The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე რაზმაძე

ალექსანდრე რაზმაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1845
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1896  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მუსიკისმცოდნე, პიანისტი და კომპოზიტორი ალექსანდრე რაზმაძე დაიბადა 1845 წლის 2 თებერვალს ქალაქ პენზაში. მამამისი, პოეტი სოლომონ რაზმაძე იყო 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე. იგი 1833 წელს დააპატიმრეს თეირანში, სადაც რუსეთის საკონსულოს მთარგმნელად მუშაობდა. გასამართლების შემდეგ, 1934 წელს, გადაასახლეს ქალაქ პენზაში. რუსეთში სამუდამოდ გადასახლებულ სოლომონ რაზმაძეს ცოლად შეურთავს პენზის მაზრის სოფლების პურის სამარქაფო მაღაზიათა მზრუნველის, კოლეჟსკი ასესორის ივანე ივანეს ძე მეშკოვის უმცროსი ქალიშვილი ელისაბედ მეშკოვა, რომელთანაც შესძენია ვაჟი ალექსანდრე. მიუხედავად ხელმოკლეობისა სოლომონს საფუძვლიანი განათლება მიუცია ერთადერთი შვილისთვის.

ალექსანდრე რაზმაძის მოღვაწეობა მეტად მრავალმხრივია. იგი იყო მუსიკისმცოდნე, პიანისტი, კომპოზიტორი, ლიტერატორი და მთარგმნელი. მისი პუბლიცისტურ–კრიტიკული წერილები უხვადაა გაბნეული მოსკოვისა და პეტერბურგის იმდროინდელ ჟურნალ–გაზეთებში.

ალექსანდრე რაზმაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1870–1880–იანი წლების მოსკოვის მუსიკალურ ცხოვრებაში. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ შეტანილია რიმანის, ბროკჰაუზისა და სხვათა ენციკლოპედიურ ლექსიკონებში.

ალექსანდრე ყმაწვილობიდანვე გამოირჩეოდა ცოცხალი გონებით და მუყაითობით. 1862 წელს მან ბრწყინვალედ – ქების სიგელითა და ოქროს მედლით დაამთავრა პენზის გიმნაზიის სრული კურსი და იმავე წელს, 17 წლის ასაკში შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამავე დროს ბავშვობიდანვე ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას.

1860–იან წლებში მოსკოვში მუსიკალური ცხოვრება ჩქეფდა. „რუსული მუსიკალური საზოგადოების“ მიერ მოწყობილ კონცერტებში მონაწილეობდნენ რუსეთისა და ევროპის გამოჩენილი მუსიკოსები. მოსკოვის მრავალფეროვანმა და ინტენსიურმა საკონცერტო პროგრამებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ალექსანდრეზე, რომ მან თავი დაანება იურისპრუდენციის შესწავლას და 1867 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ქალაქ ლაიპციგის კონსერვატორიაში შეისწავლა მუსიკის თეორია (პედაგოგი: მორიც ჰაუპტმანი) და ფორტეპიანოზე დაკვრა (ეგნატე მოშელესის ხელმძღვანელობით).

1869 წელს ალექსანდრე რაზმაძემ წარმატებით დაამთავრა ლაიპციგის კონსერვატორიის ფორტეპიანოსა და მუსიკათმცოდნეობის დარგი. იმავე წელს დაბრუნდა მოსკოვში და  ნიკოლაი რუბინშტეინის მიწვევით მუშაობა დაიწყო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასის უმცროს პედაგოგად; ამასთანავე, როგორც მეცნიერულად მომზადებულს, კონსერვატორიის პედაგოგიურმა სამხატვრო საბჭომ 1870 წელს ჩააბარა მუსიკის ისტორიის კათედრა; იმავე წელს იგი ამ საგნის პროფესორად და კონსერვატორიის საერთო (სამხატვრო) საბჭოს წევრად აირჩიეს. 1875 წლამდე ალექსანდრე რაზმაძე ინტენსიურად იღვწოდა ორივე კათედრაზე და ამავე დროს  ითვლებოდა დირექტორის, ნ. რუბინშტეინის მოადგილედაც.

1875 წელს ხშირი ავადმყოფობის გამო ალექსანდრე რაზმაძემ თავი დაანება კონსერვატორიაში მუშაობას და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაზე გადავიდა. პარალელურად ქმნიდა მუსიკასაც. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო რომანსი და მცირე ფორმის საფორტეპიანო ნაწარმოები, რომლის ნაწილიც ინახება საქართველოს თეატრალური მუზეუმის მუსიკალურ განყოფილებაში (1870–1880 წწ. გამოცემები); 1888 წელს, მოსკოვში, რუსულ ენაზე გამოვიდა მისი კაპიტალური ნაშრომი „მუსიკის ისტორიის ნარკვევები დაწყებული უძველესი ხანიდან მეცხრამეტე საუკუნემდე“, ოთხ ნაწილად: 1. წინასაქრისტიანო ხალხების მუსიკა; 2. დასავლეთ ევროპის მუსიკა საოპერო სტილის განვითარებამდე; 3. საოპერო სტილი და მუსიკალური ხელოვნების განვითარება XVIII საუკუნის დამლევამდე; 4. მუსიკის კლასიკოსები, რომანტიკოსები და დასავლეთ ევროპის ოპერა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.

ალექსანდრე რაზმაძე ღრმად ფლობდა მუსიკის თეორიულ საგნებს, განსაკუთრებით ჰარმონიას. კონსერვატორიაში მოღვაწეობის წლებში მას შეუდგენია ჰარმონიის ამოცანათა კრებული, რომელშიც 109 მაგალითი იყო შეტანილი. ეს წიგნი 1880 წელს დაიბეჭდა მოსკოვში. გარდა ამისა, ხშირად აქვეყნებდა წერილებს მუსიკასა თუ სხვა თემებზე  სხვადასხვა პერიოდულ გაზეთებსა და ჟურნალებში: „Музыкальный вестник“, „Музыкальный сезон”, „Музыкальный листок”,  „Русское слово“, „Русский курьер“, „Русские ведомости“; თარგმნიდა მუსიკალურ ტექსტებს ფრანგულიდან, გერმანულიდან და ლათინურიდან; მის კალამს ეკუთვნის დიდი მოცულობის ნაშრომი „ვოლგა“, რომელიც 1896 წელს დაიბეჭდა კიევში. ეს ისტორიულ–ლიტერატურული ნარკვევი მოგვითხრობს ვოლგისპირა ქალაქებზე, მოსახლეობის ყოფაცხოვრებასა და წარსულზე.

სამწუხაროდ ალექსანდრე რაზმაძის პირადი არქივი, ავტოგრაფები და ეპისტოლარული დოკუმენტები დაკარგულია. გადარჩა მხოლოდ მცირე რაოდენობის კერძო წერილები, რომლებიც ინახება საკავშირო მუსიკალური კულტურის მუზეუმში და თბილისის თეატრალურ მუზეუმში.   

ალექსანდრე რაზმაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1896 წლის 14 მარტს, 51 წლის ასაკში, ისე რომ ვერ მოესწრო უცნობი სამშობლოს, საქართველოს ნახვას.

წყარო:

1. მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.398 

2. მშველიძე, . ალექსანდრე რაზმაძე // საბჭოთა ხელოვნება. - , 1956. - N2. - გვ.35-40


გააზიარე: