შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გია მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიაგია (გიორგი) ოთარის ძე მელიქიშვილი დაიბადა თბილისში, 1939 წლის 9 დეკემბერს. 1961 წელს დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ ვიოლინოს განხრით. პედაგოგი: ლუარსაბ იაშვილი. მასთანვე განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1962–1966). ჯერ კიდევ მუსიკალურ ათწლედში სწავლის დროს გია მელიქიშვილმა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ალექსი მაჭავარიანის ძალზე რთული სავიოლინო კონცერტი. მასთან ერთად სოლო პარტიას ასრულებდა მაშინდელი მუსიკალური სამყაროს კორიფე, პიანისტი ალექსანდრ იოხელესი, რომელმაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა ახალბედა მევიოლინეს. ამ კონცერტმა საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ უკრავდა ჯერ საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში, შემდგომ კი სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში და არაერთგზის გახდა იმ თავბრუდამხვევი წარმატების მონაწილე, რომლითაც ეს კვარტეტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ სამყაროს აოცებდა. 1992 წელს შეიქმნა რადიოსა და ტელევიზიის სიმებიანი კვარტეტი: გია მელიქიშვილი (I ვიოლინო), ია ხინთიბიძე (ვიოლინო), ტატო ხარაძე (ალტი) და რეზო მაჩაბელი (ჩელო). ომისა და გაჭირვების გამო საქართველოში მუსიკისთვის არავის ეცალა, კვარტეტს კი უამრავი ქვეყანა იწვევდა თავისთან სამუშაოდ და... ერთი წლის შემდეგ ქართველი მუსიკოსები საფრანგეთში გაემგზავრნენ. უცხოეთში მათ თავიანთ კვარტეტს „თბილისი“ დაარქვეს და სულ მალე იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ მათ გარეშე თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალსა თუ დღესასწაულს არ ჩაუვლია, არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქალაქებში. გია მელიქიშვილს მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. მის რეპერტუარში შედიოდა: ქართული ნაწარმოებები – ს. ნასიძე, სიმებიანი კვარტეტი, N1; სიმებიანი კვარტეტი N2; მ. დიაკვნიშვილი, „მუსიკა სიმებიანი კვარტეტისათვის“; ს. ცინცაძე, სიმებიანი კვარტეტი N7; ი. ბარდანაშვილი „საფორტეპიანო ტრიო ბიზეს ხსოვნისადმი"; უცხოური ნაწარმოებები: ვივალდი, კონცერტი ორი ვიოლინოსათვის (ლიანა ისაკაძესთან ერთად); ბარტოკის დივერტისმენტი და სხვ. 1999 წელს გია მელიქიშვილმა კონცერტი გამართა მონატრებულ თბილისში, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ თანხლებით. შესრულდა ბახისა და ვივალდის კონცერტები ორი ვიოლინოსთვის. ვირტუოზ მევიოლინეს პარტნიორობას უწევდნენ მისი მეგობრების ვაჟები, მისივე მოსწავლე – მევიოლინე პაატა ჭანტურიშვილი და დირიჟორი გოგა შილაკაძე. 2009 წლის დეკემბერში თბილისში, გოეთეს ინსტიტუტის საკონცერტო დარბაზში გია მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. თბილისის კამერულ ორკესტრს გოგა შილაკაძემ უდირიჟორა.
1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316 2. arqivi.net/.../როცა-საფრანგეთის-პოპულარულ-სიმფონიურ-კვარტეტს--თბილის.. 3. 1tv.ge/ge/news/view/10100.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |