The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თემურ ფაშა ხიმშიაშვილი

თემურ ფაშა ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1921  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თემურ ფაშა დაიბადა 1860 წელს, ზემო აჭარაში (ახლანდელი ხულოს რაიონი, სოფ. ქოჩახი), შერიფ–ბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში. განათლება მამამისის მიერ დაქირავებულ კერძო მასწავლებლებთან მიიღო. რუსეთის იმპერიის მიერ აჭარის შემოერთების შემდეგ იგი დაინიშნა ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელედ. ოსმალეთის მთავრობამ კი მას ფაშას ტიტული მიანიჭა. თემურ ფაშა იბრძოდა სამეფო თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914–1918) მან დიდი ძალისხმევა დახარჯა ბათუმის ოლქისა და მთლიანად აჭარის რეგიონის ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩენისთვის.

1877–1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ მეფის ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ხიმშიაშვილებისა და აჭარის სხვა ძლიერი და გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები სხვადასხვა წოდებებით და თანამდებობებით მოეხიბლა. მეორე მხრივ კი, ეროვნული ერთიანობისა და ცნობიერების შესასუსტებლად, აჭარიდან მოსაშორებლად სხვადასხვა სასჯელით იმპერიის სხვადასხვა კუთხეში ასახლებდა. სწორედ ამ მიზნით გადაასახლეს თემურ ფაშა ქუთაისში.

1918 წლის ბრესტ–ლიტოვსკის ხელშეკრულებით „ელვიე სელასე“, რომელიც 1878 წლის ომის შედეგად რუსეთს ჰქონდა მისაკუთრებული, კვლავ ოსმალეთს დაუბრუნდა. ამასთან დაკავშირებით, აჭარლების დელეგაცია თემურ ფაშას ხელმძღვანელობით სტამბოლში ჩავიდა სულთან ვაჰდეთინთან შესახვედრად. სულთანმა ისინი ილდიზის სასახლეში მიიღო და დიდი სიხარული გამოთქვა მათი კვლავ ერთად შეყრის გამო. შეხვედრის შემდეგ მან თემურ ფაშა პრივილეგიის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა და  „გენერალ–მაიორის“ სამხედრო წოდება მიანიჭა.

თემურ ფაშას ჰყავდა 13 შვილი. მათ შორის თავისი განათლებითა და საქმიანობით გამოირჩეოდა სელიმ ბეგი, რომელსაც სამხედრო განათლება რუსეთში, ქ. პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. სელიმის ერთ–ერთი ვაჟი – იაუზ ადჟარი გახლდათ თურქეთის რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) წევრი. სამწუხაროდ 1974 წელს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ხიმშიაშვილების უმეტესი ნაწილი თურქეთში ადჟარის გვარს ატარებს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გვარი აჭარიდანაა.  

თემურ ფაშა ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1921 წელს, ქოჩახში, თავის მამულში.

ქასაბი, მურად. თემურ ფაშა (ხიმშიაშვილი) // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - გვ.175-176

გოგიტიძე, მამუკა. თემურ-ფაშა ხიმშიაშვილი: გენერალ-მაიორი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 162

 


გააზიარე: