The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილი

ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1941
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 2021  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

კარდიოქირურგი ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილი დაიბადა 1941 წლის 2 მარტს,  თბილისში. მშობლები: ორივე სახელოვანი არქიტექტორი – თინათინ ფანიაშვილი და ლადო ალექსი–მესხიშვილი. ტყუპისცალი ძმა – მსოფლიოში აღიარებული სცენოგრაფი გოგი ალექსი–მესხიშვილი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში სამი წელი სასწრაფო დახმარების ღამის მორიგეობის ბრიგადაში მუშაობდა. ინსტიტუტის შემდეგ, განაწილებით ერთი წელი თეთრიწყაროში გაატარა. 1967–1968 წლებში სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი იყო. 1969 წელს გადავიდა მოსკოვში ა. ბაკულევის სახელობის გულისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, ორდინატორად.

ადრეულ წლებში გულის მანკით ან გულის კომბინირებული მანკით თანდაყოლილი ახალშობილები უმეტესად იღუპებოდნენ, რადგან მაშინვე ოპერაციას ვერ უკეთებდნენ. მოგვიანებით გაკეთებული ოპერაციები ხშირად უშედეგო იყო, რადგან თავიდანვე დარღვეული სისხლის მიმოქცევის გამო, მოზარდის ორგანიზმი იჯაბნებოდა, ავადდებოდა სხვა სასიცოცხლო ორგანოებიც. ეს პრობლემა სასწრაფო გადაჭრას მოითხოვდა და ახალგაზრდა ექიმის დაინტერესებაც გამოიწვია. ეს სრულიად ახალი დარგი იყო ქირურგიაში. ლადო აკადემიკოს ბურაკოვსკის ერთ–ერთი საუკეთესო მოწაფე გახლდათ. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1977 წელს – სადოქტორო დისერტაცია.

ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილის შესწავლის სფეროა გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკა და ქირურგია, ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის,   სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხები და სხვ. 1980 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა სსრკ–ში პირველად გახსნილ  ჩვილ ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკის სასწრაფო ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ბაკულევის სახელობის ინსტიტუტში. მისივე ხელმძღვანელობით 1984 წელს ჩატარდა სსრკ–ში პირველი სიმპოზიუმი კრიზისული მდგომარეობის მქონე ჩვილ ბავშვთა მკურნალობის შესახებ, სადაც ლადო ალექსი–მესხიშვილი ამ დარგის ყველაზე დიდ სპეციალისტად ცნეს. 1986 წელს მას მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, ახალშობილი და ჩვილი ბავშვების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მეთოდების დამუშავებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისათვის. 1989 წელს მიანიჭეს პროფესორის

წოდება. 1989 წლიდან ლადო ალექსი–მესხიშვილი გერმანიაში მოღვაწეობს. თავდაპირველად, როგორც მიწვეული პროფესორი, 1990 წლის 1 თებერვლიდან კი დასავლეთ ბერლინში არსებული გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრის დირექტორის რ. პეტცერის თხოვნით იგი სათავეში ჩაუდგა ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამის ჩამოყალიბებას. შემდეგ ცენტრის დირექტორის მოადგილე გახდა. ახლა პენსიაზეა, მაგრამ არ გაუშვეს და კვლავ მუშაობს. ჩატარებული აქვს 4000–ზე მეტი ოპერაცია, გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი ნაშრომი საბჭოთა, ევროპულ და შეერთებული შტატების სამეცნიერო ჟურნალებში. მის გვერდით ოსტატდებიან ექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ხშირად უკითხავს ლექციებს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებს. მათ შორის საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ჩამოდის შვებულებით, ჩამოაქვს სამედიცინო ტექნიკა, მონიტორები. 2010 წლის 7 ივლისს მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება ბავშვთა კარდიოქირურგიის პრობლემებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა რამდენიმე ათეული ძვირადღირებული წიგნი, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებსა და რეზიდენტებს მიიღონ ინფორმაცია კარდიოქირურგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ.

ლადო ალექსი–მესხიშვილის მეუღლეა მსახიობი ნანა ქავთარაძე. მათი ვაჟი, უმცროსი ლადო, სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს და გერმანიაში ცნობილი ფოტოგრაფია.
წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103

2. www.novayagazeta.ru/arts/71927.html 

3. დურგლიშვილი, ბელა. გენი ქართული // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1996. - 17 აგვისტო. - N167(2281). - 3 გვ.


გააზიარე: