The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ბერიძე

ალექსანდრე ბერიძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი–აბსტრაქციონისტი ალექსანდრე ბერიძე დაიბადა ლენინგრადში, 1975 წლის 31 ივლისს. იგი საბჭოთა მხატვარ ფედორ ხოლენკოვის შვილიშვილია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. 2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში. მუშაობდა გრაფიკოს დიზაინერად და ინტერიერის დიზაინერად პარიზის წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. ამ პერიოდში გაიცნო ფილიპ სტარკი და ორი წლის მანძილზე მის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში ეუფლებოდა მინიმალიზმის ხელოვნებას -–„Less is more“. ხშირად აფორმებდა ვიტრინებს ცნობილ დიზაინერთა პარიზულ ბუტიკებში: Kenzo, Sonia Rykiel, Galeries Lafayette და სხვა. 2012 წელს გააფორმა გასტრონომიული („მიშლენის“) რესტორანი„Le Parvis” საფრანგეთის ქალაქ Saintes–ში. მხატვრის არაერთი პროექტი განხორციელდა მოსკოვსა და ბაქოში მაგ.: ბუტიკი „Lux Emotion“ მოსკოვის სავაჭრო ცენტრში – „Времена Года“.

ალექსანდრე ბერიძე 2005 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებში. იგი საფრანგეთის მოქალაქეა და მოღვაწეობს რიშელიე–ბერიძის გვარით. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მისმა პერსონალურმა გამოფენამ პარიზის Adler Gallery–ში, 2011 წელს, რომელსაც „Le Figaro“–ს მთავარმა რედაქტორმა ბერტრანდ საინტ ვინსენტმა გაზეთის პირველ სვეტში მიუძღვნა სტატია (2011, 8 მარტი). ამჟამად მისი გამოფენები ეწყობა მთელ მსოფლიოში – საფრანგეთში, მონაკოში, ინგლისში, ამერიკაში, რუსეთში... მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა

Art Paris Art Fair–ში და ფლორენციის ბიენალეში 2011 წელს, ხოლო, 2014 წელს პერსონალური გამოფენა მონაკოს „Art House“–ში.

2014 წელს მხატვარი გახდა სანდრო ბოტიჩელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც ყოველწლიურად ანიჭებენ ფლორენციაში თანამედროვეობის გამოჩენილ ხელოვანთ. 2013 და 2014 წლებში მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებთა ლონდონის აუქციონებში: Phillips de Pury, “Under the Influence”; მისი ნახატები ბევრი ცნობილი პიროვნების კერძო კოლექციაშია.

ხელოვნების კრიტიკოსები ალექსანდრე ბერიძის ნახატებში განსაკუთრებით აღნიშნავენ ფერთა მდიდარ პალიტრასა და უნარს სხვადასხვა ტექნიკითა თუ გრაფიკული სახეებით ერთმანეთთან დააკავშიროს აბსტრაქცია და გეომეტრია. მის ნამუშევრებში ცენტრალურ გამოსახულებებს წარმოადგენენ გეომეტრიული პროპორციები და ხაზები. თავის მხატვრულ სტილს მხატვარი ექსპრესიულ სუპრემატიზმს უწოდებს. მისი კუმირები და მასწავლებლები არიან – რუსული ავანგარდი და ექსპრესიული აბსტრაქციის ნიუ–იორკის სკოლა. რამდენიმე წლის წინ ალ. რიშელიე–ბერიძემ დააფუძნა სამხატვრო მოძრაობა „Free Painters“, რომელიც ხელოვან ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მათი მიზანია სიტყვები „ხელოვნება“ და „მშვენიერება“ ერთ მცნებად აღიქმეოდეს, როგორც ეს თავდაპირველად იყო. „თანამედროვე ხელოვნება სავსეა სოციალური პრობლემებით, მე კი მინდა რომ ჩემმა სურათებმა ადამიანები ოცნებებში ჩაძირონ და მათში სილამაზის შეგრძნება გააღვივონ“, – ამბობს მხატვარი.    

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Беридзе,_Александр 

2. cotemagazine.com/en/bereg/item/1127-l-s-ndr-rish-li-b-ridz 



გააზიარე: