The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
სხვა სახელი:ქაქუცა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1930  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

„იგი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი და უაღრესად კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისბებით დაეჯილდოვებინა ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მას ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო იგი დაბადებული“, – ამ სიტყვებით ახასიათებდა ალექსანდრე სულხანიშვილი საქართველოს ეროვნულ გმირს, სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს.

ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელის, ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი იყო. დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ მატაანში, იოსებ  ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში და სამშობლოში ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, რომელთანაც ორი ქალიშვილი თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.

ქაქუჩა ჩოლოყაშვილი იბრძოდა I მსოფლიო ომში. 1914 წელს დაჭრეს ავსტრიის ფრონტზე, საიდანაც იგი კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს და როგორც დაჭრილი ზურგის ჯარში ასეულის უფროსად დანიშნეს. ოსმალეთის ფრონტზე მან არნახული სიმამაცე გამოიჩინა მისმა ასეულმა ოსმალებისგან უკან დაიბრუნა სტრატეგიული სიმაღლე „მთის არწივი“. ამ ბრძოლაში ქაქუცა მკერდში დაიჭრა, თუმცა მაინც მოახეხა სიმაგრის შენარჩუნება. მძიმედ დაჭრილმა მკურნალობის კურსი წმინდა ნინოს ქართულ ლაზარეთში გაიარა ექიმ მუხაძის მეთვალყურეობით. სარაყამიშის დაცვისთვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.  როდესაც ქართული ცხენოსანი რაზმი ჩამოყალიბდა, იგი ერთ–ერთი პირველი ჩაეწერა და სპარსეთის ფრონტს მიაშურა, სადაც შეასრულა შესანიშნავი რეიდი – თავისი ასეულით გაიარა მესოპოტამიის უდაბნო და ინგლისელებს შეუერთდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში მსახურობს. იგი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა, თავის უპირველეს მოწოდებას მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სამსახურში ხედავდა და საქართველოს ინტერესების დასაცავ ყველა სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა.

რუსეთის მიერ სამეგრელოს ოკუპაციის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნოე ჟორდანიას მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყოლია. იგი, გენერალ დავითა ჭავჭავაძესთან ერთად, მთავრობის დავალებით ცხენოსანთა ნაწილის ჩამოსაყალიბებლად სამეგრელოში იმყოფებოდა. სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა და პარიტეტული კომიტეტის მეთაურ კოტე აფხაზთან (ილია ჭავჭავაძის დისშვლი) ერთად დაგეგმა წინააღმდეგობის მოძრაობა. ქაქუცა კახეთში გადავიდა და შეადგინა პატრიოტთა მცირე ჯგუფი „საქართველოს შეფიცულები“, რომელმაც პარტიზანული ბრძოლის დაწყების ორგანიზება მოახდინა მთელ საქართველოში და შექმნა ფარული რაზმები მის სხვადასხვა კუთხეში. 1921 წლის ივლისში ქაქუცამ სანდო ხალხი გაგზავნა გორისა და დუშეთის მაზრებში ფარული ეროვნული ორგანიზაციების შესაქმნელად.

1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქიზიყიდან თავის შეფიცულთა რაზმით ტყეში გავიდა. პირველი ექვსი კაცი, რომლებთან ერთადაც იგი პირველად დაბანაკდა ალვანის ტყეში, იყვნენ – მიხა ბალიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, სიმონ ჩითანიშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. შემდეგ მათ სხვა თანამოაზრეებიც შეუერთდნენ. პირველი შეტაკება ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და შეფიცულებს წითელარმიელებთან მოუხდათ სიღნაღთან 1922 წლის ივნისში და უცხოეთში წასვალმდე ეს ბრძოლა არ შენელებულა – ეს იყო თავგანწირული ბრძოლა მტრის ჭარბ და კარგად შეიარაღებულ რაზმებთან. პარტიზანული ბრძოლის ხასიათი ქაქუცა ჩოლოყაშვილს აიძულებდა, დიდი რაზმი არ ჰყოლოდა, მაგრამ ჰყავდა უამრავი მომხრე და მხარდამჭერი. შეფიცულები ადგილს მოულოდნელად იცვლიდნენ: ხან სიღნაღის მაზრაში იყვნენ, ხან თელავისაში, ხან ქართლში ან დუშეთის მაზრაში.

1922 წლის ზაფხულში ქაქუცამ წამოიწყო ხევსურეთის აჯანყება, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა ჩეჩნეთში  გადასულიყო, თუმცა შემოდგომაზე კვლავ უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ მთავარი ამბოხება, რომლეშიც დასავლეთ საქართველოც მონაწილეობდა, დამკომმა (დამოუკიდებლობის კომიტეტი) 1924 წლის 17 აგვისტოს  დანიშნა, მაგრამ შეუთანხმებლობის გამო 29 აგვისტოს ღამის ორი საათისთვის გადაიდო. მანამდე 1923 წლის დეკემბერსი ქაქუცა თავისი ორი შეფიცულით საიდუმლოდ ჩამოვიდა თბილისში დამკომთან პირისპირ მოსალაპარაკებლად და აჯანყების საერთო გეგმის შესამუშავებლად. ეს მისი მხრიდან გაუფრთხილებელი ნაბიჯი იყო, რადგან ბოლშევიკები მას ყველგან დასდევდნენ მოსაკლავად. ქაქუცა თავის რაზმით მანგლისში დაბანაკდა და თბილისთან მუდმივი კავშირი ჰქონდა.  24 აგვისტოს დამკომი და გენერალი ჭავჭავაძე ქაქუცას ბანაკს შეუერთდნენ. 28 აგვისტოს, ბედენის მთაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა კ. ანდრონიკაშვილმა ქაქუცას აჯანყების დროშა გადასცა. თუმცა ჭიათურაში აჯანყება 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც გამოიწვია არეულობა, ძალთა დაქსაქსვა და ამბოხება განწირული აღმოჩნდა. ჭიათურაში ამბოხების ერთი დღით ადრე დაწყებას ჭიათურის მადნეულის სალაროს გატეხა–გაძარცვით ხსნიან. აჯანყება გაცემული იქნა, მაგარმ ქაქუცამ მაინც სცადა აჯანყების აღმოსავლეთ საქართველოში დაწყება. ქაქუცას რაზმი 29 აგვისტოს ღამით თავს დაესხა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს და მანგლისი აიღო, შემდეგ ქართლში გადავიდა, 3 სექტემბერს დუშეთიც აიღო. აქედან იგი ერწოში გადავიდა, სადაც სვიმონიანთ ხევში 6 სექტემბერს დიდი ბრძოლა გადაიხადა. ამასობაში დამკომმა გაავრცელა პროკლამაცია, სადაც აჯანყებას დამარცხებულად თვილიდა და ხალხს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.  დამკომის წევრების დაპატიმრების შემდეგ ქაქუცამ კვლავ სცადა ბრძოლის გაგრძელება, კახეთში გადაიხადა ხევ–გრძელას ცნობილი ბრძოლა, იბრძოდა ბორჩალოსა და თეთრიწყაროში, მაგარმ ძალები მეტად არათანაბარი იყო. ერთ–ერთი შეტაკებისას მოუკეს ძმა, მძევლად ჰყავდათ მეუღლე და ქალიშვილები, აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს მისი სიმამრი.

შეფიცულები დარწმუნდნენ რა აჯანყების უპერსპექტოვობაში გადაწყიტეს საზღვარგარეთ წასვლა.  1924 წლის სექტემბერში ქაქუცა 26 შეფიცულთან ერთად ჯერ თურქეთში გადავიდა, იქიდან კი საფრანგეთს მიაშურა. იგი პარიზში დასახლდა. მას არ უნდოდა შეფიცულების დაქსაქსვა, ამიტომ ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა. პარიზის ჰავამ ქაქუცაზე ცუდად იმოქმედა, დაეწყო ავადმყოფობა, გაეხსნა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებული ჭრილობა, რასაც თან ტუბერკულიოზი დაერთო. სამკურნალოდ ოსტაუს სანატორიუმში გაგზავნეს. პარიზიდან ცნობილმა ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ ჩააკითხა, მაგრამ მისი ჩასვლიდან ორ დღეში 1930 წლის 29 ივნისს ქაუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი პარიზში, ბერძნულ ეკლესიაში გადაასვენეს და პარიზთან ახლოს, სენტ–უანის სასაფალაოზე დაკრძალეს.  მსისი ცხედარი 10 კილომეტრის მანძილზე ხელით ატარეს.  დაკრძალვის ცერემონია კინოფირზე გადაიღეს და წლისთავზე, 1931 წლის 27 ივნისს აჩვენეს პარიზში მისი ხსოვნის საღამოზე. 1930 წლის 23 ოქტომბერს სენტ–უანის სასაფალაოზე ქაქუცას ძეგლი გაიხსნა. მოგვიანებით გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 20 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

წყარო:

1. ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვაჟა შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ. 363-366.

2. ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.199-200.

3. ქაქუცა ჩოლოყაშვილი : (1888-1930) // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე; რედ.: ო. ჯანელიძე. - თბ., 2012. - გვ.145-198.

4. ქაქუცა ცხოვრებაში და მისი გარდაცვალება // მოგონებები შეფიცულთა რაზმზე / ალექსანდრე სულხანიშვილი. - თბილისი, 2007. - გვ. 272-281. 

5. ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - საქართველოს ეროვნული გმირი (1888-1930 წწ.) // დიდი ქართველები : ცხოვრების ქრონიკები / ტარიელ ზოზრაშვილი. - თბილისი, 2008. - ISBN 978-99940-53-86-5. - გვ. 315-325.


გააზიარე: