The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ლაფაური

ალექსანდრე ლაფაური
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 1975  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვედენის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი.
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ლაფაური დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს მოსკოვში. მამა თბილისელი ჰყავდა, დედა – რიმა ვლადიმიროვა, მოსკოვის მკვიდრი იყო. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1944, პედაგოგი: ნ.ი. ტარასოვი) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება (1958, პედაგოგი: რ. ვ. ზახაროვი). 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე, კლასიკური ცეკვა–დუეტის ოსტატი (პარტნიორები: გ. ულანოვა, რ. სტრუჩკოვა. მ. პლისეცკაია, თ. სემიონოვა და სხვ.); 1955 წელს გახდა რსფსრ დამსახურებული არტისტი; 1958 წლიდან იყო დიდი თეატრის დამდგმელი ბალეტმაისტერი და რეპეტიტორი; 1945–1961 წლებში ასწავლიდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პარალელურად 1952 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილების პედაგოგი, პროფესორი (1972).

ალექსანდრე ლაფაურს შესრულებული აქვს ოცზე მეტი როლი, მათ შორის: ინდუსი (პროკოფიევი „კონკია“, 1945); მსახიობი (ასაფიევი, „პარიზის ალი“, 1947); გირეი (ასაფიევი „ბახჩისარაის შადრევანი“); პარისი, კაპულეტი (პროკოფიევი „რომეო და ჯულიეტა“); კომანდორი (კრეინი „ლაურენსია“, 1956) და სხვ.; მის მიერ სხვადასხვა თეატრებში დადგმული ბალეტებიდან აღსანიშნავია: გ. ჟუკოვსკის „ტყის სიმღერა“ (1961); ს. პროკოფიევის „პოდპორუჩიკი კიჟე“ (1963, ტარასოვასთან ერთად, დიდი თეატრი); ა. მეტნერის „გაცოცხლებული ლეგენდა“ (1964); ა. ხაჩატურიანის „ფრიალო კლდე“ (1965); „სამშობლოს ძახილი“ (1965) და სხვ.. იგი არის ბალეტმაისტერი და დამდგმელი რეჟისორი ფილმ–ბალეტების: „პოდპორუჩიკი კიჟე“ (1969) და „შენი სახელი“ (1970). როგორც მოცეკვავე მონაწილეობდა ფილმ–ბალეტში: „დიდი კონცერტი“ (1951); „რომეო და ჯულიეტა“ (1954) და ტელეეკრანიზაციაში „რაიმონდა“ (ა. გლაზუნოვი, 1973);

ალექსანდრე ლაფაურმა გასტროლებით მოიარა მრავალი ქვეყანა: დანია, იტალია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა.  მიღებული აქვს  I პრემია და ოქროს მედალი  ბუდაპეშტის მსოფლიო სტუდენტურ ფესტივალზე (1949); მისი მეუღლე იყო რაისა სტრუჩკოვა, ცნობილი ბალერინა და რეპეტიტორი. მათი ერთობლივი თხზულებაა «Как судят Терпсихору?» (1969); ლაფაურს ეკუთვნის აგრეთვე „მოგონებები ლავროვსკიზე“ («Воспоминания о Лавровском»,1983).

ბალეტმაისტერი დაიღუპა ავტოავარიაში 1975 წლის 6 აგვისტოს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენის სასაფლაოზე. 

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Лапаури,_Александр_Александрович

2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 6 . – თბ., 1993. – გვ. 143 

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ.,  2015. – გვ. 280


გააზიარე: