The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელენე პეპი ბოჭორიშვილი

ელენე პეპი ბოჭორიშვილი
Date of birth:11 January, 1966  (58 years)
Category:Writer

Biography

ელენე პეპი ბოჭორიშვილი ქართველია, ცხოვრობს კანადაში, წერს რუსულად და ერთ–ერთ ინტერვიუში თავის ლიტერატურულ სტილს ასე ახასიათებს: „ვფიქრობ, ყოველ ახალშობილ ბავშვში რაღაც რიტმებია ჩადებული. ბავშვი ამ რიტმს ან გარეთ გამოუშვებს, ან შიგნით დაიტოვებს. ჩემშიც არსებობს, რიტმი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მე მასში სიტყვებს ვდებ. რიტმს ვერ შეცვლი, ის სტილივითაა, მოდის და მორჩა. ერთადერთი, რაც დროთა განმავლობაში იცვლება, ის არის, რომ შენ შენსავე რიტმს უმეგობრდები. თანდათან უკეთ გესმის არსი და, შესაბამისად,  მოკლდება მანძილი სათქმელსა და რეალურად ნათქვამს შორის, არ მიყვარს წიგნში ზედმეტი „არასაჭირო“ ნაწყვეტები, რომლებიც ტექსტში მხოლოდ იმ მიზნით შეაქვთ, რომ წიგნს წონა შესძინონ. რიტმი მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ვითვლი რიტმს, ვითვლი ბგერებს წინადადებაში...“

ელენე პეპი ბოჭორიშვილი თბილისში დაიბადა, 1966 წლის 11 იანვარს. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟის სახელი „მოლოდიოჟ გრუზიის“ რედაქციაში დაიმსახურა. ცამეტი წლის ასაკიდან რუსულად წერდა სტატიებს, იყო  ცნობილი რუსულენოვანი სპორტული ჟურნალისტი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ერთ–ერთმა პირველმა დაწერა ბეისბოლზე. იყო მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი, მთავარი რუსულენოვანი სპორტული გაზეთის, „სოვეტსკი სპორტის“, ერთ–ერთი პირველი უცხოელი კორესპონდენტი. თანამშრომლობდა გაზეთ „ლელოსთან“, რომლისთვისაც სტატიებს რუსულად წერდა, მაგრამ მის პუბლიკაციებს ხალისით თარგმნიდნენ, რადგან რაც უნდა პატარა მასალა ყოფილიყო, მასში სიღრმესაც იპოვიდა მკითხველი და დაუვიწყარ შტრიხებსაც.

1992 წელს ელენე ბოჭორიშვილმა ექვსთვიანი მიწვევა მიიღო კანადის უნივერსიტეტიდან და  მას მერე კანადაში ცხოვრობს. მალევე მიხვდა, რომ ჟურნალისტიკაში, ენის ბარიერის გამო, დიდი მომავალი არ ექნებოდა, ამიტომ დაიწყო ფიქრი, კიდევ რისი დაწერა შეეძლო და... 1997 წელს დაიწერა მისი პირველი რომანი „ჟუჟუნა წვიმა“.

ელენე ბოჭორიშვილი ახალი ჟანრის პიონერია, მან დაამკვიდრა რომანის ახალი სახეობა, – Roman stenographiuque - სტენოგრაფიული რომანი, რომელიც დახვეწილი, მოკლე ფრაზებით და იუმორით  არის დაწერილი. ამ სტილითაა დაწერილი მისი ყველა ნაწარმოები („მამაჩემის თავი“, „ჯადოსნური მალამო“, „ჩემი ტკბილი ბებრუცუნები“, „ოპერა“, „ჟუჟუნა წვიმა“ , „მშვენიერი ცხოვრება“, „მხოლოდ ლოდინი და ყურება“, „ფაინა, ანუ როიალის ამბავი“, „სოვკი“). მის რომანებს იცნობენ შესანიშნავი ფრანგული თარგმანის წყალობით. არსებობს ელენეს რამდენიმე ნაწარმოების იტალიური, რუმინული, პორტუგალიური, ჩეხური და ქართული თარგმანები.

რუსეთში გამოცემულია მისი წიგნები „Только ждать и смотреть“, „Голова моего отца“, რომელთაც დაიმსახურეს არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი მკითხველის, არამედ თანამედროვე რუსი მწელობის ცნობილი წარმომადგენლების მაღალი ყურადღებაც. მწერალ ვლადიმერ სოროკინის შეფასებით – „ელენე ბოჭორიშვილი გამორჩეული ლიტერატურული ოპტიკის მქონე ბრწყინვალე პროზაიკოსია: ზუსტი, მგრძნობიარე, დაუნდობელი“. მიუხედავად  ინტერესისა ელენეს  შემოქმედების დიდი ნაწილი ორიგინალის ენაზე გამოცემული ჯერაც არ არის.

ელენე ბოჭორიშვილს ჰყავს ფრანგული წარმოშობის კანადელი მეუღლე და ვაჟი – გიორგი.

წყარო:

1. წარმოგიდგენთ ემიგრანტ მწერალს ელენე პეპი ბოჭორიშვილს . – თბილისი . – 2016.

2. ბერძენიშვილი, ლევან. სტენოგრამის მაგია : ელენე ბოჭორიშვილის პროზა / /  ბოჭორიშვილი, ელენე პეპი. სტენოგრაფიული რომანები . - თბილისი, 2016. – გვ. 9-27.

3. კაკაბაძე, დავით. პეპი კიდევ დაწერე რამე // ბოჭორიშვილი, ელენე პეპი. სტენოგრაფიული რომანები. – თბილისი, 2016 . – გვ. 215-223

Awards and Honors

  • 2012 - ფესტივალ "რუსოფონიას" პრიზი
    "მამაჩემის თავის" რუსულიდან ფრანგულად თარგმნისთვის
  • 1988 - წლის საუკეთესო რეპორტიორი
  • 1988 - სახელმწიფო ჯილდი ჟურნალისტიკაში, "მოკლე სტატია"

Share: