The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ სუმბათაშვილი

იოსებ სუმბათაშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 2012  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტროეკუროვსკის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

იოსებ გიორგის ძე სუმბათაშვილი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში. თავდაპირველად სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ხატვის ნიჭმა გადასძალა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1941 წელს აკადემია დაამთავრა და  მიწვეულ იქნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მთავარი მხატვარის თანამდებობაზე (1942-47). მხატვრის მიერ ამ წლებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია „დავით აღმაშენებელი" (ლ. გოთუა), „მედეა" (ევრიპიდე), „უმზითვო" (ა. ოსტროვსკი)... 1948-59 წლებში იოსებ სუმბათაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. გაფორმებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი" და არაერთი სხვა დადგმა. ამავე დროს აგრძელებდა ნაყოფიერ მუშაობას მარჯანიშვილის თეატრში: ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (1948); შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (1949); მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“ (1949); შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (1951); ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“ (1955); შექსპირის „რიჩარდ III“ (1957); ევრიპიდეს „მედეა“ (1963).

იოსებ სუმათაშვილს „მისი ვარსკვლავის“ სცენიური გაფორმებისთვის 1952 წელს მიენიჭა მეორე ხარისხის სტალინური პრემია. იგი თანამშრომლობდა გორის, ჭიათურის, რუსთაველის თეატრებთანაც. თეატრში ინტენსიურად მუშაობის პარალელურად ის წარმატებით მუშაობდა როგორც კინოს მხატვარი. შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე" (1948, ვ. ტაბლიაშვილი); „ცისკარა" (1955, ს. ჭელიძე); „მაგდანას ლურჯა" (1955, თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე); ანიმაციური ფილმებისთვის; „ნებიერი“ (1950); „ურჩი თიკანი“ (1953) და სხვა. 

1958 წლიდან იოსებ სუმბათაშვილი მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა დრამატულ თეატრებში. მათ შორის: სამხატვრო თეატრში (МХАТ), 1974 წელს მას მიენიჭა სსრკ–ის სახელმწიფო პრემია ამ თეატრის სპექტაკლ „მეფოლადეების“ (გ. ბოკარევი) გაფორმებისათვის. 1972–1988 წლებში იგი ვახტანგოვის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მას ეკუთვნის სცენოგრაფია სპექტაკლებისა: „ირკუტსკის ისტორია“ (ა. არბუზოვი); „ანტონიუსი და კლეოპატრა" (შექსპირი); „მისტერია ბუფი"(ვ. მაიაკოვსკი), „ქალი მწვანე კარს მიღმა“ (რ. იბრაგიმბეკოვი) და სხვა. მცირე თეატრში მუშაობდა სპექტაკლებზე: ა. ჩეხოვის „ოჩოპინტრე“; პ. ბომარშეს „დამნაშავე დედა, ანუ მეორე ტარტიუფი“; ა. სოლჟენიცინის „გამარჯვებულთა ლხინი“...

იოსებ სუმბათაშვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო რუსეთის არმიის აკადემიური თეატრის მთავარი მხატვარი: 1962-1972 წლებში და 1990–იანების შუა წლებიდან სიკვდილამდე. მის მიერაა გაფორმებული დ. ხეიფეცის დადგმები: „პავლე I“ (1989, დ. მერეჟკოვსკი); „მასკარადი“ (1992, მ. ლერმონტოვი); „ძია ვანია" (1969, ა. ჩეხოვი); „იაკობ ბოგომოლოვი“; სპექტაკლისათვის „ივანე მრისხანეს სიკვდილი" (1966, ა. ტოლსტოი) ქართველმა მხატვარმა პრაღის კვადრიენალეზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

 ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში იოსებ სუმბათაშვილის სცენოგრაფიით დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. პ. პეტროვის ოპერა „პეტრე პირველი“ და მისივე ბალეტი „პუშკინი“.

თავისი ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში იოსებ სუმბათაშვილი თანამშრომლობდა საზღვარგარეთის სხვადასხვა დრამატულ და მუსიკალურ თეატრთან (აშშ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, კორეა და სხვა მრავალი) 

იოსებ სუმბათაშვილი 1982 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. დაჯილდოებული იყო: ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, ხარისხის ნიშნის, ღირსების ორდენებითა და მედლებით; მიღებული აქვს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი" (1999) ნომინაციაში „ ღირსებისა და პატიოსნებისათვის“.

მისი მეუღლე იყო – ელისაბედ მიხეილის ასული ბაგრატიონ–მუხრანსკაია (1919–2000).

მხატვარი გარდაიცვალა 97 წლის ასაკში, 2012 წლის 11 თებერვალს, მოსკოვში. დაკრძალულია ტროეკუროვსკის სასაფლაოზე.

იოსებ სუმბათაშვილმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული და არამარტო ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობაში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა (ხელოვნების სასახლე) მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვნა გამოფენა ( 10.12.2015).  ღონისძიების ფარგლებში, შედგა, ასევე, კატალოგის პრეზენტაცია, რომელშიც შევიდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში დაცული იოსებ სუმბათაშვილის ნამუშევრები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სპექტაკლებისა და ფილმებისთვის შექმნილი ესკიზები და პორტრეტები, რომლებიც ხელოვნების სასახლის, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის არქივებშია დაცული; დამთვალიერებელმა, ასევე, იხილა ნამუშევრები არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირადი კოლექციებიდან; ექსპოზიციაზე გამოიფინა მედეა ჯაფარიძის კოსტიუმიც, სპექტაკლიდან „რომეო და ჯულიეტა“, ასევე დეკორაციის ესკიზი ფილმისთვის „მაგდანას ლურჯა”, რომელმაც 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე I პრემია დაიმსახურა. 

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_სუმბათაშვილი 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Сумбаташвили,_Иосиф_Георгиевич

3. www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=37

4. ციციშვილი, მაია. სუმბათაშვილი იოსებ // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 305


გააზიარე: