The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ მუსხელიშვილი

ვახტანგ მუსხელიშვილი
სხვა სახელი:ვახო  (შემოკლებული ფორმა)
VAHO MUSKHELI  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის უმცროსი ვაჟი, ვახტანგი 1957 წლის 31 მარტს დაიბადა თბილისში. იზრდებოდა პეროვსკაიას ქუჩაზე, პაპის საკმაოდ ცნობილი ოკულისტის ვახტანგ მუსხელიშვილის სახლში. სამი წლის იყო, როდესაც ოჯახი დღევანდელი იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე  გადავიდა საცხოვრებლად. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მუსხელიშვილებთან თბილისის საუკეთესო საზოგადოება – მეცნიერები და ხელოვანები იყრიდნენ თავს, მათი პროფესიული საუბრები პატარა ვახოსთვის უდიდესი გაკვეთილები იყო. ხატვა მისი ჰობი იყო ბავშვობიდან. პირველი ნახატები სახლის კედლებზე გააკეთა. მხატვრობას რომ სერიოზულად მოეკიდა დედის, ნანა სესიაშვილის დამსახურებაა. დედამ მისი ნამუშევრები შესაფასებლად მხატვრებს მიუტანა, შექებამ მომავალი მხატვარი წაახალისა, ოჯახშიც ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი მუშაობისთვის, ოთახი სახელოსნოდ გადაუკეთეს და იქ ხატავდა.

ბავშვობაში ვახტანგ მუსხელიშვილმა მონაწილეობა მიიღო თემურ ბაქრაძის ფილმში „შადრევანი“ (1972 წ.). რამდენიმე წლის შემდეგ კინოსტუდიის არქივში სინჯებისთვის გადაღებული ვახოს ფოტოები გორკის კინოსტუდიიდან ჩამოსულმა რეჟისორმა კოკორინმა ნახა და ფილმში გადასაღებად მოსკოვში მიიწვია, სადაც დედასთან ერთად წავიდა. მაგრამ ისე მოხდა რომ სიმაღლის გამო დაიწუნეს. „ლაზარეშიც“ მიიწვიეს, მაგრამ აქაც სიმაღლის შეუშალა ხელი.

ვახო მუსხელიშვილი ოთხი წელი ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. პირველი ორი წელი გამოუცდელობის გამო ძალიან გაუჭირდა. ოჯახის მეგობარი, ჯუნა მიქატაძე სახლში მიდიოდა და ხატვის გაკვეთილებს უტარებდა. მასთან ურთიერთობამ დიდი როლი ითამაშა მომავალი მხატვრის მსოფლმეხდველობის ჩამოყალიბებაზე. ჯუნა მიქატაძის მეშვეობით შეხვდა ჯიბსონ ხუნდაძეს, რომელმაც აუხსნა როგორ უნდა ეაზროვნა ფერით. მესამე კურსიდან ვახოს პროფესიულმა დონემ საგრძნობლად აიწია. ნიკოლაძის შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისი პედაგოგი გურამ ქუთათელაძე გახლდათ, რომელმაც ასწავლა როგორ უნდა ემუშავა ფერით. 1983 წელს სამხატვრო აკადემია დაასრულა და აკადემიაში პედაგოგად მიიწვიეს, სადაც ერთი წელი იმუშავა.

90-იან წლებში ვახტანგ მუსხელიშვილი ერთი თვით ამერიკაში მიიწვიეს, შვილი თბილისში დატოვა, რადგან დარჩენას არ გეგმავდა. თბილისში სამოქალაქო ომის დაწყების გამო  მშობლები დროებით ამერიკაში დარჩენას სთხოვდნენ. 1991 წ. დედამ შვილიც ჩაუყვანა შტატებში.

26 წელია უკვე სიეტლში ცხოვრობს, თავიდან იქ ცხოვრება რთული იყო. „ერთი თვით წავედი და  შევრჩი 26 წელი... სამი წელი თუ მეტი, ფუნჯისთვის ხელი არ მომიკიდია, რაღას არ ვაკეთებდი, არც მინდა გახსენება“, – ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში მხატვარი. მერე ფერწერაში დაიწყო მუშაობა, გამოფენებიც ჰქონდა, პარალელურად ღამის სამუშაოებს ასრულებდა. შემდეგ სიეტლში სტუდენტებთან მუშაობდა პერიოდულად. ხელოვნების ცენტრის კლასებში ლექციებს კითხულობდა ხელოვნების ისტორიაში.  ცხოვრობს  მეუღესთან რუსულ–გერმანული სისხლის ქალბატონ ვერონიკასთან (სპეციალობით ბიოლოგი, ადგილობრივი უნივერისტეტის მეცნიერ–თანამშრომელი). ვახო მუსხელიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, დავითი, რომელმაც მერილენდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა.

მხატვარი ამბობს, რომ:  „წარმატება ამერიკაში პირობითია – იქ მას მუდმივი ხასიათი არ აქვს. წარმატებული ხარ, მერე მთავრდება, მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი და ასე გრძელდება დღემდე...“

ვახო მუსხელიშვილი დღესდღეობით აღიარებული მხატვარია, როგორც ამერიკაში ისე სამშობლოში, აწყობს გამოფენებს, მისი ნამუშევრები აინტერესებთ, მოსწონთ და იყიდება.

წყარო:

1. თანამედროვე ალტამირა / ბელა ჩეკურიშვილი // 24 საათი. - თბილისი, 2012. - 29 ივნისი. - N3051 (144). - გვ.A6.

2. შთამბეჭდავი და მისტიური... / ნანა ლომიძე // 24 საათი. - თბილისი, 2013. - 17 მაისი. - N3281 (88). - გვ.36-37.

3. სიეტლიდან თბილისამდე გასავლელი დარჩა ლელო... / თამაზ ებანოიძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012. - 26 ივნისი. - N120 (6996). - 9 გვ.

4. მხატვარი, რომელსაც სიმაღლემ ხელი შეუშალა, მსახიობი გამხდარიყო : ცხოვრება / ვახტანგ მუსხელიშვილი ; ესაუბრა ანა კალანდაძე // რეიტინგი. - თბ., 2008. - ISSN 1987-51431. - N39. - გვ.50-51.

5. 1. http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2012&art=5690

6. ვახტანგ მუსხელიშვილი = Vaho Muskheli : [გამოფენის კატალოგი] / თარგმანი ირმა ხვედელიძე ; ფოტო რიჩარდ ნიკოლი ; ბაია გალერეა. თბილისი, 2014.


გააზიარე: