The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეთერ ჭყონია–ლამორისი

ეთერ ჭყონია–ლამორისი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ეთერ ლამორისი–ჭყონია დაიბადა 1971 წლის 23 მაისს, თბილისში. დედა –  ოპერის მომღერალი ლამარა ჭყონია, მამა – ბალეტის მოცეკვავე მორის ლეკიაშვილი. 1982–83 წლებში იყო თბილისის ოპერის თეატრ მიმანსის მსახიობი; 1983–84 წლებში გუნდის მსახიობი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. პედაგოგები: ლ. ჭყონია (ვოკალი) და ი. გერსამია (კამერული სიმღერა). მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დეზდემონას პარტიით ( ვერდის „ოტელო“) ზურაბ სოტკილავასთან ერთად.

1992 წელს, საქართველოში სამოქალაქო ომისა და ჩამკვდარი შემოქმედებითი ცხოვრების გამო, საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1992 წელს ჩაირიცხა მადრიდის ვოკალის უმაღლეს სკოლაში. პარალელურად გაიარა მასტერკლასები ვოკალური ტექნიკის დასახვეწად რ. სკოტოსთან, მოგვიანებით ვენაში მომღერლისა და პედაგოგის რუტილდა ბიომის კლასში.

ეთერ ლამორისი რამდენიმე კონკურსის ლაურეატია: I პრემია – 1990, თბილისის ვიქტორ დოლიძის სახელობის კონკურსი: III პრემია – 1991, ბარსელონა, რ. ვინიასის სახელობის კონკურსი; 1992 წელს ხოსე კარერასის სახელობის კონკურსზე (ქ. პამპლონა, ჩრდილოეთ ესპანეთი) გამარჯვება საკვანძო გამოდგა მომღერლის კარიერაში;  „21–ე საუკუნის საუკეთესო ვიოლეტა“ (ესპანეთი, გაზ. „Avanguardia“–ს პრიზი, 1993); 1996 წელს  I პრემია - მადრიდში. „Opera international Paris”-ის მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ჯულიეტად (1997); „L’ opera internazionale, Milano”-ს მიერ –  წლის საუკეთესო ლუჩიად (1999); „ერთ–ერთი საუკეთესო ხმის მფლობელის“ საპატიო წოდება, ვენის მაყურებელთა პრემია („ოპერალია“, ესპანეთი, 1994).

პლასიდო დომინგოს დაარსებულ „ოპერალიას“ მსოფლიო კონკურსში 10 000 მომღერალი მონაწილეობდა. მაშინ უკმაყოფილო ესპანურმა პრესამ აღნიშნა „მსოფლიო კონკურსისთვის ჩვენი ქვეყნის ნაციონალური შერჩევებიდან ვერც ერთი ესპანელი ვერ გადის მეორე ტურზე, რომელიც ვენაში გაიმართება. ნახევარფინალში მხოლოდ ესპანეთში მცხოვრები, ქართველი ეთერ ლამორისი მოხვდა“. ეთერმა ვენაში მეორე ტურიც გაიარა და მექსიკაში ათეულში მოხვდა, რაც ავტომატურად მსოფლიო 10 საუკეთესო ხმად ითვლება. 

„ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი“ - ასე ეწოდება სპეციალურ ჯილდოს, რომელიც ქართველ მომღერალს საზეიმო ვითარებაში გადასცეს 2012 წლის 10 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის სატახტო დარბაზში. ქართველ სოპრანოს კონკურენციას 165 კონკურსანტი უწევდა, ჟიურის თქმით ეთერის ხმა გამორჩეული და სასიამოვნოა. „როცა მის შესანიშნავ ხმას ვუსმენდი აღფრთოვანებული დავრჩი. მინდა ყველას ვურჩიო მისი სიმღერა მოისმინოს“, - განაცხადა პრინცესა კრისტინამ.

აღნიშნული ჯილდოს მიღება, ნებისმიერი უცხოელისთვის საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც წესი, „შვედეთის სამეფო პატრიოტული საზოგადოება“, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს აჯილდოებს. ეს ჯილდო ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟულია და მის მოსაპოვებლად ყოველ წელს ერთმანეთს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები ეჯიბრებიან. მომღერლის დაჯილდოების გადაწყვეტილება შვედეთის სამეფო ოჯახმა იმ დიდი ღვაწლის აღსანიშნავად მიიღო, რაც მან საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში წლების განმავლობაში შეიტანა. ოქროს ჯილდოზე, რომელიც მომღერალს თავად პრინცესა ქრისტინამ გადასცა, ამოტვიფრულია წარწერა - „ეთერ ლამორისს - ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალს“ (Greatest Singer Of Our Time). ჯილდოსთან ერთად მომღერალს სპეციალური დიპლომიც გადაეცა.

ეთერ ჭყონიას მეუღლეა სერგი ქირია, მოსკოველი ქართველი. ეთერს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი – ანა, რომელიც უკვე დიდია და მადრიდში ცხოვრობს და პატარა ალექსი, რომლის დაბადებამ შეცვალა მომღერლის ცხოვრება. ბავშვთან მეტი დრო რომ გაეტარებინა იგი ძირითადად საკონცერტო შესრულებაზე გადავიდა, რადგან საოპერო სპექტაკლები ბევრ სარეპეტიციო დღეებს მოითხოვს.  ამჟამად მადრიდსა და კიევში მოღვაწეობს. საკონცერტო გამოსვლებთან ერთად დაკავებულია საპროდიუსერო საქმიანობით, ესპანური კომპანია „ინკოცენტრის“ წარმომადგენელია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ძირითადად მუშაობს პროექტზე „დასავლეთის ვარსკვლავები აღმოსავლეთ ევროპაში“. ხშირად თავადაც მონაწილეობს ამ პროექტებში როგორც მომღერალი. უკვე საკმაოდ ბევრი მუსიკალური ღონისძიება ჩაატარა. მათ შორის დედის, ქართველი სოპრანოს, ლამარა ჭყონიას 80 წლის საიუბილეო გალა-კონცერტი, 2011 წლის 1 მარტს კიევში და იმავე წლის 1 სექტემბერს ბათუმის ახლად გახსნილ ხელოვნების ცენტრში. ეთერ ლამორისი იყო საიუბილეო საღამოს პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მხატვრული ხელმძღვანელი.

მომღერალი მართავს მასტერკლასებს ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჰონგ–კონგსა და უკრაინაში. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერლები და დირიჟორები. 2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში ეთერმა დასთან, ნათელა (ნატო) ნიკოლ–ჭყონიასთან ერთად, დააარსა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი Academia Belcanto. კონკურსზე დაწესდა ზ. ფალიაშვილი სახელობის პრემია.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „რა არის საჭირო, რომ იმ სფეროში, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ ადამიანმა მიაღწიოს წარმარებას?“, ეთერ ლამორისი პასუხობს: „ხმა, ნიჭი, შრომისუნარიანობა, ენების შესწავლა, ცოტა იღბალიც და დიდი მონდომება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ ის ნამდვილად მოინდომებს და ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი აქვს. ოღონდ ეს გულით უნდა გინდოდეს“.

წყარო:

1. www.tabula.ge/.../58758-eter-lamoris-chkonia-misi-cxovreb...

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 574.

3. ლამორისი-ჭყონია, ეთერ. როგორ დაკარგა ეთერ ლამორისმა შვედეთის პრინცესას ჯილდო : ინტერვიუ / ეთერი ლამორისი-ჭყონია ; ესაუბრა ანა კალანდაძე // რეიტინგი. - თბილისი, 2012. - 2 აპრილი. - N14(495). - გვ.44-45.

4. ლამორისი, ეთერ. ეთერ ლამორისი: ფასი იმასა აქვს, როცა გზას მარტო იკაფავ : ჩვენებური / ესაუბრა რუსუდან მუხიგულაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 22 ივლისი. - N172 (5205). - 5 გვ.


გააზიარე: