The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ ჯორჯაძე

ვასილ ჯორჯაძე
სხვა სახელი:ბაზილ
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1952  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ვასილ ჯორჯაძე დაიბადა თბილისში, 1884 წლის 29 მაისს. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. მამამისი – დიმიტრი (ტიტე) ჯორჯაძე, სამხედრო იყო, მეფის ჯარში მსახურობდა და ვაჟსაც სამხედრო კარიერისთვის ამზადებდა. 1894 წელს, 10 წლის ვასილი თბილისის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. იმხანად კადეტთა კორპუსში ხატვას ასწავლიდა ოსკარ შმერლინგი, რომელიც 1902 წლიდან სამხატვრო სკოლის დირექტორი გახდა. მან შეამჩნია ყმაწვილის ნიჭი და გულისყურით მოეკიდა მის მხატვრობისადმი სწრაფვას. ახატვინებდა ნატურიდან, აკეთებინებდა ასლებს სხვადასხვა ჟურნალის ილუსტრაციებიდან. ყოველივე ამის შედეგად 16 წლის ჭაბუკს 1901 წელს, თბილისში, დიდუბის სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე ფერწერის პატარა პავილიონში გამოუფინეს მის მიერ შესრულებული მუშისა და ამხანაგების პორტრეტები. ეს იყო დამწყები მხატვრის პირველი გამარჯვება.

1901 წელს ვასილ ჯორჯაძემ დაამთავრა კადეტთა კორპუსი, სადაც სამხედრო განათლებასთან ერთად მხატვრის რთულ პროფესიასაც დაეუფლა. სწავლა განაგრძო სანკტ–პეტერბურგის იუნკერთა სასწავლებელში. მისმა მხატვარ–პორტრეტისტის ნიჭმა აქაც სწრაფად ჰპოვა აღიარება და სასწავლებლის ადმინისტრაციამ ნება დართო თავისუფალი დრო ერმიტაჟში გაეტარებინა, სადაც იღებდა დასავლეთ ევროპის ხელოვანთა ნაწარმოებების ასლებს. მხატვრისთვის მუზეუმში მუშაობა დიდი სკოლა იყო. აქ იგი გაეცნო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებს და აითვისა იმდროინდელი ხელოვნების მიღწევები.

იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვასილ ჯორჯაძე იმხანად თბილისში მყოფ გრენადერთა პოლკში განამწესეს. სამხედრო სამსახურის გამო მხატვრობისთვის ვეღარ იცლიდა. მიუხედავად ამისა, 1914 წლის 28 იანვარს ქართული თეატრის ფოიეში მოეწყო მისი ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო თხუთმეტამდე ნამუშევარი  –  პორტრეტები და კომპოზიცია–ფანტაზიები. გამოფენამ ინტერესი გამოიწვია და გაზეთებში რეცენზიებიც დაიბეჭდა.   

I მსოფლიო ომის დროს ვასილ ჯორჯაძე თურქეთის ფრონტზე იბრძოდა. იგი ასეულის მეთაური იყო, ბრძოლაში დაიჭრა და ჰოსპიტალში მოხვდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მწყობრს დაუბრუნდა. ამჯერად გალიციაში განამწესეს. აქ იგი კვლავ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. თავდაპირველად მოათავსეს რეიხენბერგის, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ავსტრიაში, ბრიუკსის ტყვეთა ბანაკში. იგი აქაც განაგრძობდა ხატვას. ბანაკში ხშირად მიდიოდნენ ხვადასხვა ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლები. ჯორჯაძის ნამუშევრებმა ერთ–ერთი შვედი მეცენატის ყურადღება მიიპყრო და მისი ხელშეწყობით, მხატვრის სურათები პირველად მოხვდა გამოფენაზე, სტოკჰოლმში.

1918 წელს ვასილ ჯორჯაძე თბილისში დაბრუნდა, საბოლოოდ დაანება თავი სამხედრო სამსახურს და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ წევრი გახდა. 1919–1921 წლებში მონაწილეობდა გამოფენებში. 1921 წელს გაემგზავრა ჯერ კონსტანტინეპოლში ეკლესიის რესტავრაციაზე სამუშაოდ, ხოლო შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც. ემიგრაციაში მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. ჯერ მინის ქარხანაში, ბოთლების მრეცხავად მუშაობდა, შემდეგ რამდენიმე შეკვეთა მიიღო და მთლიანად მხატვრობაზე გადაერთო. ამ პერიოდიდან ვასილ ჯორჯაძის გამოფენები ეწყობა პარიზში, სტოკჰოლმში, ვენასა და ევროპის სხვა ქალაქებში.1929 წელს იგი გახდა პარიზში დაარსებული „რუს მხატვართა საზოგადოების“, ხოლო 1933 წელს – „ფრანგ მხატვართა სინდიკატის“ წევრი.

უცხო მხარეში მყოფი მხატვარი დიდ მატერიალურ გაჭირვებასთან ერთად სულიერ ტანჯვასაც განიცდიდა. სამშობლოსა და ახლობლებს მონატრებული ერთადერთ ნუგეშს დასთან ხშირ მიმოწერაში პოულობდა. 1948 წელს გამოგზავნილ ბარათში იგი წერს: „როგორ მინდოდა უკანასკნელი წლები გამეტარებინა სამშობლოში, სადაც ყველაფერი განვლილ ახალგაზრდობას მაგონებს. ახლა თქვენთან ახალგაზრდა თაობაა, სავსე ენერგიით, ცოდნის შეძენის სურვილით, როგორ მინდოდა გადამეცა მათთვის ჩემი გამოცდილება, მეჩვენებინა, მეამბნა...“.

მხატვრის ოცნება ოცნებად დარჩა. 1952 წლის 6 დეკემბერს იგი პარიზის ერთ–ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისივე თხოვნით დაკრძალულია პარიზის გარეუბანში, სენ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე.

ვრცელია მხატვრის გამოფენების ჩამონათვალი: პირველი პერსონალური გამოფენა – ქართული თეატრის ფოიე, 1914 წლის 28 იანვარი; ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სურათების I გამოფენა – დიდუბის ტაძარი, თბილისი, 1919 წლის 4 მაისი; ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სურათების III გამოფენა –1920 წლის ივნის –ივლისი; რუს მხატვართა საზოგადოების გამოფენა – პარიზი, 1929 წლის 9–23 ივნისი და სხვა.

1958 წელს მხატვრის დამ, მუსიკოსმა თამარ ჯორჯაძემ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს შემოსწირა ძმის ნამუშევრები. რამდენიმე ნამუშევარი დაცულია თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა); ასევე, საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. მხატვრის მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დაკარგულად ითვლება.

ვასილ  ჯორჯაძე დაქორწინებული იყო რუს ქალბატონზე, მაგრამ მემკვიდრე არ დარჩენია.

წყარო:   

1. ოქროსცვარიძე, ნინო. მხატვარი ვასილ ჯორჯაძე / ნინო ოქროსცვარიძე. - თბ., 2010.

2. ციციშვილი, მაია. ჯორჯაძე (ბაზილი) ვასილ // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XIX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013.- გვ. 349-350


გააზიარე: