The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯუანშერ ჩქარეული

ჯუანშერ ჩქარეული
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ჯუანშერ ჩქარეული დაიბადა 1940 წლის 13 იანვარს თბილისში. მშობლები: ალექსანდრა მახარობლიშვილი და ლევან ჩქარეული. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; 1966-1970 წლებში სწავლობდა რუსეთის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1971-1974 წლებში იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1974-1982 წლებში ე. ანდრონოკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი, 1982-1990 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991 წლიდან ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი.

ჯუანშერ ჩქარეული მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში: სასექსის უნივერსიტეტი (ბრაიტონი, 1993-1994); თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, 1996); ევროპის გაერთიანებული ბირთული კვლევების ცენტრი (ჟენევა, 1994-1995); ლონდონის სამეფო უნივერსიტეტი (1998-1999); მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტი (მიუნჰენი, 2000); მერილენდის უნივერსიტეტი და სხვა.

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლაგრანჟის მოდელები განივი ვექტორული და აქსიალურ-ვექტორული ველებით“. 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკებისა და ლეპტონების თაობები“.. საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი. იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კვარკებისა და ლეპტონების ერთიანი თეორიები, არომატების შერევა და თაობათა სიმეტრიები, სუპერსიმეტრიული მოდელები, დიდი გაერთიანება, სუპერსიმების ფენომენოლოგია, რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ლოკალური სიმეტრიების გენერაცია, კვანტური ელექტროდინამიკისა და გრავიტაციის დინამიურად წარმოშობილი თეორიები, ტოპოლოგიური დეფექტები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, დამატებითი სივრცე-დროის განზომილებები.

ჯუანშერ ჩქარეულის ძირითადი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან მცირე და ზემცირე მანძილებზე. 1980 წელს მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე. წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია. მეცნიერი არის საქართველოს და აშშ ფიზიკოსთა (1994) საზოგადოებების წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და 2000 წლიდან დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტის ნამდვილი წევრი.

ჰყავს ორი შვილი: გიორგი (1968) და ნინო (1982).

წყარო:

1. https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=475 

2. www.nplg.gov.ge/bios/ka/00002533/ 

3. ვინ ვინ არის საქართველოში, 2009: ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 2009. - გვ. 439–440



გააზიარე: