The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოანე ანდრონიკაშვილი

იოანე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1970  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მიუნხენი, გერმანია
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

იოანე სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1895 წელს, სოფელ არაშენდაში (გურჯაანის რაიონი). იგი ერეკლე II-ის შვილიშვილის, მარიამ ბაგრატიონისა და გენერალ ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის შვილიშვილია. ივანე ანდრონიკაშვილი გახლდათ რუსეთ–ყირიმის ომის ღირსშესანიშნავი საბრძოლო მოვლენის, გურიაში, მდინარე ჩოლოქთან თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში (1854) გამარჯვებული, იმპერატორის არმიის ერთ–ერთი სახელგანთქმული მთავარსარდალი.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინტელიგენციასა და განსაკუთრებით ერეკლე II-ის შთამომავალთ მძიმე დრო დაუდგათ. მათ ყოველმხრივ ავიწროებდნენ. სწორედ ამის გამოძახილი იყო  1924 წლის აჯანყება, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში. აჯანყების მარცხით დამთავრების შემდეგ ბევრმა საზღვარგარეთ გადახვეწით უშველა თავს, ზოგიერთი კი დააპატიმრეს. მათ შორის იოანეს ძმა, სოლომონ ანდრონიკაშვილი, რომელიც იმდროინდელმა „უშიშროების“ ჯალათებმა სასტიკად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.  

თავად ბატონი იოანე 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და დამკვიდრდა გერმანიაში, ქ. მიუნხენში. აქვე მიიღო მუსიკალური განათლება. თავდაპირველად მოღვაწეობდა როგორც აკომპანიატორი და საკმაოდ ცნობილიც გახდა, ხოლო შემდეგ როგორც პიანისტმაც მიაღწია წარჩინებას. ჩვენამდე მოაღწია XX საუკუნის I ნახევარში გერმანიაში გამოცემულმა, ეგრეთწოდებული 5 წუთიანმა გრამფირფიტამ, რომლის ორივე მხარეს ჩაწერილია იოანე ანდრონიკაშვილის მიერ შესრულებული ორი ნაწარმოები: ი. ს. ბახის არია N147 კანტატიდან, რომლის საფორტეპიანო ტრანსკრიფცია ეკუთვნის ინგლისელ პიანისტს – მარია ჰესს და დომენიკო სკარლატის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი e-moll სონატა; ეს არის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველი პიანისტის შესრულების გრამფირფიტის ჩანაწერის პირველი ნიმუში.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოში ეს უნიკალური გრამფირფიტა. 1960 წელს გერმანიაში მოწყობილ საბჭოთა მხატვართა გამოფენაზე მიწვეულ  ავტორთა დელეგაციაში, ქართველი ფერმწერი უჩა ჯაფარიძეც აღმოჩნდა, რომელმაც შემთხვევით გაიცნო იოანე ანდრონიკაშვილი. ბატონმა იოანემ ცხოველი ინტერესით გამოიკითხა სამშობლოსა და მისი კულტურის იმდროინდელი მიღწევების შესახებ და თავის ერთ–ერთ ახალგაზრდა ნათესავს – მუსიკოს როდამ ჯანდიერს საჩუქრად გამოუგზავნა სავიოლინო სიმების ერთი კომპლექტი და პატარა ზომის გრამფირფიტა, რომელზედაც ჩაწერილი იყო მის მიერ შესრულებული ბახისა და სკარლატის ნაწარმოებები.

პიანისტის უდიდესი ოცნება ყოფილა სამშობლოში ჩამოსვლა და თითქოს 1970 წლისთვის ეს ოცნება უნდა განხორციელებულიყო, სტუმრად ჩამოსვლის სახით, მაგრამ ამ ფაქტს მასში ისეთი ვნებათა ღელვა გამოუწვევია, რომ სისხლი ჩაექცა და დაიღუპა. 

იოანე ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1970 წელს, მიუნხენში და იქვე დაკრძალეს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 30

2. შანიძე, ალექსი. ბედის ირონია / ალექსი შანიძე // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2012. - N4. - გვ.36-46.

 


გააზიარე: