMED–ი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. ისიც მოხერხდა, რომ ქართველ პაციენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ ონლაინ კონულტაცია ქალბატონ მანანასთან კომპანია INTER GeoMED–ის საშუალებით. ამჟამად უნივერსიტეტის კლინიკებთან ერთად მუშაობს, რათა მოამზადოს ნიადაგი, რომ ახალგაზრდა ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა თურქეთში სტაჟირება და რეზიდენტურის კურსის გავლა შეძლონ. აქვს კონტაქტი სანკტ-პეტერბურგის რამდენიმე კლინიკასთან, ყაზანთან, საქართველოში „ავერსთან“. „მინდა, ახალგაზრდა ექიმებს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ექიმობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. პროფესიონალი რომ გახდე, საჭიროა ბევრი შრომა და უწყვეტი სწავლა, რადგან დღეს მედიცინა დღითი დღე მიიწევს წინ და ახალ–ახალი აღმოჩენებით მდიდრდება, – ამბობს ქალბატონი მანანა.

მანანა ნაგერვაძე დღესდღეობით თურქეთის მოქალაქეა. იქ მუშაობს და ხარისხის დაცვასაც აპირებს. ჯერჯერობით იქედან ეხმარება ქართველებს, მაგრამ მომავალში, დიდი სურვილი აქვს, ჩამოვიდეს საქართველოში და უცხოეთში დაგროვილი გამოცდილება თავის სამშობლოს მოახმაროს. 

წყარო:

1. batumelebi.netgazeti.ge/news/10212/ 

2. www.mkurnali.ge/.../6241-thurqethshi-moghvatse-tsarmatebuli-qar... 


გააზიარე: