The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო მაჩაიძე

ნინო მაჩაიძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

უცხოეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებს შორის ნინო მაჩაიძემ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა შეიქმნა, თან სრულიად ახალგაზრდა ასაკში. ბოლოდროინდელი გამოკითხვებით იგი შედის მსოფლიოს საუკეთესო მომღერალ ქალთა პირველ ხუთეულში, ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვოკალისტია და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებში მოღვაწეობს.

ნინო მაჩაიძე დაიბადა თბილისში, 1983 წლის 8 მარტს. მშობლებს – თამაზ მაჩაიძესა და მარინა ჯავახიშვილს, პროფესიულ მუსიკასთან შეხება არ ჰქონდათ, მაგრამ კლასიკური მუსიკა უყვარდათ და შვილებსაც, ქალ–ვაჟს, ბავშვობიდანვე შეაყვარეს. მამა ახალგაზრდობაში უნივერსიტეტის გუნდში მღეროდა, ბანი ჰქონდა. დედა, პროფესიით ფილოლოგი, უნივერსიტეტში ასწავლიდა, მაგრამ მელომანი იყო და ნინოსაც პატარაობიდანვე ასმენინებდა კარგ ჩანაწერებს. 6 წლის ნინო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში შეიყვანეს, ფორტეპიანოს განხრით. 8 წლის ასაკიდან, პარალელურად, დაიწყო ვოკალის შესწავლა პედაგოგ დოდო დიასამიძესთან. ამ დროს უკვე დაბეჯითებით იცოდა, რომ საოპერო მომღერალი გახდებოდა, რაც საკმაოდ იშვიათია ასეთ მცირე ასაკში. მასწავლებლებს გულმოდგინედ უსმენდა და მათ ყველა რჩევას ითვალისწინებდა. გარდატეხის ასაკში, 10–დან 11 წლამდე პედაგოგების რჩევით საერთოდ არ მღეროდა, ხმას ზოგავდა. 14 წლის ასაკში, დამატებით, ნიჭიერთა ათწლედში შევიდა ფლეიტის განხრით  (პედაგოგი ა. ლომთაძე). ფლეიტა შეუყვარდა,  კონცერტებზეც გამოდიოდა, მაგრამ მისი საბოლოო მიზანი მომღერლობა იყო და ფლეიტაც სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ იგი ეხმარება დიაფრაგმას გაზრდაში, ანუ ზრდის სუნთქვას, რაც ვოკალისტისთვის ძალიან კარგია.   

16 წლის ასაკში ნინო მაჩაიძე გაემგზავრა საერთაშორისო კონკურსზე მოსკოვში, სადაც ოცდაათწლამდე ვოკალისტები მონაწილეობდნენ და პირველი პრემია მოიპოვა. 17 წლისამ ჩააბარა კონსერვატორიაში (პედაგოგი: თემურ გუგუშვილი). ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი იყო როცა დაიწყო სიმღერა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 2000–2005 წლებში არაერთხელ შეასრულა ცერლინას (მოცარტი, „დონ–ჟუანი“), ნორინას (დონიცეტი, „დონ–პასკუალე“), ჯილდას (ვერდი, „რიგოლეტო“) პარტიები.

2005 წელს ნინო კონკურსით ჩაირიცხა ლა სკალას ახალგაზრდა ვოკალისტთა აკადემიაში.  600 პრეტენდენტს შორის გამარჯვებული სულ 9 მომღერალი გახდა და მათ შორის სამი საქართველოდან – ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და ირინე კაპანაძე. სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელში, 2006 წელს, შედგა მისი დებიუტი ლა სკალას სცენაზე მარის როლით დონიცეტის ოპერაში „პოლკის შვილობილი“. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა შეთავაზებები სხვა როლებზე. ლა სკალაში იმღერა მან ჯაკომო პუჩინის ოპერებში: ლაურეტა – „ჯანი სკიკი“, მიუზეტა – „ბოჰემა“  და ნაიადა –  რიხარდ შტრაუსის ოპერაში „არიადნა ნაქსოსზე“ ( დირიჟორი ჯეფრი ტეიტი). 2007 წლის თებერვალში  იგი ვიხილეთ სილვიას როლში (მოცარტი, „Ascanio in Alba“). იმავე წლის მაისში წარმატებით იმღერა მარიას პარტია (დონიცეტი, „La fille du régiment“) რომის ოპერის თეატრში (Teatro dell’Opera di Roma). ამავე, 2007  წელს, გახდა ლეილა გენჩერის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი სტამბოლში.

აკადემიაში სწავლის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა ნინო მაჩაიძეს მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების კარი გაუხსნა. მომღერლის ინტერნაციონალური კარიერა 2008 წელს, ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალზე დაიწყო. მან როლანდო ვილასონთან წყვილში, შეასრულა ჯულიეტას როლი შარლ გუნოს ოპერაში „რომეო და ჯულიეტა“. ნინო მაჩაიძის გამოჩენა ამ როლზე დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ავსტრიელი პუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ამ სპეკტაკლში მიჩვეული იყო „ვარსკვლავური წყვილის“ ნეტრებკო–ვილასონის ნახვას. ამ წელს ანა ნეტრებკომ ოჯახური გარემოებების (ქორწინება და შვილის დაბადება) გამო ვერ შეძლო ფესტივალში მონაწილეობის მიღება და იგი ნინო მაჩაიძემ შეცვალა. ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და ღირსეული პარტნიორობა გაუწია თავის გამოცდილ და ცნობილ მეწყვილეს. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ დაიწერა რეცენზიაში, რომ „ზალცბურგის ფესტივალზე ნამდვილი ჰოლივუდური სტილის  ოპერის ვარსკვლავი დაიბადა“. ამ როლით ნინო კოვენტგარდენისა და ლაფენიჩეს საოპერო სცენების მსმენელთა წინაშეც წარსდგა.

დღეს ნინო მაჩაიძე ლა სკალას მსმენელების გარდა თავის მაღალმხატვრულ შემოქმედებას სხვა ქვეყნების ოპერის მოყვარულებსაც ჩუქნის: 2009 წლის აპრილი – პირველად თავის მუსიკალურ კარიერაში შეასრულა ლუჩიას პარტია (დონიცეტი, „ლუჩია დე ლამერმური“) ბრიუსელის სამეფო ოპერაში (Théâtre de la Monnaie); ამავე სეზონზე იმღერა ადინა „სიყვარულის ნექტარში“ ლა სკალასა და ბავარიის სახელმწიფო ოპერაში (მიუნჰენი), „პოლკის შვილობილი“ ბარსელონას „გრან თეატრში“, ელვირა – ბელინის „პურიტანებიდან“  ხუან დიეგო ფლორესთან ერთად ბოლონიის "Teatro Comunale"–ში. დონა ფიორელას პარტია ჯოაკინო როსინის ოპერაში „თურქი იტალიაში“ ვენის სახელმწიფო ოპერაში. მისი რეპერტუარი ყოველწლიურად იზრდება. სულ ახლახან იმღერა ვერდის „ტრავიატაში“. 

ჩრდილოეთ ამერიკაში ნინოს დებიუტი შედგა 2009 წლის სექტემბერში "Los Angeles Opera –ში „სიყვარულის ნექტარში“ გამოსვლით;  მომღერალი, აგრეთვე, დაუბრუნდა თავის ძველ როლს – ვერდის ჯილდას – რომელიც 2011 წლის იანვარში მეტროპოლიტენ ოპერაში შეასრულა. ამ წლის დანარჩენი თვეები მან ლოს–ანჯელესის ოპერის, ლა სკალასა და მიუნჰენის Bayerische Staatsoper-ის სცენებზე გაატარა. აღსანიშნავია მისი გამოსვლა ვერონის ფილარმონიულ თეატრში (ბიზე, „მარგალიტების მაძიებლები“) და მსოფლიოში სახელგანთქმულ „არენაზე“ ღია ცის  ქვეშ („რომეო და ჯულიეტა“).

ნინო მაჩაიძემ კონცერტებითა და ცნობილი არიებით მსოფლიო მოიარა. იგი მღერის მთავარ პარტიება, ხსნის და ხურავს საოპერო სეზონება. უკვე მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზი საოპერო მომღერლების ათეულში შეიყვანეს. მას ყველგან ოფიციალურად უწოდებენ „ლირიკის ანჯელინა ჯოლის“. იგი ხშირად ჩამოდის საქართველოში მასტერკლასებითა და საქველმოქმედო კონცერტებით.

2011 წლის 26 სექტემბერს მომღერალი დაქორწინდა იტალიელ ბარიტონ გვიდო ლოკონსოლოზე. ჰყავთ ერთი ვაჟიშვილი — ალესანდრო ლოკონსოლო. ნინო მეუღლესა და შვილთან ერთად მილანში ცხოვრობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, გადატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც მთელი წლით ადრე აქვს დაგეგმილი, მუდმივად ჰაერში უწევს ყოფნა, თან ალესანდროსაც დაატარებს და განაგრძობს საოპერო მწვერვალების დაპყრობას.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_მაჩაიძე

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Мачаидзе,_Нино 

3. www.easterfestival.ge/?address=news_inside&ukay=wI8u3hXqQDFyJIZdzrkc...

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ.,  2015. – გვ. 305

5. მაჩაიძე, ნინო. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სოპრანო ნინო მაჩაიძე : ინტერვიუ / ნინო მაჩაიძე ; ესაუბრა ნინო მურღულია // რეიტინგი. - თბილისი, 2015. - 20 აპრილი. - N16(652). - გვ.24-25[


გააზიარე: